ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებამდე ორი კვირა და ორი დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო კამპანიას მკვეთრად აგრესიული ხასიათი აქვს. ქართული ოცნების ერთ–ერთმა სახემ, მანანა კობახიძემ დღეს საინტერესო წინადადება გააჟღერა ინტერპრესნიუსთან. მართალია იგი კონკრეტულად რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიმართ იყო ნათქვამი, მაგრამ მისი სულისკვეთება განზოგადებისთვის და ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიის დახასიათებისთვის იდეალურად გამოდგება. კობახიძე ამბობს, რომ რაკი პარტიები ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან, კრიტიკა უნდა აიტანონ. კრიტიკა კი ერთი ყველას წინააღმდეგ რეჟიმში ვითარდება თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან და გულისხმობს მოსაზრებას, რომლის თანახმად საერთოდ გაბათილებული უნდა იყოს ყველა სხვა პოლიტიკური მოთამაშის წვლილი ქვეყნის წინაშე, გარდა საკუთარი პარტიისა. ამგვარი კამპანია პარტიებს არც თუ შთამბეჭდავ მდგომარეობაში ამყოფებს ამომრჩევლის თვალში, თუმცა რაკი ნეგატიური კამპანიისა და კომპრომატების ქვები უკვე დაგორებულია მაღალი მთიდან, მისი შეჩერება მარტივად ვერ მოხერხდება.

თუ ერთმანეთისადმი მტრულ დამოკიდებულებას საარჩევნო სუბიექტებს აგრესიულ კამპანიად ჩავუთვლით, საკმაოდ გაჭირდება არასამთავრობო სექტორთან მტრული განწყობების დაფიქსირების რაიმე მიზეზით ახსნა. დღეს, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა: „..გიგაური იქნებოდა (იგულისხმება „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური – ნ.დ.), პაგონებიანი გიგაური. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო რაღაც პაგონები მაგ დროს. მე არ ვიცი, ის ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ მე. ნუ აბინძურებენ ამ სექტორს, გამოვიდნენ, რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნის. ორმაგ დანაშაულს ჩადიან... პოლიცია და პროკურატურა ვალდებულია, ხალხს აცნობოს, რომ აი, კრიმინალი დაისაჯა. როგორ? ამაზე გაცემული ინფორმაცია პოლიტიზირებაა (ჟურნალისტის კითხვა: „და თუ ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება“ ) ? რა ვქნათ, თუ სასამართლო ამ პროცესებს დაემთხვა?“ – აცხადებს ივანიშვილი.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი პრემიერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც მესამე სექტორს, ისევე როგორც ჟურნალისტებს „გამოსწორებისკენ“ არაერთხელ მიუთითებდა. საქართველოს უახლეს ისტორიაშიც არაერთი მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამომჟავნებისა. წლების წინ ადგილი ჰქონდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დახურვისკენ მიმარულ აქციებს, ასევე 17 მაისის დარბევას და სხვა შემთხვევებს. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომაგენელი ანა არგანაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „სამოქალაქო სექტორის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია არსებობდეს, რადგან სამოქალაქო სექტორს აქვს თავისი, ძალიან კონკრეტული როლი: მან უნდა აკონტროლოს და გააკრიტიკოს მთავრობა, პოლიტიკური პროცესები... ამ კრიტიკას თუ სამოქალაქო სექტორს ჩაუთვლიან ნაკლად და ამის გამო მის მიმართ დარტყმებს განახორციელებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ესმით სამოქალაქო სექტორის როლი. ეს უკანასკნელი კი ყველაზე უფრო ცუდი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც არავის არ აკრიტიკებს და არის კომფორტის ზონაში. სინამდვილეში, ასეთ სამოქალაქო სექტორს უნდა იწუნებდნენ პოლიტიკოსები. დღეს ზოგიერთი მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკას მთავრობის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია მთელს პროცესებზე, იღებს პერსონალურ კრიტიკად და ვერ ახერხებსკრიტიკის ობიექტის გამიჯვნას. ძალიან სამწუხაროა, რომ ის, რაც მოეთხოვება სამოქალაქო სექტორს, ჩათვლილია მის მანკიერ მხარედ. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: „თუ სასტიკად არ გაკრიტიკებენ, ესე იგი, ცუდად მუშაობ და პირიქით – როცა სასტიკაც გაკრიტიკებენ, ესე იგი, შენს საქმეს კარგად აკეთებ.“ ამიტომ, პოლიტიკოსებს შეუძლიათ მშვიდად იგრძნონ თავი, მათი სასტიკი კრიტიკა მხოლოდ სიგნალს გვაძლევს, რომ ჩვენ მათ მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ, ანუ ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ“,– ამბობს ანა არგანაშვილი და აგრძელებს საუბარს იმის გახსენებით, რომ არასამთავრობოების მიმართ კრიტიკა დღეს არ დაწყებულა. „სწორედ მაშინ რთულდებოდა საქმე ქვეყანაში, როდესაც სამოქალაქო სექტორი იყო ჩუმად. დღეს თუ სამოქალაქო სექტორი ხმამაღლა საუბრობს, მხოლოდ დადებითად შეიძლება მივიჩნიოთ. როდესაც არგუმენტების ნაცვლად პერსონალური კრიტიკა იწყება, ეს მიანიშნებს სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკოსებს შორის დისკურსის დაბალ ხარისხზე. გადავხედოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, თუნდაც მიმდინარე საარჩევნო პროცესზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე და გავაკრიტიკოთ იქ არსებული მონაცემები და არა მთლიანად სამოქალაქო სექტორი. რადგან თუ მონაცემები სწორია, ობიექტურია, მაშინ კრიტიკის ნაცვლად, ვფიქრობ, მათ უნდა დაიწყონ ფიქრი მდგომარეობის შეცვლაზე. მევერ ვხედავ, რომ ვინმეს აინტერესებდეს სამოქალაქო სექტორის მიერ ჩატარებული მონიტორინგი, ანგარიშები და ვინმე რეალურად იყოს მოწოდებული მათ გასათვალისწინებლად. როდესაც კონკრეტული დარღვევა ვლინდება, მხოლოდ მაშინ დგებიან თავდაცვის პოზიციაში და იწყებენ მტკიცებას იმისა, რომ დარღვევა არ მომხდარა. ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ დღეს სამოქალაქო სექტორის განვითარების ხარისხი წინ უსწრებს ზოგიერთი პოლიტიკოსის მზაობას მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიზაციის პროცესში და ეს აუცილებლად დააზარალებს თავად ამ პროცესს.“

საქართველოს სამეზობლოში მრავლადაა მაგალითები, როდესაც ხელისუფლების დამოკიდებულებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ შეგვიძლია დავინახოთ ქვეყნის რეალური დემოკრატიის ხარისხი. რუსეთის ფედერაცია განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრების მქონე მესამე სექტორს, მაგალითად ქვეყნის მოღალატედ კანონის ძალით მიიჩნევს და ატუსაღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG