ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი ტერნერი: „ნატომ გაფართოება უნდა გააგრძელოს"


მაიკ ტერნერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან
მაიკ ტერნერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან

„ჩვენ ვიყავით პროგრესული ორგანიზაცია და ბიუროკრატებად ვიქეცით,“ ასე აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საქმიანობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოს შტატიდან მაიკ ტერნერი. ნატოს და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მომავალზე კონგრესმენმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ისაუბრა.

„ნატომ წინსვლა და გაფართოება უნდა გააგრძელოს. ნატოს წევრობა არ არის მხოლოდ კრიტერიუმების შეფასება, ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები, დავეხმაროთ პარტნიორებს დემოკრატიის გაძლიერებაში, სტაბილურობის შენარჩუნებაში და ალიანსში გაწევრიანებაში,“ ასე უპასუხა კონგრესმენმა კითხვას ალიანსის სამომავლო გაფართოების და საქართველოს წევრობის შანსების შესახებ.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიისას არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ნატოზე და რუსეთის ლიდერზე გამოთქმული მოსაზრებები, ნატოში წევრობის მსურველი ქვეყნების შეშფოთებას იწვევდა და მათ მომავალზე კითხვებს აჩენდა.

ნატოს წევრობა არ არის მხოლოდ კრიტერიუმების შეფასება, ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები
კონგრესმენი მაიკ ტერნერი

„ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელია შეერთებული შტატების მეტი ჩართულობა პარტნიორ ქვეყნებთან. მათ შორის თავდაცვისუნარიანობის ზრდა. რაც შეეხება უკვე წარმავალ ადმინისტრაციას, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ხშირად ისინი არასწორ პოლიტიკას კი არ ატარებდნენ, არამედ პრობლემა იყო მათი გადაუწყვეტავი, გაუბედავი პოლიტიკა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ჩემს ევროპელ კოლეგებთან მისაუბრია არის სხვაობა არჩევნების სისტემებში. მათ არ ესმით როგორ შეიძლება ქვეყნის სათავეში ადამიანი არაპოლიტიკური წარსულიდან მოვიდეს. შესაბამისად არ იციან რას ელოდნენ ტრამპისგან,“ ამბობს ტერნერი.

კონგრესმენი არ იზიარებს შეფასებას, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკის ნაკლები ჩართულობის დასაწყისია.

„ნატომ ბევრ რამეს უნდა გადახედოს, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ჩართულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით რეალობაში, სადაც ნატო იქნება აგრესორი რუსეთის პირისპირ. ჩვენი ევროპელი მეგობრები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, რადგან ისინი უკვე ნატოში არიან. მე პირიქით ვიტყოდი, თავდაცვაზე მეტი ზუსტად იმიტომ უნდა დავხარჯოთ, რომ ნატოს წევრები ვართ.“

ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ მომენტისთვის, როცა ალიანსი გაფართოების გადაწყვეტილებას მიიღებს
კრეგ კენედი, ჰადსონის ინსტიტუტი

ტერნერისთვის, რომელიც ნატოს გაფართოების მომხრეა და აქტიურად უჭერდა მხარს მონტენეგროს გაწევრიანებას, ნატოს მომავლისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი შეკავების პოლიტიკის გაძლიერებაა, რათა ალიანსმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეები შეაკავოს, მეორე ალიანსის წევრების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და მესამე ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კრეგ კენედი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ სტანდარტების უზრუნველყოფით არ მიიღწევა და რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა. თუმცა მთავარია ქვეყნები მზად იყვნენ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.

„საქართველომ, ისევე როგორც ნატოს წევრობისკენ მიმავალმა ყველა ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს მუშაობა და წევრობისთვის აუცილებელი სტანდარტები და მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამავდროულად, მათ უნდა ჰქონდეთ რეალისტური მოლოდინები. უახლოეს მომავალში ალიანსის უფრო მეტად გაფართოება მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ეს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ დროისთვის, როცა ალიანსი გაფართოების მორიგ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შესაძლოა 5 ან 10 წელიწადში მოხდეს.“

კენედის თქმით, ნატოს გაფართოებას, ასევე, თან ახლავს პოლიტიკური სიფრთხილე, რის მაგალითადაც მას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტი მოყავს, როცა საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხი დაუდგენელი ვადით გადაიდო.

XS
SM
MD
LG