ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსტიტუციური ვაჭრობა საქართველოში


სახეზეა ღია დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის. მეტი დამაჯერებლობისთვის ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტს ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსში ადანაშაულებენ. უთანხმოება, რაც ქართული ოცნების პირველ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსა და იმ პერიოდში ახლადარჩეულ გიორგი მარგველაშვილს შორის პრეზიდენტის სასახლის ათვისების გამო დაიწყო, ახლა უკვე სრულმასშტაბიან სიტყვიერ ომშია გადაზრდილი. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტის ყველა ნაბიჯში ხედავენ პრობლემას – იქნება ეს შეხვედრები რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის მიზნით თუ შეხვედრები პოლიტოლოგებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პარალელურად, ქართული ოცნება ერთიანი ძალით იბრძვის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცისთვის საკანონმდებლო დონეზე. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი კი ჩვეულებრივი ვაჭრობის საგნად რჩება დღემდე. მმართველი გუნდის მესიჯების არსენალიდან ზოგჯერ ისმის, რომ არაპირდაპირი არჩევა 2023 წლისთვის გადადის, ზოგჯერ კი ეს თარიღი კვლავ 2018 წელია. ქართულ ოცნებას ასევე აინტერესებს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ამ კითხვასაც ღიად სვამს.

მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინააღმდეგ შეტევას ახორციელებს: „ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ კომპრომისს აზრის არ დაეკარგება, თუმცა არის პროცესები, რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია საკონსიტუციო კომისიის წინააღმდგეგ და ის გაგრძელდა პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პოლიტიკურ პარტიებსა და ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს შორის, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ერთობლივი კამპანია პარლამენტის წინააღმდეგ. არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია. ადმინისტრაციის უფროსი ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა პარლამენტზე“.

პრეზიდენტი მარგველაშვილი 28 აპრილს ახალციხეში ჩავიდა, სტუდენტებს შეხვდა და კონსტიტუციის შესახებ ესაუბრა. შეკვეცილი უფლებამოსილებების პირობებში კი ცდილობს აქტიურობა არ შეამციროს. რეგიონებს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში ის უკვე მეხუთედ სტუმრობს. მისი თქმით, კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტი იმდენად დაიწუნეს კომისიის წევრებმა, რომ მის საბოლოო მიღებას ხელი არავინ მოაწერა, ქართული ოცნების გარდა: „ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერაა ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის აცდენილი სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ეხება პრეზიდენტის არჩევნებს. გაუგებარი მიზეზით ამომრჩეველს ერთმევა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენე გრეთ წოდებული ხმოსნები... ძალიან ნათლად მინდა გითხრათ, არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები“.

ამერიკის ხმა საკონსტიტუციო კომისიის ერთ–ერთ წევრს, მიხეილ ბენიძეს ესაუბრა, რომელიც სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ. მან გვითხრა, რომ კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილზე მუშაობენ, რითაც ვენეციის კომისიას უნდა მიმართონ. „ჭეშმარიტად პროპორციული განაწილების წესზე გადავდიოდეთ, სადაც მანდატების განაწილება პრობლემა არ იქნება და „გამარჯვებულს რჩება ყველაფერი“ პრინციპი არ იქნება ჩადებული, მაშინ მე ცალსახად ვიტყოდი, რომ კონსიტუციის ახალი რედაქცია სჯობს ძველს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მაინც რჩება საკითხები, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია: მაგალითად ქორწინების საკითხი, რასაც საერთოდ არ მივიჩნევთ, რომ უნდა იყოს საკონსტიტუციო დისკუსიის ნაწილი. საარჩევნო სისტემა რომ იცლებოდეს ისე, როგორც ამას საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, ჩვენ გვექნებოდა პოზიტიური შეფასება. ამ შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო სისტემაში კვლავაც სერიოზული კითხვის ნიშნები რჩება, მე ვერ ვიტყვი, რომ ესაა გაუმჯობესებული კონსტიტუცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მასში არის გაუმჯობესებული ცვლილებებიც, მაგრამ ეს გაუმჯობესებები ვერ გადაწონის იმ პრობლემურ ასპექტებს კონსტიუტუციის ახალ რედაქციაში, რაც ჯერ კიდევ რჩება“.

კონსტიტუციის რეფორმირების საკითხს აშშ–ს ელჩი იან კელიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პროცესში კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კონსტიტუციის ახალი ვერსია ახლა უკვე სახალხო განხილვის ეტაპზე გადავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG