ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განსხვავებები პრეზიდენტის ძველ და ახალ განკარგულებებს შორის


ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ახალ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, შეერთებულ შტატებში შემოსვლა 6 ქვეყნის მოქალაქეებს სამი თვით აეკრძალებათ, ლტოლვილების შემოსვლა კი ოთხი თვით შეჩერდება. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც 27 იანვარს პრეზიდენტის მიერ მიღებული მსგავსი განკარგულების აღსრულებას ფედერალური სასამართლო ბლოკავს.

„ეს საპრეზიდენტო ბრძანება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, როდესაც ჟურნალისტებს ახალი დოკუმენტის შინაარსი გააცნო. „ პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ დაიცვას ამერიკელი ხალხი“.

ახალი განკარგულებით გათვალისწინებული შეზღუდვები ზოგიერთ საკითხში თითქოს ნაკლებად ხისტია. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, შეასუსტებს თუ არა ის ამგვარი პოლიტიკის მიმართ კრიტიკოსების დამოკიდებულებას, რომლებიც ამას ცალსახად „მუსლიმების წინააღმდეგ მიმართულ აკრძალვად“ მიიჩნევენ.

ახალი განკარგულება ძველისგან რამდენიმე ნაწილში განსხვავდება. თუმცა ჯერ ასევე უცნობია დაიცავს თუ არა ეს განსხვავებები მას მოსამართლეთა მკაცრად უარყოფითი სამართლებრივი შეფასებებისგან.

განსხვავებებიდან ყველაზე შესამჩნევი, „საეჭვო მგზავრთა“ სიიდან ერაყის მოქალაქეების ამოღებაა. ახალი განკარგულებით, შტატებში შემოსვლა ეკრძალებათ მუსლიმური უმრავლესობის მქონე 6 ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ქვეყნებია: ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი.

თუმცა ახალი აკრძალვა მცირე საშეღავათო პერიოდს ტოვებს და მხოლოდ 16 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, არ უნდა შეეხოს ლეგალურად მცხოვრებ, მწვანე ბარათის მფლობელ პირებს, არც მათ, ვინც 2017 წლის 27 იანვრამდე გამოცემულ, მოქმედ ვიზას ფლობდა.

ორშაბათს ხელმოწერილ განკარგულებაში აღარ არის ნაწილი, რომლის მიხედვითაც სირიელი ლტოლვილების ქვეყანაში შემოსვლა გაურკვეველი ვადით იყო აკრძალული. ასევე შეცვლილია ბრძანების ენაც, რომლითაც რელიგიური განსხვავებების ხაზგასმა იყო აშკარა. ამ ასპექტს ბევრი, ტრამპის კამპანიის დაპირებების გაგრძელებად აღიქვამდა, რომელთა მიხედვითაც, ის ქრისტიანი ლტოლვილებისთვის უპირატესობის მინიჭებას გეგმავდა.

ერაყის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ერაყთან განსხვავებული მოპყრობის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერაყის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობა შტატებთან, ამერიკელი დიპლომატებისა და შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ქვეყანაში.

„ეს ყველაფერი და ასევე, ერაყის მნიშვნელოვანი წვლილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამართლებს ამ ქვეყნის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას“, - აცხადებენ პრეზიდენტის წარმომადგენლები.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG