ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმი "ლეგალურად" რუსეთის ნაწილი გახდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას ლეგალურად ასრულებს. მან ამ პროცესს „ღირშესანიშნავი მოვლენა“ უწოდა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი ყირიმის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შეთანხმებას. დუმამ იგივე კანონპროექტს კენჭი გუშინ უყარა. პუტინმა ყირიმის ლიდერებთან გაერთიანების შეთანხმებას კი ხელი სამშაბათს მოაწერა.

პუტინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს ამერიკის წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესებისგან. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კრიზისის შემდეგ სანქციები დააწესეს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს კიევში უკრაინის პერზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ოლექსანდრ ტურჩინოვს და დროებით პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდა.

გუშინ, გენერალური მდივანი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერებს მოუწოდა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ინციდენტი უკრაინაში, თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც რამდენიმე რუს მაღალჩინოსანსა და ბანკს ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობას უზღუდავს.
XS
SM
MD
LG