ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავს. სტრასბურგში გაგზავნილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეჩერების შანსები ძალიან სუსტია. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მსგავს ზომებს მისი თქმით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად, სიცოცხლის გადასარჩენად მიმართავს.

2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის წილის 60% -ის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში და დანარჩენის კი - შპს „პანორამა“. „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის წინა მფლობელები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები, ტელეკომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების ჩარევის ნიშნებს ხედავენ. მათი განცხადებების მიხედვით, „რუსთავი-2“-ის დაბრუნების სურვილი ქიბარ ხალვაშს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უკარნახა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მასში ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმეს „მძიმე მემკვიდრეობას“ უწოდებს, რომელმაც „უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია“. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს „პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად“. ის „ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG