ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში რომის პაპი საქართველოს მეორედ სტუმრობს. მას საზეიმო დახვედრა აეროპორტში მოუწყვეს, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ და საქართველოს პატრიარქი ილია II დახვდნენ. შემდგომ კი დელეგაციამ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა.

მიღებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტრატეგიული მოთმინების გზა აირჩია: „დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის 15 თითქმის პროცენტი დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. გზა, რომელიც საქართველომ აირჩია: მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს გაერთიანებამდე. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ, იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.“

რომის პაპის ფრანცისკეს მიმართვაში უმთავრესი მესიჯი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებს ეხებოდა როგორც ეთნიკურ, ასევე რელიგიური, ენობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით: „მადლობას ვუძღვნი ღმერთს, რომ შესაძლებლობა მომცა ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და ურთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც ქრისტიანობაში ჰპოვა თავისი ღირებულებათა საფუძველი. თავისი გეოგრაფიული მდებარობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენმა ერმა აღაშენა და განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახა საყოველთაო და ჭეშმარტი განვითარების გზები. ყოველივე ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება. გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელ ჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიან და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველყოდა საზოგადოების ზრდას და ყველასთვის ხელსაყრელი შესაძლებლობის შექმნას... მსურს გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანას და მის ძვირფას ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულებით მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს, მიუხედავად უამრავი სირთულისა“.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II– მ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების თემაზე: „დღეს საქართველო ახალი პრობლემების წინაშეა. თითქმის 500 ათასი ადამიანი დევნილია საკუთარ ქვეყანაში. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალი, ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთი არის ძირძველი ქართული მიწა. მე თერთმეტი წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და არასდროს არ ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ესაა ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება, მთავარია დავძლიოთ სულიერი პრობლემები. ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი.“

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მამა დავითის ორგანიზებით რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები დღეს აეროპორტის გზაზეც გაგრძელდა, სადაც რომის პაპის დელეგაცია გადაადგილდებოდა. მათ ბანერებზე გამოსახულ წარწერებზე ნათქვამია, რომ ერეტიკოს პაპს საქართველოში არავინ მიესალმება. თავად მამა დავითი კი აცხადებს: „აბსოლუტურად მშვიდი საპროტესტო გამოსვლები გვაქვს, მშვიდი, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, თუ ვინმე არ მოაწყობს პროვოკაციას. ამისთვის, ჩვენ ვთხოვთ სამართლადამცავებს, რათა დაიცვან პერიმეტრი, რომ ვინმე პროვოკატორი აქ არ შემოვარდეს და რაღაც კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნას“.

ამერიკის ხმა თეოლოგს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს ესაუბრა. „აღსანიშნავი არის ის, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშრის პროტესტის მიუხედავად, საპატრიარქომ ძალიან კრიტიკულად შეაფასა რომის პაპის მიმართ საპროტესტო აქციები, აღნიშნა ის, რომ დიახაც, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქის მოწვევით ხორციელდება. ისაუბრა, ასევე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თუმცა იქვე, ამავე განცხადებაში იყო მითითებული, რომელიც საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რომ წირვაზე, რომელსაც რომის პაპი წარუძღვება, მართლმადიდებელი ქრისტიანები არ უნდა ესწრებოდნენო. შეგახსენებთ, რომ წინა ვიზიტისას ასევე მოხდა: საპატრიარქომ საეკლესიო სასჯელები დაადო მათ, ვინც სპორტის სასახლეში გამართულ კათოლიკურ წირვას ესწრებოდა.

იმედია, რომ ძალიან მშვიდობიანად ჩაივლის პაპის ვიზიტი. დღეს იყო შეხვედრა საპატრიარქოში სხვა აღმსარებლობებთან ერთად, ასევე პრეზიდენტთან. ასურელ კათოლიკეთა ეკლესიაში რომის პაპის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რომის პაპი პირველად ხვდება ასურელ კათოლიკეთა პატრიარქს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, კავშირშია სირიაში ქრისტიანების დევნასთან. ესაა მნიშვნელოვანი გზავნილი მსოფლიოში ქრისტიანების დასაცავად. შეიძლება მის ვიზიტს პოლიტიკურ–რელიგიური დატვირთვა აქვს. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა შეიცვალოს ქართულ ეკლესიაში ფუნდამენტური დამოკიდებულებები განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ“ - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

რომის პაპი ხვალ წირვას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლენს და სვეტიცხოველს მოინახულებს. იგი ვიზიტს ხვალ დაასრულებს და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG