ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმ დროს, როდესაც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების საკითხზე მუშაობა მიდის, როდესაც განიხილება კონსტიტუციის ტრანსფორმაციის საკითხი და კონკრეტული მონიშვნები კეთდება, საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართულია სხვა რაკურსისკენ. არადა მომავალი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების დინამიკას და მიმართულებას სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს. ამდენად რა ჩაიწერება და როგორ შეიცვლება საქართველოს კონსტიტუცია, ეს პირველი მნიშვნელობის საკითხია, რადგან იგი ამ ცვლილებების მიხედვით მოაწესრიგებს და დაალაგებს ყველა მოქალაქის ცხოვრებას მომდევნო წლების განმავლობაში.

ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული, მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი. საკონსტიტუციო კომისიის დღის წესრიგში ეს თემა სადაოთა შორის სადაოს წარმოადგენს. რატომ, რა მიზნით და რა მიზეზით დავობენ პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე, ამის შესახებ ამერიკის ხმამ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა.

გიორგი მშვენიერაძე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ პრეზიდენტის საკითხის თაობაზე ცვლილებების მოთხოვნა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ, დღევანდელ ვითარებაში, პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებითაა მოთხოვნილი: „პრეზიდენტი, რომელიც აღმოჩნდა, როგორც ამბობენ ხოლმე „ხასიათის გამომვლენი“, მას სჭირდება მოთვინიერება. სწორედ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მოთვინიერებისკენაა მიმართული ახლა ყველაფერი, რასაც ამ კონტექსტში ვხედავთ. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კონსტიტუციას არ შეიძლება სჭირდებოდეს ცვლილებები, ან არშეიძლება გადაიხედოს, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაწყებული ბრძოლა, ესაა არა საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებები, არამედ ესაა კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფიდან მოდის. რაც მიმართულია იმისკენ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ან სამომავლოდ მოახერხოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე კონტოლის მოპოვება.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც ასევე ჩართულია საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „თავად პრეზიდენტს არ გააჩნია ხელისუფლების დამაბალანსებელი ფუქნცია, მაგრამ ხელისუფლების დამაბალანსებელი ფუნქცია გააჩნია იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ნიშნავს პრეზიდენტი. მაგალითად, საკონსიტუტციო სასამართლოს სამ წევრს. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს წარადგენს პარლამენტის წინაშე, ანუ არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. შესაბამისად, ამ თანამდებობის პირებს გააჩნიათ ხელისუფლების სხვა შტოების, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, დაბალანსების შესაძლებლობა. ამიტომაც, პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და პირველ რიგში, პირდაპირი, სახალხო ლიგიტიმაციის მქონე და მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები აბალანდებდნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს.“

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია: „ჩვენ გვექნება საპარლამენტო მოდელის ქვეყანა. იქნება კლასიკური საპარლამენტო მოდელი. ახლა გროვდება ვერსიები. შეიძლება საუბარი იყოს ყველანაირ მოდელზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ ეტაპზე. არ ხდება.“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ბოლო ინსტანციაა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დაიპყროს სრული ძალაუფლების ხელში ასაღებად: „ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დარჩენილ ინსტიტუტზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა დღეს მივიდა ისეთ აბსურდამდე, რომ უშიშროების საბჭოს სახე უნდა შეუცვალონ და მხოლოდ ომიანობის შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს. აბსურდამდე მიდის საქმე. ომის ღმერთად ნიშნავენ პრეზიდენტს, რომელსაც რეალურ სამყაროსთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ვიღაცას ის აღიზიანებს. რაციონალურ ჩარჩოებში ამის განთავსება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შეკვეცას ოპოზიცია მხარს არ უჭრს, რასაც პრეზიდენტის ვეტოებისგან შეწუხებული მმართველი პარტია არ ეთანხმება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG