ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს

გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ და ტელეკომპანია „სიბიესმა“ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარეს. ვის უჭერენ მხარს ამერიკელები, მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას თუ რესპუბლიკელ მიტ რომნის? როგორც შედეგებმა აჩვენა, აზრი თითქმის ორადაა გაყოფილი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.

საარჩევნო ორთაბრძოლის მთელი სიმწვავე ორივე კანდიდატის სარეკლამო რგოლებშია ასახული.
ობამას მხარდამჭერი რეკლამა ამომრჩეველს ამერიკული კომპანიების მიერ სამუშაო ადგილების საზღვარგარეთ გატანას ახსენებს, რასაც მიტ რომნი მხარს უჭერდა.

მიტ რომნი კი თავის მხრივ ამ ბრალდებას უარყოფს და ობამას ახალი დარტყმით პასუხობს.

„მისი პრიორიტეტი არ არის თქვენთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მისი პრიორიტეტი საკუთარი სამუშაო ადგილის შენარჩუნებაა და ამიტომაც ის ამ ადგილს დაკარგავს,“ - აცხადებს მიტ რომნი.

თავს მხრივ, პრეზიდენტი საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს.

„მე გპირდებით, რომ დავასრულებთ 2008 წელს დაწყებულ საქმეს. ჩვენ უკან აღარ წავალთ ჩვენ წავალთ მხოლოდ წინ და ამ არჩევნებს მოვიგებთ,“ - აცხადებს ბარაკ ობამა.

მისი კამპანიის მთავარი მომენტი რომნის და მისი პლატფორმის კრიტიკაა. ამ მოსაზრებას ქუინიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი გამოთქვამს.

„მიმდინარეობს შეჯიბრი ობამას ხალხს და რომნის ხალხს შორის. ობამას გარემოცვა რომნის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს, ხოლო რომნის გარემოცვა კი ამას ეწინააღმდეგება,“ - ამბობს ბრაუნი.

ეკონომიკის რთული ვითარების გამო ობამას არც თუ დიდი არჩევანი აქვს. ის შეტევაზე გადადის.

როგორც ანალიტიკოსი ჩარლი კუკი ამბობს, ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ეკონომიკური ვითარების გამო ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

მიტ რომნის შემდგომი დილემა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სწორად შერჩევაა. ჯერჯერობით ორი სავარაუდო კანდიდატურაა: ოჰაიოელი სენატორი რობ პორტმანი ან მინესოტას ყოფილი გუბერნატორი ტიმ პოლენტი.
XS
SM
MD
LG