ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას NDI-ს კვლევა ადასტურებს


NDI
NDI

დღეს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოების განწყობის შესახებ ახალი კვლევა წარმოადგინა. ის 7–დან 28 აპრილის პერიოდში გამოკითხული ადამიანების მოსაზრებების მიხედვითაა შედგენილი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2493 დასრულებული ინტერვიუ.

საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს აშშ – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 35 პროცენტი. 10 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ასეთი რუსეთი იქნება. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 18 პროცენტი ამბობს, რომ ამას ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს, 17 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია. 6 პროცენტი ასეთად თურქეთს ასახელებს, 5 პროცენტი კი აშშ–ს. 15 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოში გაწევრიანება დაეხმარება. ევროკავშირს ამ ნაწილში 11 პროცენტი აქვს, ევრაზიულ კავშირს 3, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იმედს კი გამოკითხულთა 16 პროცენტი ამყარებს.

გამოკითხულთა 80 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 12 პროცენტი კი მას მიუღებლად მიიჩნევს. გაწევრიანების მთავარ მოტივაციდ ამ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელდება, ხოლო ის კატეგორია, ვისთვისაც ევროკავშირის წევრობა მიუღებელია, მიზეზად რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობას ასახელებს.

ნატოში გაწევრიანება მისაღებია 68 პროცენტისთვის, 21–სთვის კი მიუღებელი. ამერიკის ხმამ კვლევის შეფასებისთვის რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი თარგამაძე ჩვენთან ამბობს: „ეს კვლევა იმ მხრივ არის საინტერესო, რომ ჩვენ გავდივართ იმ ფარგლებიდან, რასაც ჰქვია ადგილობრივი ელიტების განწყობა და უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექმნება ჩვენი მოსახლეობის რეალურ განწყობებზე, რომელიც შეიძლება ბევრს მოეწონოს, ზოგს არ მოეწონოს... მაგალითისთვის, საინტერესოა პროცენტული მონაცემი, რაც უკავშირდება საბჭოთა კავშირის დანგრევის მიმართ მოსახლეობის 42 პროცენტის ნეგატიურ დამოკიდებულებას. ყველა პასუხისა და დამოკიდებულების ახსნა, აწონვა, გამომწვევი მიზეზების დადგენა შესაძლებელია. მთავარია, ჩვენ კი არ გავღიზიანდეთ ამ პასუხებზე, არამედ რაციონალური, ცივი გონებით გავაანალიზოთ, შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ და რაც მთავარია, არც მოქმედებადაგვეზაროს. მე ვფიქრობ, სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ საინტერესო და ანგარიშგასაწევი კვლევის შედეგებია“.

საინტერესო მონაცემია საბჭოთა კავშირის დაშლისადმი დამოკიდებულების შესახებ. 48 პროცენტი მიიჩევნს, რომ ეს საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 42 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ეს არ იყო კარგი ქვეყნისთვის. აღსანიშნავია, რომ 18–დან 35 წლამდე ასაკის რესპონდენტებს შორის 30 პროცენტი აფასებს ამ მოვლენას უარყოფითად. საინტერესოა ისიც, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს, მაინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

გამოკითხულთა 57 პროცენტი თვლის, რომ რუსეთი დიდ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს მეზობელი ქვეყნებისთვის. 11 პროცენტს მიაჩნია, რომ ის საფრთხე საერთოდ არაა.

რაც შეეხება დამოკიდებულებას რუსული პროპაგანდისადმი, 47 პროცენტს მის არსებობაში ეჭვი არ ეპარება, 27 პროცენტი ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებს, 26 პროცენტმა კი ამის შესახებ არაფერი იცის.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „მე მაინც მგონია, რომ პრობლემა არის იმაში, რომ თვითონ ხელისუფლება ამ პრობლემას არ აღიარებდა. მხოლოდ 2016 წელს ჩაწერა მთავრობამ კომუნიკაციის სტრატეგიაში რუსული პროპაგანდა, როგორც საფრთხე. იძულებული გახდა ეღიარებინა ეს საფრთხედ. მეორეს მხრივ, ის შემადგენლობა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გვყავდა, გვახსოვს როგორი ეკლექტური იყო. წინააღმდეგობრივი გზავნილები, რაც მათგან მოდიოდა, იგივე ნატოსთან, დასავლეთთან დაკავშირებით, შიშის დათესვა მუდმივად, რომ თუ ჩვენ ხმას გავიღებთ და ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს დავიცავთ, ეს გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას, მის ინტერვენციას, შემდგომ საფრთხეს და საომარ მოქმედებებს – ამან იმუშავა და ამის ასახვაა ის განწყობები, რაც ჩვენ ვნახეთ NDI–ს კვლევაში“.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის ცდომილებად + – 2.7 პროცენტს ასახელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG