ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამსფელდი: საქართველოს ადგილი ნატოშია


გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალში” ამერიკის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა დონალდ რამსფელდმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოზე ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები გადის. მისი თქმით, საქართველოს ადგილი ნატოშია მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა.

რამსფელდის თქმით, საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ევროპისა და ნატოს მიმართ სწრაფვა ქვეყნის მთავარმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

რამსფელდი ამერიკის მომავალ ადმინისტრაციას რამდენიმე რეკომენდაციას აძლვევს საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოსახატად. ის ამბობს, რომ უნდა მოიხსნას ბარიერები საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულია და დიალოგი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს უშედეგოდ მიმდინარეობს. რამსფელდს მიაჩნია, რომ ამერიკა ამ დიალოგში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს და რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საფასური გაუზარდოს.

რამსფელდს ასევე მიაჩნია, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთს სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამერიკა ამ მარშრუტის განვითარებაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

თავდაცვის ყოფილი მდივანი წერილს ასე ამთავრებს:
“ამ მიზეზების გამო ამერიკამ ახლავე უნდა იმოქმედოს და გააღრმაოს საქართველოსთან ჩართულობა არა როგორც ქველმოქმედება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ამერიკის მნიშვნელოვანი ინტერესები დევს. ქართველმა ხალხმა დაგვანახა, რომ კარგი მმართველობის, ძლიერი დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება შეიძლება მიღწეულ იქნას უკიდურესად ძლიერი გამოწვევების მიუხედავად. საქართველო არის მოკავშირე, რომლის მიღებაც ჩვენ გვჭირდება და [რომლის მიღებაც] აუცილებელია.”

XS
SM
MD
LG