ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიქოზი საერთაშორისო ფესტივალს მეექვსედ მასპინძლობს


ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი კონფლიქტის ზონის სოფელ ნიქოზში დღეს გაიხსნა.

მრავალფეროვანი პროგრამა და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან – ზოგი როგორც მაყურებელი და ზოგი როგორც ფესტივალის მონაწილე ცხინვალიდან 500 მეტრში, როგორც ადგილობრივები ამბობენ – ერთი ხელის გაწვდენაზე, კულტურულ ფოიერვერკს მოაწყობენ.

საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში წელს უკვე მეექვსედ იმართება და მის ჩატარებას კონკრეტულად ამ ადგილას კულტურულთან ერთად, უმნიშვნელოვანესი სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. 2008 წელს რუსულმა ავიაციამ ნიქოზი სასტიკად დაბომბა. ეგრეთ წოდებული კასეტური ჭურვებით მაშინ მეთერთმეტე საუკუნის საეპისკოპოსო რეზიდენციაც სანახევროდ დაინგრა, სამონასტრო კომპექსის ნაწილი კი მთალიანად დაიწვა.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია ამ მოვლენებს ადგილზე შეესწრო. მომდევნო წლებში მან გადამწვარი და დაბომბილი კომპლექსი ფაქტობრივად საკუთარი ხელით არა თუ აღადგინა, არამედ კულტურული და სოციალური ფაქტორებითაც დატვირთა. ნიქოზში ხელოვნების სკოლა გახსნა, სადაც ანიმაციის სტუდია, ჩრდილების თეატრი, უცხო ენებისა და მუსიკის, ასევე ხალხური მრეწველობის სხვადასხვა დარგის კურსები ჩამოაყალიბა და შექმნილი პროდუქციის რეალიზებისა და სხვათა ნამუშევრების გაზიარებისთვის საერთაშორისო ფესტივალიც დააფუძნა.

ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომის დასაწყისში ნიქოზი, რომელიც სხვა კონფლიქტის ზონის სოფლების მსგავსად უდიდეს სოციალურ სიდუხჭირეს განიცდის, მუსიკისა და ცეკვის ხმებით ივსება. თავად მეუფე ისაია უკვე მესამე წელია პირადად ვეღარ ესწრება მისსავე დაარსებულ ფესიტვალს, რადგან იგი ფაქტობრივ ტყვეობაში იმყოფება. რაკი მისი მოღვაწეობის ტერიტორია არა მხოლოდ ნიქოზი, არამედ ცხინვალიცაა, იგი ხშირად გადაადგილდებოდა ახალგორის მხარეს სხვადასხვა ეკლესიებში. სამი წლის წინ რუსმა მესაზღვრეებმა მას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და მას შემდეგ მიტროპოლიტი ისაია ნიქოზში, ისევე როგორც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიაზე ვეღარ ჩამოდის.

„საერთაშორისო ფესტივალი განსაკუთრებით ამ მძიმე და რთული რეგიონისთვის, კონფლიქტის ზონისთვის არის მეტად აქტუალური და საჭირო. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც გამოივლიან შორ და არც თუ იოლ გზას და აქ მოდიან, მნიშვნელოვანი მომენტია ეს," გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, რომელიც ფესტივალის გახსნას ესწრებოდა:

საერთაშორისო ფესტივალი განსაკუთრებით ამ მძიმე და რთული რეგიონისთვის, კონფლიქტის ზონისთვის არის მეტად აქტუალური და საჭირო.
დავით ონიაშვილი

მეუფე ისაიას საკითხთან დაკავშირებით კი გამგებელი შემდეგს ამბობს: "მას რომ ჰქონოდა სპეციალური დოკუმენტი, რაც გადაადგილების შესაძლებლობას მისცემდა და არ დამდგარიყო საკითხი ხისტად: რომ მხოლოდ გადმოსვლის შესაძლებლობებს მისცემდნენ და შემდეგ აღარ შეუშვებდნენ, ტარდებოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. როგორც ვიცი, ეს მოლაპარაკებები საპატრიარქოების დონეზეც მიმდინარეობდა. ჩემი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი არამგონია, კორექტული იყოს, რადგან ეს საპატრიარქოს პრეროგატივაა. რუსების მხრიდან ასეთი პირობაა დაყენებული: თუ დატოვებს ამჟამინდელ სამყოფელს და გადმოვა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შემდეგ აღარ შეუშვებენ უკან. ამიტომ არ ბრუნდება“.

„მეუფე ისაია ფიზიკურად არაა აქ, მაგრამ ყველა ჩვენი ნაბიჯის შესახებ იცის“,– "ამბობს ამერიკის ხმასთან" მამა დავით ჭიღლაძე, რომელიც ამჟამად ნიქოზში მთავარი ორგანიზატორია.

„აქედან ცხინვალი ხელის გაწვდენაზეა. სოფელი ისეთია, რომ თუ პირობები არ გაქვს, მაგალითად წყალი არ გაქვს და მოსავალი არ მოგყავს, აქ ვერ იცხოვრებ. ამ ბოლო დროს სარწყავი სისტემა კი აღდგა, მაგრამ ამასობაში, სანამ ეს გაკეთდა, ხალხისგან დაიცალა ეს ადგილები. ცალკე კიდევ სროლებია და უბედურებები ხდება. ამ პირობებში ბავშვი გააჩერო სოფელში, ცოტა რთულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩვენი ხელოვნების სკოლაც არ არსებობდეს. ბავშვებმა სად უნდა იარონ?,“ ამბობს ის.

ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში ერთ კვირას გასტანს და 6 სექტემბერს დასრულდება. მისი პროგრამა ფართო და მრავალფეროვანია და სტუმრებს იქ სიხარულით ხვდებიან.

XS
SM
MD
LG