ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ეკონომიკური განვითარების მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს


 რუსეთში ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
რუსეთში ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი ფული გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯეს. ულიუკაევი ბრალდებას უარყოფს. მიმომხილველები და დამკვირვებლები ეჭვის თვალით უყურებენ ბრალდებებ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, და კრემლის შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს. დაპირისპირება მიმდინარეობს იმ ორ ჯგუფს შორის, რომელთაგანაც ნაწილი ეკონომიკის სახელმწიფოს კონტროლზე აყვანას ემხრობა, ხოლო მეორე ნაწილი ლიბერალურ რეფორმებს ლობირებს.

ულიუკაევი, 14 ნოემბრის საღამოს დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, ულიუკაევმა 2 მილიონი მოითხოვა რუსეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია როსნეფტისგან იმისთვის, რომ პოზიტიურად შეეფასებინა ოქტომბერში ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც როსნეფტმა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მეორე კომპანიის ბაშნეფტის აქციების 50% შეიძინა. პროკურატურის მტკიცებით, ულიუკაევი შეთანხმების ჩაშლით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებდა მოთხოვნილ თანხას.

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ?

რუსული სახელმწიფო მედია აღნიშნულს აშუქებს პუტინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილად. სააგენტო TASS-თან მიცემულ ინტერვიუში, დუმას სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ულიუკაევის დაპატიმრება დასტურია იმის, რომ რუსეთში „არავინაა ხელშეუხებელი“ და „ყველა თანასწორია კანონის წინაშე“.

მთავრობის გადაწყვეტილება-გაეყიდა ბაშნეფტის 50,1% წილი, პრივატიზაციის კამპანიის ნაწილია, რომელსაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ყავს. მთავრობის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა გააპროტესტა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიის როსნეფტის მონაწილეობა ტენდერში. როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, პუტინის ახლო მეგობარი და მოკავშირეა. ტენდერის როსნეფტის მიერ მოგების შემთხვევაში, სეჩინი რუსეთის ნავთობწარმოების ინდუსტრიის უფრო დიდ წილს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევდა. პუტინმა მხარი დაუჭირა როსნეფტის მიერ 5 მილიარდ დოლარად ბაშნეფტის შეძენას.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, საეჭვოა, რომ ულიუკაევს ქრთამი მოეთხოვა ისეთი გავლენიანი პიროვნებისგან, როგორიც სეჩინია, დაშინებასა და მუქარაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გლობალიზაციის და სოციალური მოძრაობის ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ვასილი კოლტაშოვის თქმით, ულიუკაევი ემსხვერპლა მმართველი ძალის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას. „ძალოვანი სტრუქტურები ბრძანების გარეშე არ მოქმედებენ“, - ამბობს კოლტაშოვი.

კრემლის თქმით როსნეფტის გარიგება კანონიერია

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინს ჰქონდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. პესკოვის თქმით ბრალდებები „ძალზედ სერიოზულია“ და „სერიოზულ მტკიცებულებებს მოითხოვს“. მისივე თქმით, ულიუკაევის საქმესა და ბაშნეფტის საკონტროლო პაკეტის გასხვისებას შორის, კავშირი არაა. პესკოვმა გაიმეორა საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც როსნეფტის და ბაშნეფტის გარიგება „კანონიერია“.

ალექსეი პორტანსკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ამბობს რომ ულიუკაევის დაკავება, „მტკივნეული დარტყმაა“ მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის.

ლიბერალური ეკონომიკა თუ სახელმწიფო კონტროლი

რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლასთან ერთად, რაც ნავთობზე დაბალი ფასებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით და დივერსიფიკაციის ნაკლებობითაა გამოწვეული, სამთავრობო ელიტის შიგნით დაპირისპირება მიმდინარეობს იმის გარშემო თუ ვინ გააკონტროლებს სახელმწიფო აქტივებს. რუსული გამოცემის, ვედომოსტის თქმით, ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, სახელწმიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2003-ში 35%-დან 2015 წელს 70% პროცენტამდე გაიზარდა.

ბაშნეფტის კონტროლი რუსმა მაჩალჩინოსნებმა 2014 წელს ჩამოართვეს ოლიგარქს, ვლადიმირ ევტუშენკოვს, რომელსაც ბრალად ედებოდა ფულის გათეთრებასა და კომპანიის არალეგალურად დაპატრონებაში. მას ბრალდებები მოგვიანებით მოეხსნა.

კრიტიკოსების თქმით, აქტივების და კომპანიების დაკანონება მთავრობის მიერ, წააგავს 2003 წელს ხოდორკოვსკის შემთხვევაში იუკოსის ნავთობის კომპანიის ჩამორთმევას. იუკოსის დაშლის შემდეგ, მისი ქონება როსნეფტის და გაზპრომის საკუთრებაში გადავიდა.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც თავიდან ეწინააღმდეგებოდა როსნეფტის და ბაშნეფტის გაერთიანებას, სანამ ამ წინადადებას პუტინი მხარს დაუჭერდა, ულიუკაევის საქმე პრეზიდენტთან განიხილა და მოუწოდა შესაბამის ორგანოებს გამოძიება სრულყოფილად ჩაატარონ.

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, რომელიც მხარს შედარებით ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებს უჭერს განაცხადა, რომ ულიუკაევის საქმე ბევრ კითხვას ბადებს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG