ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალიური ტივი ევროპას მოსწყდა


ედერის გოლმა პორტუგალიას ევროპის ჩემპიონობა მოუპოვა

ედერის გოლმა პორტუგალიას ევროპის ჩემპიონობა მოუპოვა

პატარა პორტუგალიამ დიდი ისტორია დაწერა. გუნდმა, რომლის ჩემპიონობაზე ბუქმეიქერების კოეფიციენტი - 17.00 იყო; რომელმაც მოგების გარეშე, სამი ფრით გააღწია ჯგუფიდან; ევროპის ჩემპიონატზე გამართული შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთში, ნახევარფინალში, შეძლო ძირითად დროში გამარჯვება და ფინალში, უკვე 25-ე წუთზე დაემტვრა, ლიდერი კრიშტიანუ რონალდო, წუხელ, სენსაციურად ასწია ევროპის თასი.

რაც მთავარია, Selecção das Quinas-მა ანუ „რჩეულთა გუნდმა“ ეს გააკეთა, „პარკ დე ფრანსზე“, სენ-დენიში, პარიზიდან 9 კილომეტრში, ევრო-2016-ის მასპინძელი, საფრანგეთის წინააღმდეგ, რომლისთვისაც პორტუგალიას 41 წლის განმავლობაში, 1975 წლის აპრილის შემდეგ არ მოეგო!

გამარჯვების გოლი კი დამატებით დროის, 109-ე წუთზე, პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში - გვიანეა-ბისაუში დაბადებულმა, 29 წლის ედერმა გაიტანა. 2015 წელს, 5 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფორვარდმა, რომელიც არასტაბილურობის გამო, უელსურმა „სუონსიმ“ თებერვალში, ფრანგულ „ლილში“ გაანათხოვრა.

ის, რომ 10 ივლისის ღამეს, პარიზის ეიფელი პორტუგალიის დროშის ფერებში განათდა, მთელი საფრანგეთისთვის სრული შოკი იყო. ფრანგები ისე იყვნენ დარწმუნებულები გამარჯვებაში, რომ უკვე მზად ჰყავდათ ავტობუსი, წარწერებით: „ევროპის ჩემპიონები“ და „გმადლობთ“, რომელსაც დღეს, შანზ-ელიზეზე, ჩემპიონებთან ერთად, „მარსელიოზას“ ჰანგების ფონზე უნდა ჩაევლო. თუმცა, დიდმა ზეიმმა 1700 კილომეტრით მოშორებულ ლისაბონში გადაინაცვლა.

საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფისთვის გამზადებული ავტობუსი

საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფისთვის გამზადებული ავტობუსი

ევროპის 1972 წლის ვიცე-ჩემპიონი, საბჭოთა ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ევრო-2016 მისი იმედები არ გაამართლა.

„ახალი ჩემპიონი პორტუგალია, სხვა გუნდებზე უკეთესი არ იყო, არც იტალიაზე, არც გერმანიაზე და არც საფრანგეთზე. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, დაბალი დონის ჩემპიონატი ვიხილეთ, მეტს მოველოდი.

"დაბალი დონის ჩემპიონატი ვიხილეთ, მეტს მოველოდი. ორ ევროპის ჩემპიონატზე მაქვს ნათამაშები და მგონია, რომ 1972 წლის გერმანიის ნაკრებში, რომელსაც ფინალში ვეთამაშეთ, გერმანიის დღევანდელი ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდებოდა“

მე პირადად ორ ევროპის ჩემპიონატზე მაქვს ნათამაშები და მგონია, რომ 1972 წლის გერმანიის ნაკრებში, რომელსაც ფინალში ვეთამაშეთ, გერმანიის დღევანდელი ნაკრებიდან, ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდებოდა.“

საინტერესოა, რომ ზუსტად, 56 წლის წინ, ევროპის პირველი ჩემპიონატი, სულ ოთხი გუნდის მონაწილეობით, სწორედ საფრანგეთში დაიბადა. 1960 წლის 10 ივლისს, პარიზში, ოღონდ „პარკ დე პრენსზე“, პირველ ისტორიულ ფინალში, საბჭოთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც, სამი ქართველი - მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი იცავდა, ასევე, დამატებით დროში 2-1 იუგოსლავიას მოუგო და ევროპის თასი პირველმა ასწია. ფინალში, რომელიც მაშინაც ინგლისელმა არბიტრმა განსაჯა, ერთი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა და ევრო-1960-ის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ევროპის პირველი ჩემპიონები: ჩოხელი, მესხი, მეტრეველი

ევროპის პირველი ჩემპიონები: ჩოხელი, მესხი, მეტრეველი

რვა წლის შემდეგ, 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიაში, საბჭოთა ნაკრებში უკვე ოთხი ქართველი იყო, თუმცა მიხეილ იაკუშინმა ანზორ კავაზაშვილი, გივი ნოდია, მურთაზ ხურცილავა და კახი ასათიანი როგორც იტალიასთან, ისე ინგლისთან სათადარიგო სკამზე დატოვა.

1972 წელს, მურთაზ ხურცილავას, რეზო ძოძუაშვილისა და გივი ნოდიას მონაწილეობით, საბჭოელებმა ფინალში გააღწიეს, სადაც ბრიუსელის „ეიზელზე“ დასავლეთ გერმანიასთან 0-3 დამარცხდნენ. ხურცილავა და ძოძუაშვილი ევრო-72-ის სიმბოლურში ბეკენბაუერთან, ჰიონესთან, ბრაიტნერთან ჰაინკესთან და ჰერდ მიულერთან ერთად შეიყვანეს.

მურთაზ ხურცილავა 1972 წლის ფინალში

მურთაზ ხურცილავა 1972 წლის ფინალში

1988 წლის ევროზე, ვალერი ლობანოვსკიმ მხოლოდ 31 წლის თენგიზ სულაქველიძე წაიყვანა, ჯგუფურ ეტაპზე ორი არასრული მატჩიც ათამაშა, ჰოლანდიასთან წაგებულ ფინალში 0-2 კი ქართველი მცველი სათადარიგოებში დატოვა.

საქართველოს საფეხბურთო სკოლის აღზრდილები, ბოლო მოჰიკანები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, კახა ცხადაძე და ახრიკ ცვეიბა გახლდნენ. 1992 წელს, მათ დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის (დსთ) ღირსება დაიცვეს შვედეთში, თუმცა წარუმატებლად.

მას შემდეგ, აგერ უკვე 24 წელია ქართველი გულშემატკივარი მოლოდინის რეჟიმშია. მურთაზ ხურცილავა ამბობს, რომ ეს ლოდინი კიდევ დიდხანს გაგრძელდება

"„რასაკვირველია ქართველ გულშემატკივარს კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი, იმიტომ რომ დონე აქ არის დაბალი და ფეხბურთში კომპლექსური პრობლემებია"

„რასაკვირველია ჩვენ მოგვიწევს ლოდინი, იმიტომ რომ დონე აქ არის დაბალი. კომპლექსური პრობლემებია: ახალგაზრდებში ფეხბურთისადმი ინტერესის დაკარგვა, სტადიონების არარსებობა, მწვრთნელების კვალიფიკაცია და ა.შ ამ პრობლემების ფონზე, აქ, საქართველოს ჩემპიონატში, ფეხბურთელი ვერ ისწავლის და იმ დონემდე, რაც ჩვენ ყველას გვინდა, სამწუხაროდ, ვერ გაიზრდება.“

ევროპის რიგით 15-ე ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთნილებაა. მთელი საფეხბურთო სამყარო ახლა იმაზე კამათობს, რა მოუტანა ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ფორუმს 24 გუნდიანმა ფორმატმა? რას ნიშნავს ფეხბურთის დონის გათანაბრება? ისლანდიის და უელსის წარმატება და ინგლისის, ხორვატიისა და შვედეთის კატასტროფა? მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში წინ მიდის თუ უკან? რამდენად კანონზომიერია იმ გუნდის ჩემპიონობა, რომელმაც 7 თამაშიდან, 6 დამატებით დროსა და პენალტების სერიაში მოიგო?

ფერნანდუ სანტუში

ფერნანდუ სანტუში

თუმცა, ეს გარკვეულწილად უკვე კაზუისტიკაა, პორტუგალიური „ტივი“, „უკვე მოსწყდა ევროპას“, ოღონდ არა ჟოზე სარამაგუს, არამედ 61 წლის მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშის სცენარის მიხედვით და დაიწყო გრძელი, ოთხწლიანი მოგზაურობა, 2020 წლამდე, ევროპის მომავალ ჩემპიონატამდე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG