ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლი


პრეზიდენტს სურს, რომ კონგრესმა მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი

კოლორადოელების მეხსიერებაში დღემდე ცოცხლობს ორი საშინელი მოვლენა: გასულ წელს ქალაქ ავრორაში მომხდარი სროლა, რის შედეგადად 12 ადამიანი დაიღუპა და 1999 წელს კოლამბინის სკოლაში ასევე სროლის შედეგად დაღუპული 13 ადამიანი. შტატის საკანონმდებლო ორგანომ, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, იარაღის შეზღუდვაზე მკაცრი კანონები მიიღო. ამ რეგულაციების თანახმად იარაღის ყველა შემძენს შემოწმების გავლა მოეთხოვება. ასევე იზღუდება მჭიდების მოცულობაც. დენვერის პოლიციის აკადემიაში პრეზიდენტი ობამა შტატის პოლიციელებს და შტატის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას ორივე ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ობამამ ასევე გაიხსენა გასული წლის დეკემბერში კონექტიკუტის შტატის ნიუთაუნში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მან განაცხადა, რომ კონგრესმა კოლორადოს მაგალითს უნდა მიბაძოს და იარაღზე მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
„ყოველდღე, როდესაც რაიმეს გაკეთებას ველით ამ საკითხის მოგვარების მიზნით, ტყვიით დაკარგული ჩვენი სიცოცხლის ერთი დღეა,“ - განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტს სურს, რომ კონგრესმა მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება სამხედრო სტილის შემტევი იარაღის გაყიდვა, დაწესდება მკაცრი კონტროლი იარაღის შეძენაზე და შეიზღუდება გასაყიდი მჭიდების მოცულობა. პრეზიდენტმა რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდა არ დაბლოკონ დემოკრატების მიერ შექმნილი კანონპროექტი. დებატები ამ საკითხზე მომავლ კვირაში დაიწყება.თეთრი სახლი და იარაღის შეზღუდვის მომხრეები ამ საკითხზე პოლიტიკური პროცესის ნელი ტემპის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. პრეზიდენტმა ობამამ კანონმდებლებს რიტორიკის დასრულებისკენ და მოქმედედისკენ მოუწოდა. მან ოპონენტების ბრალდებასაც უპასუხა, რომლის თანახმად ადმინისტრაცია მოქალაქეებს იარაღზე შეზღუდვის დაწესებით კონსტიტუციურ უფლებას ართმევს.
„აქ არ უნდა იყოს კონფლიქტი ჩვენი მოქალაქეების დაცვასა და კონსტუტუციის მეორე ჩასწორების უფლებას შორის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მრჩეველი დენ პფეიეფერი ამბობს, რომ ბარაკ ობამა სწორ გზაზე დგას, იმ დროს როდესაც რესპუბლიკელებმა ამ კანონპროეტის დაბლოვით შესაძლოა რეიტინგი დაკარგონ.
„მათ სიტუაციას ვერ დაეხმარება იარაღის შეზღუდვის კანონპროექტის დაბლოკვა, რომელსაც მოსახლეობის 90 პროცენტი უჭერს მხარს,“ - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.
ამასობაში პრეზიდენტი ობამა ამ საკითხზე საზოგადოების აზრის მობილიზებას აგრძელებს. ოთხშაბათს კონექტიკუტის შტატშიც, კოლორადოსა და ნიუ-იორკის მსგავსად იარაღზე კონტროლის გამკაცრების კანონი მიიღეს.
XS
SM
MD
LG