ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროხოროვი - ახალი კაცი რუსეთის პოლიტიკაში


პროხოროვი - ახალი კაცი რუსეთის პოლიტიკაში
პროხოროვი - ახალი კაცი რუსეთის პოლიტიკაში

4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ხუთი პრეტენდენტი მონაწილეობს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და მასთან ერთად კიდევ სამი კანდიდატი ადრეც იყრიდნენ კენჭს ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება მიხაილ პროხოროვს, მან მხოლოდ ორი თვის წინ დააყენა თავისი კანდიდატურა მოახლოებულ არჩევნებზე.

ორი მეტრი სიმაღლის მიხაილ პროხოროვი საკალათბურთო მოედანზე თავისუფლად გრძნობს თავს. ის ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის „ნიუ ჯერსი ნეთსის“ მფლობელია.

ბატონი პროხოროვი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სამეულში შედის. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ის მოსკოველ მოწაფეებს კალათბურთის გაკვეთილებს უტარებს.

რუსეთის ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრ პროხოროვი კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით:“ ჩემი პროგრამის მთავარი საზრუნავი კულტურაა, რადგან სწორედ კულტურა აერთიანებს ქვეყანას და არა რაკეტები და ტანკები, უშიშროების სამსახურთან ერთად.“

საკალათბურთო სკოლის მოწაფის დედა, მსახიობი ინა პავარსი აღფრთოვანებულია საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამით, რომელიც მისი თქმით გარდა იმისა, რომ ახლაგაზრდაა, დროის მოთხოვნებსაც პასუხობს და საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე ამახვილებს ყურადღებას.

46 წლის მიხაილ პროხოროვი ახალი კაცია რუსეთის პოლიტიკაში, სადაც ოპოზიციის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში იბრძოდა ამ პოსტისთვის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ვლადიმერ პუტინი არჩევნების პირველსავე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას. მაგრამ იმავე გამოკითხვის მიხედვით მიხაილ პროხოროვს მოსკოვსა და პეტერბურგში წარმატების დიდი შანსი აქვს. ის კორუფციის დამარცხებას, ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას, არმიაში საყოველთაო გაწვევის აკრძალვას და ევროპელებისა და ამერიკელებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის დაწესებას პირდება ამომრჩეველს.

მოსკოვის ერთ-ერთი სამხატვრო გალერეის მენეჯერი მარია რაპოპორტი მიიჩნევს, რომ მოსკოველების დიდი უმრავლესობა პროხოროვს პუტინის ალტერნატივად განიხილავს. მისი თქმით:“ მე ვფიქრობ, რომ ის ბევრ ხმებს მოაგროვებს, განსაკუთრებით დედაქალაქში.“

თუმცა ამომრჩეველთა უმრავლესობა ცუდი თვალით უყურებს იმ ადამიანს, რომელმაც სიმდიდრე კომუნიზმის დანგრევის შემდეგ სახელმწიფო კომპანიების შესყიდვით მოიპოვა.

ქალბატონი რაპოპორტის განცხადებით:“პროხოროვი სოფლის მოსახლეობის გადმობირებას ვერ შეძლებს, რადგან ის ოლიგარქია. ხალხი კი არ ენდობა ოლიგარქებს.“

მარიას კოლეგა ანა რამჟანი პროხოროვისთვის აპირებს ხმის მიცემას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდობა მას. მისი თქმით:“ ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კაცი პუტინის შექმნილია.“

მიხაილ პროხოროვი პუტინის კრიტიკისგან თავს იკავებს. ამერიკის ხმის შეკითხვაზე პუტინის ანტი-ამერიკულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, რუსი ოლიგარქი პასუხობს, რომ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და არავის მისცემს საკუთარ საქმეებში ჩარევის უფლებას.

როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი მაშა ლიპმანი ამბობს:“ ის ხელსაყრელი კანდიდატია, პუტინისთვის მისაღები მეტოქე.“

გარდა ამისა ქალბატონი ლიპმანის განცხადებით პროხოროვი ფულის ტომარაა, მილიარდერია. რუსეთში კი არ უყვართ მდიდარი ადამიანები, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ.

მიხაილ პროხოროვის კაპიტალი 18 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, მაშინ რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა შესაძლოა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

XS
SM
MD
LG