ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ლა-ლა ლენდის” ტრიუმფალური სვლა


რაიან გოსლინგი, ემა სტოუნი და დემიენ შაზელი
რაიან გოსლინგი, ემა სტოუნი და დემიენ შაზელი

დღეს ამერიკულმა კინო-აკადემიამ მთავარი პრიზის, ოსკარის ნომინაციების მფლობელთა ვინაობა გამოაცხადა. მიუზიკლ “ლა-ლა ლენდის” ტრიუმფალური სვლა გრძელდება, ის წლევანდელი ოსკარების ფავორიტია.

“ლა-ლა ლენდმა” 14 ნომინაცია მოიპოვა. მათ შორის - საუკეთესო რეჟისორის (დემიენ შაზელი), საუკეთესო ქალის როლის (ემა სტოუნი) და მამაკაცის საუკეთესო როლის (რაიან გოსლინგი) შესრულებისთვის. ასევე: საუკეთესო ფილმის, ორიგინალური სცენარის, ოპერატორის, მონტაჟის, კოსტიუმების, მუსიკის, სიმღერის და რამდენიმე სხვა კატეგორიაში.

სცენა ფილმიდან "ლა-ლა ლენდი"
სცენა ფილმიდან "ლა-ლა ლენდი"

“ლა-ლა ლენდი”, რომელსაც კრიტიკოსები ნეო-მიუზიკლს უწოდებენ, დღეიდან კინოაკადემიის ისტორიაში შევიდა, რადგან ოსკარის რეკორდული, 14 ნომინაცია აქამდე ჰოლივუდის მხოლოდ ორ ნამუშევარს, “ტიტანიკს” და “ყველაფერი ევას შესახებ” ჰქონდა მოპოვებული. “ტიტანიკს” ოსკარების ისტორიაში ყველაზე მეტი, 11 პრიზი აქვს აღებული, 8 ოსკარი მიიღო ფილმმა “ყველაფერი ევას შესახებ”.

"ლა-ლა ლენდის" ჯგუფი ოქროს გლობუსის ცერემონიაზე
"ლა-ლა ლენდის" ჯგუფი ოქროს გლობუსის ცერემონიაზე

“ლა-ლა ლენდი” წელს ოქროს გლობუსის გადაცემის 74-ე ცერემონიის ფავორიტიც იყო. მან გლობუსების ისტორიაში ყველაზე მეტი, 7 ნომინაციიდან შვიდივე პრიზი მოიპოვა. მათ შორის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებიც იყო - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო სცენარის.

ოსკარების გადაცემის 89-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში კვირას, 26 თებერვალს გაიმართება. კინო-აკადემიამ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. პრეზიდენტმა შერილ ბუნ-ისააკმა წევრობის ახალი წესები შემოიღო, რის შედეგადაც წევრთა რაოდენობა 683-ით გაიზარდა და 6 687-ს მიაღწია.

ცვლილება აკადემიის წევრებს შორის მეტი მრავალფეროვნების შეტანის აუცილებლობამ განაპირობა, რადგან მათ შორის აქამდე ძირითადად თეთრკანიანები, მამაკაცები და ასაკოვანნი ჭარბობდნენ. ახალ წევრებს შორის 46% ქალია, 41% კი - ფერადკანიანი.

8-8 ნომინაციით მეორე ადგილზე გავიდა ორი ფილმი - “მთვარის შუქი” და “ჩამოსვლა”. ყველაზე პრესტიჟულ, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იბრძოლებს 5 ფილმი. ესენია: “ლა-ლა ლენდი”, “მანჩესტერი ზღვასთან”, “მთვარის შუქი”, “სიჩუმე” და “ღობეები”.

ფერადკანიანთა რაოდენობა წელს ოსკარების ნომინანტებს შორის იმდენად გაიზარდა, რომ რეკორდულ რაოდენობას მიაღწია. ნომინაცია მიიღო შვიდმა ფერადკანიანმა მსახიობმა, ერთმა ოპერატორმა და ერთმა მემონტაჟემ. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში წარდგენილთა შორის, თითქმის ყველა შავკანიანია.

მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი

კიდევ ერთი, თავისივე დამყარებული, რეკორდი მოხსნა მსახიობმა მერილ სტრიპმა, რომელსაც ოსკარის ახლა უკვე 20 ნომინაცია აქვს. საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის ყველაზე მეტი ჯილდო ოსკარების ისტორიაში კეტრინ ჰეპბერნს აქვს, რომელმაც 4 ოსკარი მოიპოვა. მამაკაცებს შორის კი 3 ოსკარით ჯეკ ნიკოლსონი ლიდერობს.

XS
SM
MD
LG