ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბერნი სანდერსმა დღეს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ჰილარი კლინტონს მისცემს. მისი თქმით, დონალდ ტრამპის, რესპუბლიკელთა სავარაუდო ნომინანტის თეთრი სახლისკენ სვლის შეჩერება მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

“ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი დამარცხდეს. ვფიქრობ, რომ ტრამპი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ნიშნით უბედურების მომტანი იქნება” - განაცხადა სანდერსმა MSNBC-სთან საუბარში. ამ განცხადების მიუხედავად, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ჰილარი კლინტონს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, საპრეზიდენტო კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ივლისის კონვენციამდე აგრძელებს.

თავად დონალდ ტრამპი საქმიანი ვიზიტით შოტლანდიაში იმყოფება. საჯარო განცხადებაში ის დღეს ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების გადაწყვეტილებას შეეხმიანა. "ხალხს საკუთარი ქვეყნის უკან დაბრუნება უნდა. მათ გარკვეული გაგებით დამოუკიდებლობის ქონა სურთ. ამას მთელი ევროპის მასშტაბით ვხედავთ, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ბევრი შემთხვევაა, როცა ხალხს საკუთარი საზღვრების დაბრუნება სურს, თავისი ფულის ერთეულის დაბრუნება, ბევრი სხვა რამის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის. ვფიქრობ, მსგავსი რამის მომსწრე კიდევ ბევრგან გავხდებით. იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც" - განაცხადა რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა.

XS
SM
MD
LG