ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული რეიტინგები


ობამა - 46 პროცენტი, რომნი - 43 პროცენტი

შეერთებულ შტატებში ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ობამას და მის კონკურენტ რესპუბლიკერ მიტ რომნის შორის რეიტინგებში მცირედი სხვაობაა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯიმ მალონი არკვევდა.

ქუინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ობამას ამომრჩეველთა 46 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო მიტ რომნის 43 პროცენტი. რესპუბლიკელების კანდიდატმა ჰიუსტონში შეკრებილ ამომრჩეველს განუცხადა, რომ ის ობამაზე უკეთ მოაგვარებს ეკონომიკურ ვითარებას და შეამცირებს უმუშევრობას აფრო-ამერიკელებში, რომელიც ამ მომენტისთვის 14,4 პროცენტს აღწევს. ხოლო, მთლიანად შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 8.2 პროცენტს შეადგენს.

„მე ვაპირებ გავაუქმო ყველა არასაჭირო და ძვირი პროგრამა, ობამას ჯანდაცვის რეფორმის ჩათვლით და ვაპირებ ვიმუშავო რეფორმების განხორციელების და გადარჩენის მიზნით,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.

ამავე გამოსვლაში მიტ რომნიმ ერთი სქესის ქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ის საკითხია, რომელსაც აფრო-ამერიკულ მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნია.

მიტ რომნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრადიციულ ქორწინებას და ძლიერ ოჯახებს შეუწყობს ხელს.

არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება. ორივე კანდიდატი ამომრჩევლის მობილიზებას მაქსიმალურად ცდილობს.

აიოვაში მომხრეების წინაშე გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მართალია მიტ რომნი მის მიღწევებს აკრიტიკებს, თუმცა ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ხალხს უკეთეს პროგრამას ვერ სთავაზობს.

„აგრესიული რიტორიკა ეკონომიკას რასაკვირველია ვერ უშველის. მას არ გააჩნია ჩვენი საშუალო ფენის გაძლიერების გეგმა. ეს გეგმა მე მაქვს,“ - მიმართა ობამამ აიოველებს.

პიტერ ბრაუნი ქუინიპიაკის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

„ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ობამა მცირედით, მხოლოდ სამი პროცენტით უსწრებს რომნის. ცდომილების ალბათობა ძალიან მცირეა. ეს არის არჩევნები, როდესაც რეიტინგები ძალიან მიახლოებულია,“ - ამბობს პიტერ ბრაუნი.

მისი თქმით, პრეზიდენტი კარგად სარგებლობს დაოჯახებულ და დაუოჯახებელ ამომრჩეველს შორის დიდი სხვაობით. მიტ რომნის უფრო მეტად დაოჯახებული ამომრჩეველი უჭერს მხარს, ხოლო მარტოხელა ამომრჩევლები და განსაკუთრებით მარტოხელა ქალები პრეზიდენტ ობამას უჭერენ მხარს.
როგორც პიტერ ბრაუნი ამბობს, ბარაკ ობამა სატელევიზიო რეკლამებში მიტ რომნის წინააღმდეგ მილიონობით დოლარს ხარჯავს.

„ამერიკელებს, იმის მიუხედავად თუ ვის ემხრობიან, პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა აქვთ. მათ ის ან უყვართ ან არა. ბატონ რომნისთან ვითარება ნაკლებად ნათელია, თუ რამდენად განსაზღვრავს მიტ რომნის ამომრჩეველი გამარჯვებულ კანდიდატად,“ - ამბობს პიტერ ბრაუნი.

მისი თქმით, ბოლო კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ფაქტორი კვლავ შიდა ეკონომიკა იქნება.
XS
SM
MD
LG