ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების ახალ გზას ეძებს. სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ამ კვირაში იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს ეწვევა. ტილერსონს მოუწევს ისეთ თემებზე ისაუბროს, როგორიცაა ჩინეთთან სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება და პოლიტიკური რყევები სამხრეთ კორეაში. ეს აზიაში ტილერსონის პირველი ვიზიტია.

ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა იაპონიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს. ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური საფრთხე ტილერსონის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.

„შეიარაღების პროგრამის ტესტირება და გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი შემაშფოთებელი საკითხია და იმ ეტაპზე მივედით, როდესაც საჭიროა ალტერნატივები განვიხილოთ. ვიზიტის ნაწილი ამ საკითხს დაეთმობა, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულს ჩვენს პატრონებთან და მოკავშირეებთან რეგიონში, რათა ახალი მიდგომა შევიმუშაოთ,“ განაცხადა მარკ ტონერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

თუმცა ვაშინგტონი არ არის მზად, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს.

„უკანასკნელ ხანებში, ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ მათთან პირდაპირ ჩართულობას. ჩვენ არ ვაპირებთ მათი ქცევის წახალისებას,“ განაცხადა ტონერმა.

ვაშინგტონი აპირებს რაკეტსაწინააღმდეგო „ტაადის“ სისტემის განთავსებას სამხრეთ კორეაში, რის გარშემოც ოფიციალური პეკინი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„მე ვფიქრობ ჩინეთს უნდა აბრაზებდეს ის, რომ ჩრდილოეთ კორეა ქმნის „ტაადის“ განთავსების საჭიროებას. უნდა დავაკვირდეთ პრობლემას და მის გამომწვევ მიზეზებს და არა მის მხოლოდ ზედაპირულ გამოვლინებას. პრობლემას ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს,“ ამბობს რიჩარდ ბუში, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

ჩინეთში, ამერიკის პირველი დიპლომატი ორმხრივ კონსტრუქციულ დისკუსიას წარმართავს. ის ისაუბრებს საკითხებზე, რომელიც დონალდ ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განიხილეს სატელეფონო საუბრისას. ტილერსონი ასევე მოუწოდებს პეკინს, რომ დაიცვას სამართლიანი თამაშის წესები სავაჭრო ურთიერთობებში.

XS
SM
MD
LG