ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაჩულია ოკლენდელი „მეომარი“ გახდა


"გოლდენ სტეიტმა" კევინ დურანტის შემდეგ, ზაზა ფაჩულიაც დაიმატა

"გოლდენ სტეიტმა" კევინ დურანტის შემდეგ, ზაზა ფაჩულიაც დაიმატა

ზაზა ფაჩულიას რიგით მეექვსე კლუბი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ლიგის 2015 წლის გამარჯვებული და 2016 წლის ფინალისტი, ოკლენდის „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ იქნება. 32 წლის ქართველმა ვარსკვლავმა, გამთენიისას, სუპერ „მეომრებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის მანძილზე, დაახლოებით, 3 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

საკალათბურთო ექსპერტების აზრით, „დალასში“ გატარებული გამორჩეული სეზონის შემდეგ, ფაჩულიას თავისუფლად შეეძლო გაცილებით სარფიანი კონტრაქტი მიეღო (5-დან 10 მილიონამდე), იგივე „შარლოტასგან“ ან „პორტლენდისგან“, თუმცა ქართველმა ცენტრმა, როგორც დიდმა სპორტსმენმა, ხელიდან არ გაუშვა უნიკალური შესაძლებლობა, სუპერვასკვლავებით სავსე „გოლდენ სტეიტის“ მაისური ჩაეცვა.

სტეფ კარი და ზაზა უკვე თანაგუნდელები არიან

სტეფ კარი და ზაზა უკვე თანაგუნდელები არიან

ფაჩულიას გაფორმებამდე ერთ დღით ადრე, ოკლენდელების: სტეფ კარის, კლეი თომპსონის, დრეიმონდ გრინის და ანდრე იგუდალას ლეგენდარულ ოთხეულს, კიდევ ერთი ლეგენდა - კევინ დურანტი დაემატა „ოკლაჰომა სიტიდან“, რამაც „მეომრები“ ახალი სეზონის მთავარ ფავორიტად აქცია.

ზაზა ფაჩულიას პირველი მწვრთნელი ზურაბ სამხარაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კარგად ესმის მისი აღზრდილის მოტივაცია - მიიღოს ნაკლები ანაზღაურება, მაგრამ ითამაშოს საჩემპიონო გუნდში:

"ზაზამ დათმო უკეთესი კონტრაქტები და დათანხმდა უფრო დაბალ ანაზღაურებას, იმ მიზნით რომ საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვოს"

„გოლდენ სტეიტში“ დიდი შანსი აქვს, რომ გახდეს NBA-ს ჩემპიონი. ლიგაში ზაზამ, როგორც მოთამაშემ ბევრ რამეს მიაღწია, ჩემპიონობის გარდა და ახლა მიეცა ეს უდიდესი შანსიც. სწორედ ამის გამო, ვფიქრობ, რომ მან დათმო უკეთესი კონტრაქტები და დათანხმდა უფრო დაბალ ანაზღაურებას, იმ მიზნით რომ საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვოს.

NBA-ში უდიდესი მოთამაშეები იყვნენ, რომლებმაც ისე დაასრულეს კარიერა, ჩემპიონები ვერ გახდნენ, ზაზას ეს შანსი მიეცა და ვფიქრობ - არ უნდა გაეშვა ხელიდან. გამართლებული ნაბიჯია მისი მხრიდან, თუმცა, შეიძლება, ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდეს.“

გოლდენ სტეიტის ახალი ხუთეული

გოლდენ სტეიტის ახალი ხუთეული

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო კარიერა 1993 წელს, დიდუბის საკალათბურთო დარბაზში დაიწყო. პირველ მწვრთნელთან ზურაბ სამხარაძესთან 9 წლის ზაზა, დედამ, ასევე ყოფილმა კალათბურთელმა მარინა კოდუამ მიიყვანა.

13 წლის ასაკში, როცა ზაზას სიმაღლემ უკვე 204 სანტიმეტრს მიაღწია, თბილისში, დემირელის კოლეჯში, ის თურქმა სკაუტებმა შენიშნეს და მალევე სტამბულის „ულქერსფორის“ ბავშვთა გუნდში წაიყვანეს.

სამ წელიწადში ფაჩულია „ულქესფორის“ პირველ გუნდში თამაშობდა, 19 წლის ასაკში კი NBA-ს დრაფტზე დადგა და ნიჭიერი ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქმა“ აიყვანა.

ბოლო 13 წლის მანძილზე, ფაჩულიას კარიერაში იყო: „მილუოკი ბაქსი“ (ორჯერ), „ატლანტა ჰოუქსი“, ლოკაუტის დროს - სტამბულის „გალათასარაი“ და „დალას მავერიქსი“, სადაც ვეტერანმა საკუთარ თავში ახალი ძალები იპოვა. დღეიდან კი ზაზა უკვე ოკლენდელი „მეომარია“, რაც უდაოდ მისი წარმატებული ამერიკული კარიერის პიკია.

პარალელურად, კაპიტან ფაჩულიას წინამძღოლობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ (2011, 2013, 2015) მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება და "მეოთხე გარღვევას" აგვისტო-სექტემბერში გეგმავს.

32 წლის ასაკში, პროფესიონალი კალათბურთელი ფაჩულია უკვე წარმატებული ბიზნესმენიც არის, თბილისში ფლობს სასტუმროების საკუთარ ქსელს - ZP-ს და ასევე, ავითარებს სპორტული დარბაზების ქსელს, „სნეპ ფიტნესის“ მსოფლიო ბრენდის ქვეშ.

დღეს, დიდუბის საკალათბურთო დარბაზი, სადაც ზაზამ კარიერა დაიწყო, უკვე მისი სახელობისაა და იქ, ფაჩულიას აკადემია ფუნქციონირებს. „გოლდენ სტეიტში“ გადასვლის ამბავს ქართველი ვარსკვლავი სწორედ დიდუბის დარბაზში შეხვდა, აქ წინა კვირას NBA-ის საზაფხულო კემპი დასრულდა.

ზურაბ სამხარაძის გუნდი: მარცხნიდან მეორე ფაჩულია

ზურაბ სამხარაძის გუნდი: მარცხნიდან მეორე ფაჩულია

პირველი მწვრთნელი ზურაბ სამხარაძე იხსენებს, თუ რა პირობებში დაიწყო მასთან, დიდუბის დარბაზში, ვარჯიში ზაზამ, 1993 წელს, და რის ხარჯზე მიაღწია ამხელა წარმატებას

„სინათლე არ იყო, დარბაზი იყო გაყინული, საყინულეში ვიყავით მწვრთნელებიც და ბავშვებიც, ორჯელ ფილტვებიც ანთებაც კი გადავიტანე მაგ პერიოდში. მაგრამ ვუძლებდით, ვაგრძელებდით მუშაობას, მოთმინებით უძლებდა ზაზაც..

"ფაჩულიას წარმატების მთავარი საიდუმლო - ნიჭიერებასთან ერთად იყო არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობა. იდეა ფიქსი ჰქონდა, რომ დიდი კალათბურთი უნდა ეთამაშა“

თავიდანვე გამოარჩევდა შრომისმოყვარეობა, მოთმინება და ნიჭიერება. მაშინ ასეთი მაღალი არ იყო, მაგრამ საბოლოოდ სიმაღლეც მისი წარმატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდა. თუმცა, მთავარი მისი წარმატების საიდუმლო - ნიჭიერებასთან ერთად იყო არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობა. იდეა ფიქსად ჰქონდა, რომ უნდა ვითამაშო დიდი კალათბურთიო.“

ფაჩულია და კლეი თომპსონი ერთად შეუტევენ

ფაჩულია და კლეი თომპსონი ერთად შეუტევენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მომავალი სეზონის ფავორიტის - „გოლდენ სტეიტის“ ისტორიაში ზაზა ფაჩულია რიგით მეორე ქართველი კალათბურთელია. 2005 წელს, „დენვერ ნაგეთსიდან“ „მეომრებში“ 21 წლის ნიკოლოზ ცქიტიშვილი გადავიდა, თუმცა მან ოკლენდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო, სულ 12 შეხვედრა ჩაატარა და მალევე, თავისუფალი აგენტის სტატუსით, „მინესოტაში“ წავიდა.

„გოლდენ სტეიტი“ ოთხჯერ იყო NBA-ს ჩემპიონი (1947, 1956, 1975 და 2015) და ბოლო სეზონში, მეხუთედ შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში გამარჯვება. თუმცა, „მეომრებმა“ მაისში, სენსაციურად დათმეს შვიდ მატჩიანი ფინალური სერია „კლივლენდთან“ 3-4, მაშინ როცა იგებდნენ 3-1-ს.

ზაზა ფაჩულია

საქართველოს ნაკრების ცენტრი

ბოლო 13 წლის მანძილზე, NBA-ში გამოიმუშავა 30 მილიონი დოლარი

კარიერა

მართვე თბილისი 1993-1999

ულქერსფორი სტამბული 1999-2003

ორლანდო მეჯიქი 2003-04

მილოუქი ბაქსი 2004-05

ატლანტა ჰოუქსი 2005-2013

გალათასარაი სტამბული 2011

მილოუქი ბაქსი 2013-15

დალას მავერიქსი 2015-2016

გოლდენ სტეიტ უორიორსი 2016-დან

XS
SM
MD
LG