ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ასადის გადადგომას კვლავ მოითხოვს


ბარაკ ობამა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გაფრთხილებას იძლევა

ორშაბათს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს გადადგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება სირიის მთავრობის მიერ შეცვლის ამერიკის დამოკიდებულებას სირიის მიმართ. „ამერიკის ხმის” თეთრი სახლის კორესპონდენტი, დენ რობინსონი მოგვითხრობს დეტალებზე.

პრეზიდენტმა განცხადება თეთრი სახლის სათათბირო ოთახში მოულოდნელი გამოჩენისას გააკეთა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო მედიის უკმაყოფილებით პრეზიდენტის მხრიდან რეგულარული პრეს კონფერენციების თავიდან აცილების გამო.

სირიის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის პრეზიდენტი ასადი არ ითვალისწინებს გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაკარგა კანონიერი ძალა და რომ უნდა დათმოს სადავეები.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაფიო შეტყობინება გააგზავნა იმის თაობაზე, რომ საკუთარი ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩათრევის ნაცვლად, მან [ასადმა] პოლიტიკური ჩანაცვლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. თუმცა, ამ ეტაპზე, ასადის ხელისუფლებიდან მარტივად წასვლის პერსპექტივა საკმაოდ შორია,” - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტმა ობამამ შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკა განაგრძობს აღნიშნულ დახმარებებს, განსაკუთრებით ლტოლვილთა დასახმარებლად, რომლებიც ცდილობენ ბრძოლებს თავი დააღწიონ.

პრეზიდენტის თქმით, დახმარება ასევე ითვალისწინებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური ჩანაცვლება, მათ შორის იმ პრინციპების გათვალისწინების შესახებაც, რომლებიც დაცული უნდა იქნას სირიაში უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების პატივსაცემად.

პრეზიდენტი ობამას თქმით, სირიაში „სამხედრო მონაწილეობის” შესახებ ბრძანება მას არ გაუცია. თუმცა, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გულდასმით აკვირდებიან ვითარებას და რომ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება ან გადაადგილება მის „გაანგარიშებას” შეცვლის.

„გათვალისწინებული გვაქვს მთელი რიგი საგანგებო გეგმები. რეგიონის ყველა მოთამაშეს ვაცნობეთ, რომ ეს ჩვენთვის წითელი ხაზია [იგულისხმება სერიოზული შეშფოთების საგანი] და რომ მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ქიმიური იარაღის გადაადგილებას ან გამოყენებას. ეს ჩემს გათვლებს მნიშვნელოვნად შეცვლის,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „არ დაუშვებს ვითარებას, სადაც ქიმიური იარაღი ბოროტი ადამიანების ხელში ხვდება” და განმარტა, რომ ვაშინგტონმა საკუთარი პოზიცია ამ წითელი ხაზის შესახებ „ძალიან კმაფიოდ” განუმარტა ასადის ხელისუფლებას და „სხვა მოთამაშეებს.”

პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების მოკავშირეები რეგიონში, მათ შორის ისრაელი, ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას სირიაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

პრეზიდენტმა ობამამ კომენტარი გააკეთა ასევე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ამერიკისა და „ნატო”-ს ჯარისკაცების მკვლელობის უახლეს ფაქტებთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ამგვარ თავდასხმებში, წელს, კოალიციის 39 თანამშრომელია მოკლული.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ „ძალზედ შეშფოთებულია” ამ ფაქტის გამო და რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ის ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის „დაუკავშირდება”. მან ასევე განმარტა, რომ იგი ესაუბრა ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარტინ დემპსის, რომელიც ავღანეთში „ნატო”-სა და ავღანეთის ოფიციოზს შორის გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG