ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით, 2001 წელს ნიუ-იორკზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში დაზარალებულ ადამიანებს და 3 ათასამდე დაღუპულის ოჯახებს საშუალება მიეცემათ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საუდის არაბეთის მთავრობას უჩივლონ.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამ საკანონმდებლო აქტის შედეგად, უცხოეთში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეები ლეგალური რისკების ქვეშ აღმოჩნდებიან. “ჩვენი აზრით, ეს ცუდი კანონპროექტია” - თქვა ჯოშ ერნესტმა, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა. კონგრესი სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება, რაც კანონმდებელთა ორი მესამედის თანხმობას საჭიროებს.

კანონპროექტის მხარდასაჭერ კამპანიას აქტიურად ეწეოდნენ 11 სექტემბრის ტერაქტში გადარჩენილი ადამიანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. თავად საუდის არაბეთი ამერიკის ისტორიაში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტში ნებისმიერი სახით მონაწილეობას უარყოფს. თუმცა, 19-დან 15 ამოცნობილი თავდამსხმელი, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე მომხდარ ტერაქტებში 4 თვითმფრინავის გატაცებას მეთაურობდნენ, საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG