ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელია ამერიკის მუსიკალური კონკურსის American Idol ნახევარფინალში


ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე

კვირას, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის ნახევარფინალში, სახელად American Idol. 30 აპრილის გადაცემა, რომელსაც შეერთებულ შტატებში ხშირად მეგა-სანახაობას უწოდებენ, ლოს-ანჯელესის საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირი ეთერით გავა ამერიკულ ტელეარხზე ABC („ეი-ბი-სი“).

ამერიკულ მედიაში წერენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, შოუს 21-წლიანი ისტორიის მანძილზე, როცა 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა უცხოელი შემსრულებელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან არ არის. ნუცა საქართველოს ისტორიაშიც პირველი მომღერალია, რომელიც ამ რეზონანსულ ამერიკულ პროექტში მონაწილეობს.

გადაცემის წლევანდელი, 21-ე სეზონის პრემიერა 2023 წლის 19 თებერვალს გაიმართა. მუსიკალური კონკურსის ჟიურიში არიან: ლაიონელ რიჩი - მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ქეითი პერი და ლიუკ ბრაიანი - ასევე ცნობილი ამერიკელი მომღერლები.

კონკურსის ჟიურის წევრები: ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი და ლიუკ ბრაიანი
კონკურსის ჟიურის წევრები: ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი და ლიუკ ბრაიანი

ნუცა ბუზალაძემ წარმატებით გაიარა ჯერ კონკურსის შესარჩევი ტური და შემდეგ კი რამდენიმე რთული საფეხური. ამ ეტაპზე, 30 აპრილის გადაცემის შემდეგ, დარჩება მხოლოდ 5 ეპიზოდი, რომლებიც 1, 7, 14, 15 და 21 მაისს გავა ეთერში.

„ფეისბუქზე“ გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში, ნუცა გულშემატკივრებს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ ახლა გამარჯვებულს ჟიური ვეღარ შეარჩევს და ყველაფერი მხოლოდ მაყურებელთა მხრიდან ხმის მიცემაზე იქნება დამოკიდებული. კონკურსანტების რიცხვი საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე ყოველ კვირა შემცირდება. სასურველი მომღერლისთვის ხმის მიცემა მხოლოდ გადაცემის პირდაპირი ეთერის დროს იქნება შესაძლებელი - მისი დაწყებიდან, ბოლო სარეკლამო ინტერვალამდე.

„ხმის მიცემა ამ კვირას და ორშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს! ლაივის ბოლოს გამოვლინდება ვინ გადადის შემდეგ ტურში! ესე იგი, ხმას ვაძლევთ კვირას და ორშაბათს. ლაივი მიმდინარეობს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს რომ ხმის მისაცემად გვექნება მხოლოდ 2 საათი… იწყება ლოს-ანჯელესის დროით 5 საათზე, ნიუ-იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით ვაყენებთ მაღვიძარას დილის 4-ზე და ვერთვებით... მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote; მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol App; მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე - 21523. ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს“ - წერს ნუცა ბუზალაძე თავის „ფეისბუქის“ გვერდზე.

American Idol-ის ფინალი 21 მაისს გაიმართება, რომელიც კონკურსის გამარჯვებულ მომღერალს გამოავლენს. მას მთავარ პრიზს - კონტრაქტს ხმის ჩამწერ სტუდიასთან - კონკურსის წინა წლის გამარჯვებული გადასცემს. გამარჯვებულს ასევე გადაეცემა ფულადი ჯილდო 250 000 დოლარის ოდენობით.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG