ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგაშოდ დაბინძურებული ჰაერი თუ კვლევის განსხვავებული მეთოდოლოგია


ჰაერის დაბინძურების გამო საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის შესახებ კვლევა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა, რომელზე დაყრდნობით შექმნილ სტატიებში, რაც ამერიკულ მედიაში ჩნდება, თბილისის ფოტოს ქვეშ ისეთ მინაწერსაც წააწყდებით, სადაც მითითებულია, რომ არ გაგასულელოთ საქართველოს სილამაზემ, სინამდვილეში აქაურ მთებში ჰაერი სასიკვდილოდ მომწამვლელია. კვლევის თანახმად, საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე უარესი მდგომარეობა აქვს, ის თითქმის მთლი ასეული მაჩვენებლით უსწრებს ჩინეთს, რომელიც მესამე ადგილზეა. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში 100 000 მაცხოვრებლიდან 292 ჰაერის დაბინძურების გამო იღუპება.

ამ საგანგაშო მონაცემების გადამოწმებისა და ახსნისთვის ამერიკის ხმამ რამდენიმე რესპონდენტი ჩაწერა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: “ახლა, ერთი კვლევის შედეგები მიდევს წინ და თბილისს, მაგალითად, აქვს 570 ერთეული და არის 29–ე ადგილზე. კიბატონო, სტოკჰოლმს აქვს 2860 ქულა და მოწინავეთა რიგებშია, მეექვსე ადგილზეა, მერე მოჰყვება ოსლო, ლონდონი ... ვარშავა 26–ე ადგილზეა და თბილისი ოცდამეცხრეა, რასაც მოჰყვება თეირანი, სტამბული, ვარნა, კრაკოვი, რომელიც 37–ე ადგილზეა. რატომ? იმიტომ რომ, გათბობის მიზნით იქაც ხშირად იყენებენ მყარ საწვავს, მურა ქვანახშირს, რაც ბუნებრივია, რაღაც მაჩვენებლებში მათ მდგომარეობას აუარესებს. დელი მაგალითად, 122–ე ადგილზეა, პეკინი 85–ე ადგილზე. ობივატელის დონეზეც რომ შევხედოთ, ჩვენი ქალაქი, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება იყოს პირველ ადგილზე? გამწვანების მხირვ არ გვაქვს ჩვენ მთლად სახარბიელო კოეფიციენტი, თითქმის ნახევარია, რაც უნდა იყოს მსგავსი ტიპის ქალაქებში, მაგრამ ასევე მინდა დაინახოთ პროცესი და მინდა დაიჯეროთ, რომ მუნდირის ღირსებას კი არ ვიცავ, რეალურად, მინდა სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს... რაც შეეხება იქნება თუ არა ხელისშემშლელი მსგავსი ტიპის ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით, კითხვას, შემიძლია გითხრათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტრო არის მეორე კონტრიბუტორი. იმ საგზაო რუკით, რომელიც ჩვენ გვაქვს, გაწერილია ვალდებულებები ორი, ოთხი, შვიდი და ცხრა წლით. არც ერთი მიმართულებით ჩამორჩენა არ გვაქვს. შეფასების მისიების მიერ ჩვენი საქმიანობა არ მინახავს, რომ შეფასებულიყოს უარყოფითად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აპირებს ჩამოვიდეს და შეაფასოს აქ ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც მივესალმები. ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ევროკავშირის, თუ ნებისმიერ სხვა კონტექსტში, ჩვენ მზად ვართ ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ. დაბეჯითბით ვამბობ, რომ ენერგეტიკული სააგენტოს მიერ აღწერილი ვითარება არ შეესაბამება რეალობას. მე მაქვს ხელთ ინდიკატორული გაზომვები, ავტომატური სადგურების მიერ გაზომვის შედეგები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები. აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია და ჩემი ნათქვამი არის მყარი.“

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც კვლევის მეთოლოგიაშია გამოყენებული ითვალისწინებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის გაზომვას როგორც ატმოსფეროში, ასევე შენობებში. ეს უკანასკნელი კი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შენობებში თამბაქოს წევის, ასევე გათბობისა და საკვების მომზადებისთვის შეშის გამოყენების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სურათს რადიკალურად უარესობისკენ ცვლის. თამუნა ბაგრატია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ეს დიაგრამა რეალურად 2012 წელსაა გაკეთებული და მოიცავს არა მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერს, არამედ, შენობა–ნაგებობების ჰაერსაც. ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით იმის შესახებ, თუ რა პირველადი ინფორმაციაა ამ მეთოდოლოგიაშიგამოყენებული. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს პრობლემები ჰაერთან მიმართებით. პირადად მეც არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად გვაქვს გადაჭარბებები მტვრის დასაშვებ კონცენტრაციასთან მიმართებით, მაგრამ ასეთი ატმოსფერული ჰაერი ნამდვილად არაა საქართველოში, რომ მსგავს რეიტინგში პირველ ადგილს ვიკავებდეთ.“

ამერიკის ხმა გარემოსდამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელს მანანა ქოჩლაძეს ესაუბრა: „მაგალითად, სატელიტური კვლევები ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში მაღალი დაბინძურებაა ნახევარ ნაწილაკებზე. ასევე საქართველოში მოვიხმართ ძალიან დიდი რაოდენობით მყარ საწვავს, შეშა მაქვს მხედველობაში, რაც ასევე ერთ–ერთი ძირითადი წყაროა ამ შეწონილი ნაწილაკების. სწორედ, ამიტომ, ის მოდელი, რომელიც შეიქმნა, აჩვენებს მთელ იმ რისკ–ფაქტორებს, რამაც შეიძლება ადამიანი საბოლოო ჯამში მიიყვანოს სიკვდილამდე სხვადასხვა დაავადებების დროს, როდესაც ასეთ გარემოში ცხოვრობს.“

მომავალ კვირას საქართველოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელიან. მათთან შეხვედრის შემდეგ დეტალურად გაირკვევა კვლევის მეთოდოლოგია და გვექნება ზუსტი პასუხი იმის შესახებ მართლაც საქართველოშია ყველაზე უარესი ვითარება მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურებით სიკვდილიანობის თვალსაზრისით თუ არა.

XS
SM
MD
LG