ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Eurobasket 2011: საქართველო ისტორიული დებიუტი


საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები

ხვალ, ლიტვაში, ევროპის უდიდესი საკალათბურთო ფორუმი, ბებერი კონტინენტის ჩემპიონატი იწყება. პირველად ისტორიაში, ევრობასკეტზე 24 საუკეთესო ნაკრებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მოხვდა. ქართველებს ევროპული კალათბურთის ელიტაში დებიუტი ჩერნოგორიელებთან ერთად ექნებათ.

ჩემპიონატი 31 აგვისტოს გაიხსნება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება, ტელეტრანსლიაციის უფლება მსოფლიოს 43 ქვეყნის 50-მა ტელეკომპანიამ შეიძინა, მათ შორის, საქართველოს საზოგადობრივმა მაუწყებელმაც. სულ, კი ჩემპიონატს 150 ქვეყანაში 170 მილიონი ადამიანი მიადევნებს თვალს, ლიტვაში კი 30 ათასს ფანატს ელიან.

ისეთი ტრადიციული საკალათბურთო ქვეყანა, როგორიც ლიტვაა, 72 წელი ელოდა ამ დიდ ზეიმს. პირველად ლიტველებმა, საბჭოთა ოკუპაციამდე, 1939 წელს უმასპინძლეს ევროპის ჩემპიონატს და ისტორიაში მეორედ და უკანასკნელად მოიგეს კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული.

ქართველი ფანები ლიტვაში
ქართველი ფანები ლიტვაში

საქართველოს ნაკრები უკვე ლიტვაშია. თბილისიდან, ნაკრების საქომაგოდ, გულშემატკივრები და სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის, თბილისის მერი. სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა კერძოდ განაცხადა

„1500-მდე ქართველი გულშემატკივარი ეყოლება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მათ შორის, ოფიციალური დელეგაციაც. მე ვფიქრობ, რომ ყველა პირობა არის იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები ღირსეულად გამოვიდეს და პროგრამა მინიმუმი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ აუცილებლად შესრულდება. დანარჩენი ვნახოთ, კლაიპედაში რა და როგორ იქნება.“

ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები ხვალ ბელგიის ნაკრებთან მატჩით გახსნის. D ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ასევე იქნებიან ბულგარეთის, უკრაინის, სლოვენიისა და რუსეთის ეროვნული გუნდები.

ჩვენი ნაკრები ყველა საწყის მატჩს, ლიტვის ყველაზე რუსულ ქალაქში, კლაიპედაში ითამაშებს. ლიტვის პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები განსაკუთრებული სიფრთხილით ელოდებიან 1 სექტემბერს, როცა „კლაიპედა არენაზე“, რომელიც 6020 მაყურებელს იტევს, საქართველო რუსეთს შეხვდება.

ამ მატჩს საქართველოდან 1500-მდე გულშემატკივარი დაესწრება. ლიტვური პრესის ცნობით, კლაიპედაში წესრიგის დასამყარებლად ლიტვის პოლიციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტებიც დაეხმარებიან.

გაზეთი „ვილნიუს დიენა“ კი წერს, რომ 1 სექტემბერს კლაიპედაში ჩაფრენას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გეგმავს. სააკაშვილისა და მისი თანხლები პირებისთვის უკვე დაჯავშნულია „სამეფო აპარტამენტები“ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Friedrich-ში, რომელიც კლაიპედაში საუკეთესო სასტუმროდ მიიჩნევა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად პარალელურ რეჟიმში, კლაიპედაში, ქართული კვირეულის ფარგლებში, ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილებისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტებიც არის დაგეგმილი. ლიტვაში იმყოფება კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი სოფო აბულაძე ამბობს

„ჩვენი კალათბურთელების მხარდასაჭერად კონცერტები ყოველდღე ქალაქის ცენტრში გაიმართება, სადაც ნებისმიერ მსურველს, გულშემატკიავრს ყველა ქვეყნიდან ექნება საშუალება ნახოს მოისმინოს ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ „სუხიშვილები“, „ქართული ხმები“ და ზუმბა.“

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში 12 მატჩი გამართა. ამათგან გამორჩეული იყო, ისრაელის დამარცხება თბილისში. ლატვიაზე გამარჯვება რიგაში, სადაც გუნდის უდავო ლიდერმა, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და 42 ქულა ჩააგდო. და, ბოლო ამხანაგური მატჩი, მასპინძელი ლიტვის წინააღმდეგ ვილნიუსში, სადაც რვა ქულით და საპატიოდ დავმარცხდით.

ეროვნული ნაკრების სერბი მწრთნელის იგორ კოკოშკოვის განკარულებაში დღეისათვის ყველა უძლიერესი ქართველი კალათბურთელია. ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე კი, კიდევ ერთი ამერიკელი კალათბურთელის ნატურალიზება მოხდა.

25 წლის ტეხასელმა მარკეს ჰეინსმა, რომელიც ახლახანს ფრანგული „შალონიდან“ ესპანურ „გრანდ კანარიაში“ გადავიდა, ქართული პასპორტი მიიღო. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ჰეინსს კარგ შენაძენად მიიჩნევს:

ბესიკ ლიპარტელიანი: „მის სტატისტიკასაც თუ გადავავლებთ თვალს, ჰეინსი არის სერიოზული მოთამაშე. მისი ყველაზე დიდი პლუსი არის, რომ ორივე ამპლუაში შეუძლია თამაში, როგორც პირველ, ისე მეორე ნომრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრების მეორე ამერიკელს ტორინ გრინსს ტრავმა აქვს და ვიზღვევთ თავს, რომ ეს ტრავმა არ გაურთულდეს.“

საქართველოს ნაკრებმა პირველად ევრობასკეტზე ასპარეზობის უფლება, ჩემპიონატის ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმის შედეგად მიიღო. . სპეციალსიტების მოსაზრებით, საქართველოს აქვს კარგი შანსი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს და ასპარეზობა შემდეგ ეტაპზე განაგრძოს. ამისათვის ხვალ უცილებელია ბელგიის დამარცხება.

დღემდე, ქართული კალათბურთის ყველაზე დიდ წარმატებად 1962 წელს, ევროპის ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამოს“ გამარჯვება ითვლებოდა, რომელმაც ფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. უკვე ხვალ, ქართული კალათბურთის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ფურცელი ჩაიწერება.

XS
SM
MD
LG