ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე - ზელენსკი დასავლეთისგან დახმარებას ითხოვს


გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთმა კიდევ ერთი, გამორჩეულად მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა 90-ზე მეტი რაკეტა და ირანული წარმოების 60 დრონი გამოიყენა.

"60-ზე მეტი "შაჰიდი" და თითქმის 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლეს გასულ ღამეს. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურებს და ენერგომომარაგების ხაზებს, ჰიდროელექტრო კაშხალს, ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებს, თუნდაც ტროლეიბუსს", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი - დაშავდა, სამი დაკარგულად ითვლება.

"ჩვენი ყველა სამსახური ახლა ჩართულია თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაში. ჩვენ ვიყენებთ რობოტულ აღჭურვილობას სახიფათო ადგილებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მაშველების დაშავება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა მეტი დასავლური იარაღი.

"რუსულ რაკეტებს არ აქვთ შეფერხებები, ისე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დახმარების პაკეტებს. "შაჰიდებს" არ აქვთ გაურკვევლობა, როგორც ზოგიერთ პოლიტიკოსს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს დაგვიანებისა და გადადებული გადაწყვეტილებების ფასი", - თქვა მან.

"ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი მხარდაჭერა... სიცოცხლე დაცული უნდა იყოს მოსკოველი არაადამიანებისგან."

პარასკევს ერთ-ერთმა დარტყმამ გაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზებიდან ერთ-ერთი, რომელიც ამარაგებს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.

„მტერი ახლა უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე უდიდეს თავდასხმას ახორციელებს“, - დაწერა ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ "ფეისბუქზე" და დასძინა, რომ დაბომბვამ გაანადგურა „ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც კვებავს ზაპორიჟიის ელექტროსადგურს“.

„ეს სიტუაცია უკიდურესად საშიშია და საგანგებო ვითარების საფრთხეს ქმნის“, - თქვა უკრაინის ატომური ენერგიის ოპერატორმა, "ენერჰოატომმა".

საბოლოო ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შემთხვევაში, ქარხანა იქნება "მორიგი გათიშვის ზღვარზე, რაც არის ქარხნის უსაფრთხო მუშაობის პირობების სერიოზული დარღვევა".

ომის დაწყებიდანვე მალე, ზაპირიჟიაზე კონტროლი რუსებმა აიღეს, თუმცა ატომურ სადგურს ელექტროენერგია უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზებით მიეწოდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ატომური სადგური მუდმივი ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან მის ირგვლივ დაბომბვები არ წყდება, რაც საფრთხეში აყენებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე - მეზობელ ქვეყნებსაც.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG