ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში, ახალი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მომავალზე საუბრობენ. 3 ნოემბერს, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობას შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. შეხვედრას ესწრებოდნენ პოსტ-საბჭოთა რეგიონის თემებზე მომუშავე ექპერტები, მკვლევარები და ჟურნალისტები.

ნატო, აგრესიული რუსეთი და მომდევნო ადმინისტრაცია ვაშინგტონში

შეხვედრაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. ბრიდლავის შეფასებით, რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება, კრემლი აგრძელებს მეზობელი ქვეყნებისადმი აგრესიულ პოლიტიკას და ასევე კამპანიას სირიაში.

„თუ გავიხსენებთ უელსის სამიტს, სამიტისთვის მზადების დროს ჩვენ ვნახეთ აგრესიული რუსეთი, რომელიც შეიჭრა ყირიმში და მოახდინა მისი ოკუპაცია, ასევე დონბასი და სხვა ოპერაციები. ამან გამოიწვია ჩვენი [NATO-ს] აღმოსავლეთის მოკავშირეების შეშფოთება და უელსში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი მოკავშირეები, რომ NATO მზად არის მათ დასაცავად. ის ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ იყო მოკრძალებული რიცხვებსა და მასშტაბებში... ეს იყო დამარწმუნებელი ქმედებები ჩვენი მოკავშირეებისთვის“, - განაცხადა ბრიდლავმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს უკრაინასა და საქართველოში. ბრიდლავმა აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს შემთხვევაში. კითხვაზე, ახდენს თუ არა NATO რუსეთის გამოწვევას ბრიდლავმა განაცხადა, რომ NATO მხოლოდ რუსეთის აგრესიას პასუხობს.

“უელსის შემდეგ და ვარშავის სამიტამდე, რუსეთის ქცევები არ შეცვლილა. ჩვენ ვნახეთ უფრო აგრესიული რუსეთი, რომელიც ჩაერთო სირიის კამპანიაში. სწორედ ამიტომ, ვარშავის სამიტზე ალიანსმა გადაწყვიტა გადართულიყო დამარწმუნებელი ზომებიდან შემაკავებელ ზომებზე. ალიანსის მაღალი დონის შეხვედრებზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ვპასუხობთ რუსეთს იმ ქმედებების შესაბამისა, რომელსაც რუსეთი ყირიმში ახორციელებს, დონბასში, ასევე დამატებით განაგრძობს საქართველოში ხაზის გადაწევას და ასევე სირიაში. მე ვიტყოდი, რომ NATO ატარებს მისი მოკავშირეებიის დარწმუნების და რუსეთის შეკავების პოლიტიკას. ვხედავ სიტუაციას, სადაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომელზეც NATO აძლევს რეაქციას“ , - აღნიშნა მან.

ბრიდლავის თქმით, NATO არ აძალებს ქვეყნებს, რომ გახდნენ ალიანსის წევრები, პირიქით NATO-ს მეზობელი ქვეყნებს თავად აქვთ მისწრაფება შეუერთდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს.

“NATO არ აძალებს ქვეყნებს, რომ გახდნენ მისი წევრი, ქვეყნები თავად ცდილობენ NATO-ს წევრობას. ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნები ალიანსში გაწევრიანდნენ საკუთარი სურვილით, და გაიარეს გზა, რომელიც ძალიან რთული იყო“, - თქვა მან.

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა მომავალი ადმინისტრაციის პირობებში

„ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, ამერიკის და რუსეთის ურთიერთობების შემობრუნება ერთ ღამეში ვერ მოხდება.

აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი რუსეთ-ამერიკის მომავალ ურთიერთობებსაც შეეხო. მონაწილეები და მომხსენებლები მიმოიხილავდნენ, თუ როგორი იქნება საგარეო პოლიტიკა კლინტონის ან ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში. კამპანიის განმავლობაში, დონალდ ტრამპმა რუსეთის და მისი ლიდერისადმი სიმპათიები გამოხატა და განაცხადა, რომ გადახედავდა ამერიკის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპელი პარტნიორებისა და NATO-თვის. ამასთანვე, რუსეთის საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ეროვნულ დემოკრატიული კომიტეტის სერვერებზე შეტევა რუსეთმა განახორციელა, რასაც კრემლი უარყოფს.

ბრიდლავის თქმით, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი, რუსეთთან ურთიერთობების წამიერ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

„ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, ამერიკის და რუსეთის ურთიერთობების შემობრუნება ერთ ღამეში ვერ მოხდება. არ მგონია, რომ რომელიმე კანდიდატი სწრაფად შეცვლის ჩვენს პოლიტიკას რუსეთისადმი“, - განაცხადა მან.

თუმცა მას, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ყოფილი ელჩი უკრანაში ჯონ ჰერბსტი არ ეთანხმება. მისი თქმით, ტრამპის განცხადებები რუსეთის და NATO-ს შესახებ სახიფათოა. ჰერბსტის თქმით, თუ არჩევნებს კლინტონი მოიგებს, მას უფრო მკაცრი პოზიცია ექნება რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე ტრამპს. ჰერბსტის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ კლინტონი უფრო გააძლიერებს NATO-ს, მოახდენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ადვოკატირებას და რუსული აგრესიის შეკავებას.

„მას [კლინტონს] ესმის, რომ რევიზიონისტულ კრემლთან გვაქვს საქმე, და ვფიქრობ მას ექნება ძლიერი პოზიცია ამ საკითხზე... ჩემი აზრით ობამას პოლიტიკა რუსეთისადმი სუსტი იყო, მას არ ესმის არსებული საფრთხე... მე ვფიქრობ [კლინტონი] წინ აღუდგება და ისაუბრებს პუტინის ქმედებებზე და თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენთვის. მე ვფიქრობ ის უფრო მეტად დაუჭერს მხარს სანქციებს და შეეცდება NATO-ს გაძლიერებას, მეტად ვიდრე ობამა, რათა მოახდინოს დასავლეთისაკენ მიმართული რუსული საფრთხის შეჩერება.

„მას [კლინტონს] ესმის, რომ რევიზიონისტულ კრემლთან გვაქვს საქმე, და ვფიქრობ მას ექნება ძლიერი პოზიცია ამ საკითხზე.

მე ვფიქრობ, ის ასევე განიხილავს უკრაინისათვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას... ტრამპმა რუსეთის შესახებ ბევრი განსხვავებული რამ თქვა. თუ მისი განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. მას არ აქვს ძირითადი ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ უკრაინაში, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ერთგულება NATO-ს წევრი მოკავშირეებისადმი. ჩემი აზრით ეს ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ჰერბსტმა.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ექსპერტმა პოსტ-საბჭოთა რეგიონის საკითხებში რობერტ ლეგვოლდმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდანაც არ ჩანს მოლოდინი, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გაუმჯობესდება. ლეგვოლდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ესწრებოდა ვალდაის ფორუმზე დასავლელი ექსპერტების შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან, აღნიშნა, რომ მან ვერ დაინახა მზაობა პუტინის მხრიდან ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

„არ ვიცი, ქონდა თუ არა მას ამის სურვილი [ეჩვენებინა, რომ აპირებს დიალოგს ახალ ადმინისტრაციასთან]. თუ ქონდა, მაშინ მას ეს ნამდვილად არ გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სიტყვები ამისკენ მიუთითებდა, მისი ზოგადი კომენტარები საწინააღმდეგოს ამტკიცებდა“, - აღნიშნა ლეგვოლდმა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად, მოსკოვისა და რეგიონისადმი პოლიტიკის გადახედვა მოსალოდნელია, თუმცა რა კუთხით და რამდენად აისახება ეს NATO-ს ასპირანტ ქვეყნებზე, ეს არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

პუბლიკაცია მოამზადა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ანი ჩხიკვაძემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG