ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუფთა ჰაერი, როგორც ადამიანის უფლება - რუბრიკა "გალილეო"


დედამიწაზე 300 მილიონი ბავშვი “ექსტრემალური” რაოდენობით მომწამლავ ნივთიერებებს შეისუნთქავს, რომელიც საერთაშორისო ნორმებს 6-ჯერ აღემატება. სულ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 92 პროცენტი სუნთქავს ჰაერს, რომელშიც დამაბინძურებელი ნივთიერებების დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ლიმიტებზე მაღლაა.

მონაცემები ორი სხვადასხვა ანგარიშიდანაა, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გამოიცა. პირველის ავტორი “იუნისეფია” - გაეროს ბავშვთა ფონდი, მეორესი კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 23 ნოემბერს ამ თემაზე კიდევ ერთი საყურადღებო ანგარიში გამოიცა, რომელიც ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ეკუთვნის და რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად საშუალოდ თითქმის ნახევარი მილიონი, 467 000 ნაადრევი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება.

სტატისტიკური მონაცემების დეტალები კიდევ უფრო საგანგაშოა: პარიზში მოქმედი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით, ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი გახდა. წელიწადში საშუალოდ 600 ათასზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით და ინფექციებით, თითქმის ყოველი მეათე ბავშვი დედამიწაზე. შენობის შიგნით და გარეთ არსებული დაბინძურებით 2013 წელს მსოფლიოში 2.9 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 2015 წელს ეს მონაცემი ერთიორად გაიზარდა და 7.3 მილიონი შეადგინა. აქედან ნახევარზე ცოტა მეტის, 4.2 მილიონის დაღუპვას გარეთ ჰაერის დაბინძურებას უკავშირებენ, დანარჩენს - შენობის შიგნით დაბინძურებულ ჰაერს. ასეთია მაგალითად, მყარი საწვავით საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი გამონაბოლქვი. ძალზე შემაშფოთებელი გარემოებაა საქართველოშიც. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წლის დასაწყისში გამოცემული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი, ყოველ 100 ათასში 300-მდე ადამიანი იღუპება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც გარემოს დაბინძურება იწვევს, იმუნიტეტის დაქვეითებაა. იმუნიტეტის დაქვეითება თავისთავად სხვა ტიპის დაავადებებთან ადამიანის ორგანიზმის ბრძოლის უნარს აზიანებს. ჰაერის დაბინძურებას ასევე უკავშირდება: კოგნიტური განვითარების შეფერხება; მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის იშემიური დაავადებები და ინსულტიც; ფილტვის კიბო; რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტის და პნევმონიის ჩათვლით; ქრონიკული რესპირატორული ინფექციები, მათ შორის ასთმაც; ორსულობისას მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, ან მცირე წონის ნაყოფი. და ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია.

რას შეიძლება ველოდოთ მომავალში? სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” (Nature) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სიკვდილიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. მონაცემი ემთხვევა “ეუთოს” - ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის - მიერ გაკეთებულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევები 2060 წლისთვის 6-დან 9 მილიონამდე გაიზრდება.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები. “იუნისეფის” მონაცემებით, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ 5 წლამდე ასაკის ყოველ 100 000 ბავშვს შორის, ჰაერის დაბინძურებით 31.5 იღუპება, მაშინ როცა მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ეს მონაცემი 0.5-ს არ აღემატება. სიკვდილიანობის მთლიანი მონაცემიდან 90 პროცენტი სწორედ დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.

“სუფთა ჰაერი ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აკლია” - ამბობს ეკონომისტი ფეით ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი. “კარდინალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, რომ საზოგადოებას ეკონომიკური ზრდისთვის სუფთა ჰაერის მსხვერპლად შეწირვა არ დასჭირდეს” - ამბობს ის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელია: ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური წახალისება; კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, მათ შორის - ემისიების გამოყოფის შემცირება, სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიური გამოყენება, საჯარო სატრანსპორტო საშუალებების განვითარება, ჯანსაღი კვების რეკლამირება (სულ ცოტა: წითელი და გადამუშავებული ხორცეულის მინიმუმზე დაყვანა და რაციონში მცენარეული საკვების მოცულობის გაზრდა), საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი გადამუშავება; პროგრესის მიღწევა საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებაში, როგორიცაა, 2030 წლამდე მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელება.

XS
SM
MD
LG