ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში განთავსებული NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მადლობა საქართველოს


NATO-სა და ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური ავღანეთში, არმიის გენერალი ჯონ ნიკოლსონი

NATO-სა და ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური ავღანეთში, არმიის გენერალი ჯონ ნიკოლსონი

15 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში იბრძვის. ხუთშაბათს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ხელმძღვანელს, აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონს მოუსმინეს. მან სენატორებს განუცხადა, რომ 2015 წელთან შედარებით, თალიბანი 15%-ით მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. გენერალმა ნიკოლსონმა თქვა, რომ გასულ წელს რუსეთმა თალიბანის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, თალიბანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

„რუსეთი თალიბანის ლეგიტიმაციას ცდილობს. ის ამბობს, რომ თალიბანი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, ავღანეთის მთავრობა კი - არა. ეს მცდარი განცხადებაა. ავღანეთის მთავრობა ISIS-თან ბრძოლაში წარმატებულია“, - აღნიშნა მან.

გენერალმა ნიკოლსონმა მადლობა გადაუხადა იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. მან საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

ნიკოლსონის თქმით, ამერიკის უმთავრესი ამოცანაა, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ადგილზე გაანეიტრალოს, რათა შეერთებული შტატები მორიგი თავდასხმებისგან დაიცვას.

2014 წელს ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გაიყვანა. 2014 წლამდე ავღანეთში 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დღეს იქ 8,500 ამერიკელი მსახურობს. ნატოს საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში 13,000 ჯარისკაცია.

გენერალი ნიკოლსონი მიიჩნევს, რომ ავღანეთისათვის უმთავრესი გამოწვევა ირანისა და რუსეთის მცდელობებია, ძირი გამოუთხარონ ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ირანი თალიბანს ავღანეთის დასავლეთ, რუსეთი კი ჩრდილოეთ პროვინციებში ეხმარება. გენერლის მტკიცებით, რუსეთისა და ირანის აქტიურობა ავღანეთში გავლენის სფეროების მოპოვებასა და ამერიკის როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG