ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის ანგარიში კლიმატურ ცვლილებებზე


თეთრი სახლი თვლის, რომ ანგარიშში მოცემული შედეგები საგანგაშოა და ამ ფაქტისკენ მაქსიმალური ყურადღების მიპყრობას ითხოვს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები შეერთებულ შტატებში ზღვის დონის მატებას, მასიურ ხანძრებს და სხვა ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს. პრეზიდენტი ობამა კლიმატური ცვლილებების პროცესის შესაჩერებლად სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს.

ექსტრემალური ამინდის სიხშირემ მილიონობით ამერიკელის ცხოვრება შეცვალა. ობამას ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ეს ფაქტები კლიმატური ცვლილებების მიმართ მეტი ყურადღების მიპყრობას შეუწყობს ხელს.

ამერიკის მთავრობის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში საგანგაშოა. თეთრი სახლის პრესსპიკერ -ჯეი კარნის- თქმით, შედეგები შორეული მომავლის პერსპექტივა აღარ არის: „ეს უკვე ხდება და ეს არის ის, რაც ანგარიშს უდევს საფუძვლად“.

ფედერალური კვლევა ადასტურებს, რომ კლიმატური ცვლილებების განმეორებადობა თანდათან უფრო შემაშფოთებელი ხდება, იწვევს რა ქრონიკულ წყალდიდობებს, ზღვის დონის მერყეობას, გვალვებს, მასშტაბურ ხანძრებს და კვების პროდუქტების წარმოების შემცირებას.

ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ანგარიშში მოცემული შედეგები საგანგაშოა და ამ ფაქტისკენ მაქსიმალური ყურადღების მიპყრობას ითხოვენ. მათ იმედი აქვთ, რომ ანგარიშს საკმარისი სამეცნიერო ფუნდამენტი აქვს იმისათვის, რომ კლიმატური ცვლილებების რეალურობა დაადასტუროს და დაასაბუთოს, კაცობრიობამ მის შესაჩერებლად სასწრაფო ზომები უნდა გაატაროს.

თუმცა, ამერიკული საზოგადოების ნაწილი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ისინი აცხადებენ, რომ კლიმატური ცვლილებების უშუალოდ ადამიანის საქმიანობასთან, მათ შორის წიაღისეული საწვავის წვასთან დაკავშირებისთვის, საკმარისი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

ბენჯამინ ზაიკერი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში ენერგორესურსების ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციის ანგარიში პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ცოტა ძნელია ხალხი აპოკალიპტურ პროგნოზებში დაარწმუნო, როცა ამ მიმართულებაზე დაკვირვების საკმარისი გამოცდილება უბრალოდ არ არსებობს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ ანგარიშის გამოქვეყნება სენატში ენერგიის დაზოგვის კანონმდებლობის განხილვას ემთხვევა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, დებატების განახლებას წინააღმდეგობებით სავსე კეისტოუნის მილსადენზეც გამოიწვევს. პროექტს ნავთობის ლობები უჭერენ მხარს, მათი მთავარი ოპონენტები კი გარემოს დამცველები არიან.
XS
SM
MD
LG