ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზის ბატარეები ნიუ იორკში


მაიკლ ბლუმბერგის მორიგი ინიციატივა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განათებულ ქალაქში მზის ენერგიის გამოყენებას ზრდის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
თუ რას ნიშნავს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, ეს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ნიუ იორკის მერმა კარგად იცის. სწორედ ამიტომ, მაიკლ ბლუმბერგმა ბირთვული ენერგიის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის გამოყენებასთან ერთად, გადაწყვიტა ქალაქში ენერგიის გამომუშავების კიდევ ერთი სისტემა დაამკვიდროს. საუბარია მზეზე, რომელიც ბევრად უფრო სუფთა და ულიმიტო ენერგიის წყაროდ მიიჩნევა.

ნიუ იორკს გაჩახჩახებული ცათამბრჯენებით ცნობენ, თუმცა, ის საცხოვრებლად პირქუშ და მკაცრ ქალაქად ითვლება. ბლუმბერგს სურს, ეს სტერეოტიპები დაანგრიოს და ნიუ იორკი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე „მწვანე“ ქალაქად აქციოს. ქალაქის მერის მიერ დაწყებული საცდელი პროგრამა მზის ბატარეების დაყენებას ჯერჯერობით მხოლოდ 10 შენობაზე ითვალისწინებს.

„მზის ბატარეები სკოლებზე, სახანძრო სამსახურის შენობებზე, პოლიციის დეპარტამენტის და რამდენიმე კორპუსზე მონტაჟდება. ნიუ იორკი სამაგალითო ქალაქი გახდება და მას ბევრი მიბაძავს. კერძო სკოლების მფლობელმა კომპანიებმა ანალოგიური სისტემების დაყენების სურვილი უკვე გამოთქვეს,“ - აცხადებს ქალაქის მერი.

ერთ-ერთი პირველი ბლუმბერგის ინიციატივას კომპანია „რივერ თუ რივერ რეალთი“ (River 2 River Realty) გამოეხმაურა. ის მანჰეტენზე რამდენიმე მაღალი კლასის შენობას ფლობს. კომპანიის პრეზიდენტის, დენ ნიდიჩის გადაწყვეტილებით, მისი ერთ-ერთი 47-სართულიანი, მდიდრული საცხოვრებელი სახლის სახურავზე, რომელიც შუა მანჰეტენზე მდებარეობს, მზის ბატარეები დამონტაჟდება. მსგავს ფირმებს ქალაქის და შტატის მესვეურები სანაცვლოდ უხვ საგადასახადო შეღავათებს ჰპირდებიან.

„ჩვენ ვიქნებით მზის ენერგიის გამომყენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა შეერთებულ შტატებში. ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 20 პროცენტით შემცირდა. გადასახადებს რაც შეეხება, თითქმის 50 პროცენტი დაგვიბრუნდება. ეს ფაქტიც ძალიან მოგვწონს და ისიც სასიამოვნოა, რომ ჩვენი საქმე გარემოს დაცვასაც წაადგება. რა ჯობია, როცა ფულიც გეზოგება და თან პლანეტის გადარჩენაზე ზრუნავ,“ - აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ნიუ იორკში ბევრია ისეთი ხალხი, ვინც საცხოვრებლად მსგავს ნაგებობას ირჩევს. ასეთი შენობები კი ქალაქში ჯერჯერობით ძალიან ცოტაა. კომპანიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიის სრულყოფის შემდეგ მანჰეტენზე მზის ენერგიას ყველა შენობა გამოიყენებს.

ტექნოლოგები თვლიან, რომ არ არის აუცილებელი, მზის ბატარეა მხოლოდ სახლის სახურავებზე დამონტაჟდეს.

„სინათლის გამტარია და თან ელექტროენერგიას აწარმოებს,“ ამბობს კარლოს ბერგერი, ბრუკლინში მდებარე პატარა ფირმიდან „ვოლტაკ სოლარი“ (Voltaic Solaire) და გამჭვირვალე სოლარულ ფირფიტებს გვიჩვენებს, რომლითაც სახლის ფასადის მოპირკეთება შეიძლება.

აღნიშნული ტექნოლოგია იაფი არ არის. თუმცა ჯეკ ჰიდარი, კომპანია „სამბა ენერჯის“ (Samba Energy) დამფუძნებელი, ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში მზის ენერგიაზე მომუშავე შენობების რაოდენობის ზრდასთან ერთად ტექნოლოგიის ფასი ეცემა და თავად ტექნოლოგიაც უფრო სრულყოფილი და ეფექტური ხდება. ჰიდარის რჩევით, მზის ბატარეები მისმა ძმამ ბრუკლინში, საკუთარ სახლში დააყენა და დღეს იმაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მის ოჯახს სჭირდება.

მრიცხველი მის ბრუკლინის სახლში უკუღმა ტრიალებს. იმიტომ კი არა, რომ საკმარის ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტ ენერგიას ის ყიდის და ამისთვის კრედიტს იღებს. მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგია ერთი ცენტიც არ უჯდება. ძალიან მიხარია. იმედია ბევრი მიბაძავს, ფულსაც დაზოგავს და პლანეტის დაბინძურებაც შემცირდება,“ - ამბობს ჯეკ ჰიდარი.

გარემოს დამცველები და მეცნიერები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სტატისტიკის მიხედვით, ნიუ იორკში ასთმის და რესპირატორული დაავადებების ბევრად უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე მთელ ამერიკაში. ამ ფაქტს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს აბრალებენ.

„სწორედ ამიტომ, მზის ბატარეების დამონტაჟებით ჩვენ ქვანახშირის წვასაც შევამცირებთ და უფრო ჯანმრთელი მომავალი თაობა გვეყოლება,“ - დასძენს ჯეკ ჰიდარი.

ნიუ იორკის მერის, მაიკლ ბლუმბერგის ინიციატივა 10 შენობაზე მზის ბატარეების დაყენების შესახებ მართალია მასშტაბით მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ის მზის ენერგიის მოხმარებას 3-ჯერ ზრდის. საცდელი პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ფედერალური სუბსიდიებით ხდება. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მზის ბატარეები გაცილებით მეტ შენობაზე დამონტაჟდება. სხვა დანარჩენ ენერგოპროგრამებთან ერთად, ბლუმბერგის თქმით, ქალაქის ბიუჯეტს წლიურად 32 მილიონი დოლარი დაეზოგება.
XS
SM
MD
LG