ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 წლის წინ რუსეთთმა მორიგი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა საქართველოში. ამ მოვლენიდან 8 წლის შემდეგ კი აქ რუსეთის პოლიტიკური გავლენა იმდენად იზრდება, რომ ღიად პრორუსული პარტიები საქართველოს პარლამენტში მოხვედრისთვის აქტიურ კამპანიას ახორციელებენ.

ასე მაგალითად, „სახალხო მოძრაობა სოციალისტურმა საქართველომ“ გორსა და ბათუმში დამფუძნებელი ყრილობები წარმატებით ჩაატარა, სადაც საბჭოთა სიმბოლიკასთან და კომუნისტური პერიოდის ლოზუნგებთან ერთად, ტრიბუნებთან წითელ ყელსახვევიანი პიონერებიც წარადგინა. თუმცა ამავე ორგანიზაციის შეხვედრა, რომელიც დღეს კახეთში იყო დაანონსებული არ შედგა, რადგან ორგანიზაციის პრორუსული სულისკვეთების წინააღმდეგ თელაველი ახალგაზრდები გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. თელავური წინააღმდეგობა დღეს მშვიდობიანად არ დასრულებულა. კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თელავში თემურ ფიფია საპროტესტო აქციის ერთ–ერთ მონაწილეს, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ამერიკის ხმასთან საუბრისას ქევხიშვილი აცხადებს: „ოთხ დღეში მოკლავენ საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს. ჩემთვის ეს პროტესტი წარმოადგენდა რიგითი ქართველის პოზიციის გამოხატულებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის პარპაში უნდა დასრულდეს. მე დღეს ქართველის ხელით მომხვდა პუტინის სილა, თუმცა ამაყი ვარ, რომ ვიცავდი გმირების ხსოვნას, რომლებიც არა მარტო 2008 წლის აგვისტოში, არამედ მთელი 200 წლის მანძლზე იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ეს ადამიანები გაღიზიანდნენ ჩემი მაისურით, რომელზეც წითლად გადახაზული იყო საბჭოთა სიმბოლიკა: ნამგალი და ურო და ასევე დატანილი გახლდათ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი წარწერები. დღეს საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ძალადობა წახალისებულია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ გამაჩნია არგუმენტები: მთელმა საქართველომ ნახა დღევანდელი ძალადობა თელავში და ამის მიუხედავად სს საქმე მხოლოდ 125, ცემის მუხლით აღძრეს, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ფულად ჯარიმას. ამით ძალადობა არის წახალისებული. ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში და ვისაც მოუნდება, რომ მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანზე იძალადოს, ამას გააკეთებს, შემდეგ კი წავა და გადაიხდის მხოლოდ 100 ან 400 ლარს და ინციდენტი ამით ამოიწურება. ვფიქრობ, ეს ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან ცუდია“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია რომელიც დღეს შეხვედრის გამართვას თელავში აპირებდა, მიიჩნევს, რომ გეორგიევსკის ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს რუსეთთან: „ვიღაც ნაძირალა, რომელსაც აწერია უცენზურო სიტყვა პუტინთან დაკავშირებით აქ ცდილობს შემოსვლას და პროვოკაციის მოწყობას, ამას ვერ შეძლებს. ის პროვოკაციას უწყობს საქართველოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთთან აფხაზეთის გავლით, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები... საქართველო რუსეთს ოკუპირებული აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად“.

განსხვავებულად ფიქრობენ თელაველი ახალგაზრდები. ამერიკის ხმასთან საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, NIMD–ის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკა შარვაშიძემ ისაუბრა: „კომუნისტების ყრილობა დაანონსებული იყო 12 საათზე, ახალგაზრდებმა კი შეკრება 11 დაიწყეს. ყრილობის დაწყებამდე მოხდაინციდენტი, როდესაც ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ცდილობდა შენობაში შესვლას, მაგრამ მაისურის გამო ამის შესაძლებლობა არ მიეცა და აღმოჩნდა ძალადობის ქვეშ. ყრილობაზე გამოჩნდნენ ვალერი კვარაცხელია და გრიშა ონიანი, ასევე თბილისიდან მობილიზებული ადამიანები, საბჭოთა გენერლები, საბჭოთა ვარსკვლავიანი სიმბოლოებით, გარკვეული ნაწილი ადგილობრივებიც იყვნენ. ინციდენტის შემდეგ ყრილობა ვერ შედგა და ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდების აქტიურობამ და მათმა პროტესტმა იმუშავა. ჩემთვის, როგორც აქციის ერთ–ერთი მონაწილისთვის, მიუღებელია საბჭოთა წარსულის დაბრუნება და იმ ადამიანების გამოჩენა, რომლებიც ითხოვენ რუსეთთან მიერთებას, რუსული ჯარის შემოყვანას საქართველოში და მათთან ურთიერთობას. როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული რუსეთის მიერ, ასეთი შეხვედრები არ უნდა ტარდებოდეს, არავის არ უნდა ჰქონდეთ ისეთი აქციებისა და ყრილობების ჩატარების უფლება, სადაც ღიად დააფიქსირებენ, რომ ისინი მომხრენი არიან რუსეთთან შეერთების, რომ უნდა გავაფორმოთ ახალი ტრაქტატი და მათთან ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება და სხვა. ესაა მიუღებელი ჩემთვის და ალბათ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება მიუღებელი.“

საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ აკრძალულია საბჭოთა და ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თავისუფლების ქარტიის კომისიამ, მის ხელთ არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, უკვე მიმართა შსს–ს, რათა უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და კომუნისტური და ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ განახორციელოს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

ჟურნალისტის ცემის გამო დაკავებული კომუნისტი თემურ ფიფია 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG