ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორიოდე კვირაში ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართება. ელის თუ არა პრიზი საქართველოს ვარშავიდან? გაძლიერდება თუ არა მისი უსაფრთხოების მექნიზმები და თავდაცვის სისტემა და კონკრეტულად რა მიმართულებით? ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებისა და გამოწვევების შესახებ თბილისში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომლის სპიკერებს შორის გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში აკრედიტებული ელჩები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, ელჩის მოადგილე აშშ–დან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ნატოს წარმომადგენლები და სხვები.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საჭიროება ევროპის წინაშეც ისევე მწვავედ დგას, როგორც საქართველოსთვის. ამერიკის ხმასთან მინისტრი ამბობს: „ჩვენ იმ მასშტაბის უნდა გავხადოთ ჩართულობა, რომ ნატოს წევრობა იქცეს იმდენად ლოგიკურად, კითხვაც კი აღარ დაისვას – ესაა ჩემი ამოცანა მანამ, სანამ არაა კონსენსუსი. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა, პირიქით რომ გვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ გზას უკუღმა გავდივართ. საქართველო ახლა აკეთებს ყველაფერს იმას, რის კეთებაც, მაგალითად ალბანეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს წევრი გახდა, მაგრამ არაუშავს. იმ გზით წავალთ, რა გზაც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ ვარშავაში ძალიან კონკრეტულ მხარდაჭერის პაკეტს მივიღებთ, განსხვავებით უელსის სამიტისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამჯერად ეს პაკეტი იქნება რესურსებით აღჭურვილი. უელსში ჩვენ მივიღეთ უდავოდ ფანტასტიური პაკეტი, თუმცა ეს იყო კეთილი სურვილების სია, როდესაც ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი და ვინ რას გააკეთებდა, არავინ არაფერი იცოდა. მე მთელი წელი, პრაქტიკულად იმაზე დავხარჯე, რომ წევრები დამერწმუნებინა მათი მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობაში. 28–მდე ჯერ მაინც ვერ ავედით. 20 ქვეყანაა ამ პაკეტის თანამონაწილე ამწუთას. ყველა აქაც კი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი, პრაქტიკულად თვითმფრინავიდან არ ჩამოვსულვარ, ვარშავაშო ეს ასე არ იქნება და ჩემი მთავარი ამოცანა ეს იყო, რომ თითოეული კონკრეტული წინადადება, ყველა შემოთავაზება, ყველა დათანხმება ჩვენს შეთავაზებაზე ყოფილიყო რესურსებით დატვირთული და ეს იქნება, ამას ჩვენ მივაღწიეთ. საქართველოსთან მიმართებით შეიქმნება რამდენიმე ეგრეთ წოდებული „trust fund”-ი ფინანსური მხარდამჭერისთვის. ჩვენ გვჭირდება სწრაფი შედეგები, ჩვენ გვჭირდება 13– ვე პროექტზე, რომელსაც ნატოსთან ერთად ვახორციელებთ სწრაფი შედეგები. პროცესები კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი წელი გაიარა საქართველომ იმისთვის, რომ კვლავ პროცესში ვიყოთ. ამიტომ მე ველოდები გადაწყვეიტლებებს და მჭირდება შედეგები. ეს შედეგები დგება, დგება ყოველდღიურად. პრინციპში, ჩვენ შეუძლებელი გავაკეთ. ახლა სექტემბერში, ჩვენ გავხსნით უკვე სრულფასოვან სკოლას, სადაც პირველ კლასს გახსნის თავად იან სტოლტენბერგი. მე კარგად მესმის, რომ პოლიტიკურ პროცესს არაფერი ანაცვლებს, მაგრამ თუ არ არის პოლიტიკური შემადგენელი, მაშინ უკუღმა უნდა დაგეგმო პროცესი, პრაქტიკული შემადგენელი იმდენად ძლიერი უნდა გახადო, რომ დაეწიოს მას პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკვე გაუგებარი იყოს, რატომ არ ვართ წევრები – ასეთ მდგომარეობამდე უნდა მივიდეთ.“

ნოდარ ხარშილაძის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენლის აზრით, საქართველოსთვის ვარშავის სამიტიდან მოლოდინების მაქსიმუმი და მინიმუმი, ფაქტობრივად ერთმანეთს უტოლდება. ამერიკის ხმასთან ის ამბობს:„კონფერენციაზე ვარშავის სამიტის წინ განხილული იყო გამოწვევები და სამიტისშესაძლო შედეგები. ორი ძირითადი ასპექტი იყო წარმოდგენილი, პირველი: აღმოსავლეთ ევროპაში ზოგადი უსაფრთხოების ასპექტი და ნატოს მომავალი და შავი ზღვის ტრანსფორმირების საკითხი. ამ მიმართებით, განიხილებოდა, სამიტიდან რას შეიძლება მოელოდეს ნატო და რა შეიძლება მიიღოს საქართველომ. ასევე საუბარი იყო შავი ზღვის ახალი უსაფრთხოების ფორმატზე, რომელშიც შეიძლება ჩაებას საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა.ჩვენ, ასე ვთქვათ, იმედგაცრუება უკვე გვქონდა, როდესაც გავიგეთ, რომ ვარშავის სამიტიდან ვერ მივიღებთ ვერანარ პოლიტიკურ წახალისებას. მაგრამ პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ნატო საკმაოდ საინტერესო მექანიზმებს დაუმატებს საქართველოს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ისე დაახლოებას ნატოსთან, ამიტომ მე ამას ვერ დავარქმევდი იმედგაცრუებას. ამ ეტაპზე, ჩვენი მოლოდინების მაქსიმუმი და მინიმუმი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ნაკლებად სავარაუდოა პოლიტიკური ფორმატის გაფართოება. ალბათ, ყველაზე რეალისტური, როგორც მაქსიმუმი, ისევე მინიმუმი (რადგან ჩვენ ახლა არ ვვარაუდობთ) ისაა, რომ საქართველოს მისცემენ დამატებით პაკეტებს როგორც პარტნიორს, ეს ერთი და მეორე: შავ ზღვაზე ახალი პრინციპები შემოვა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოც“.

ატლანტიკური საბჭოს წარმომაგენელმა დავით სიხარულიძემ ამერიკის ხმასთან განაცხადა: „ალიანსში გაწევრიანების უპირველესი კრიტერიუმი არაა სამხედრო პოტენციალი. თუ გადახედავთ, ალიანსის სამხედრო პოტენციალს, 75 პროცენტზე მეტი აშშ–ზე მოვა. აქ გადამწვეტია დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყნის სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისკენ და ასევე ქვეყნის პასუხისმგებლიანი მიდგომა საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი. ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში სწორედ ამის გამოხატულებაა. ალიანსი დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ მისი კარი ღიაა ყველა ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის. მე არ მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება სასარგებლო არა მხოლოდ საქართველოსთვის, ან თუნდაც სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთლიანად მოემსახურება იმ დიდი იდეის განხორციელებას, რომელსაც ჰქვია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობა. ამ პროცესის ინტეგრალურ ნაწილად უნდა იქნეს საქართველო მოაზრებული. მე მესმის, რომ ეს პროცესი ახლა შეფერხებულია. მე მესმის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ახლა ნაკლები სითამამით იღებენ, მაგრამ ეს პროცესი შეჩერებული არაა. ბუქარესტის სამიტზე მიღებულ იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, როდესაც ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები და ეს ხედვითი გადაწყვეტილება ნიშნავს შეთანხმებას ერთიანი, მშვიდობიანი ევროპის იდეაზე. მე არ ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ ხედვაში არის ფუნდამენტური განსხვავებები ალიანსის წევრებს შორის ახლა.“

თორნიკე შარაშენიძე, ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „რასაც საქართველო ალიანსის წევრებთან მუშაობს, ეს არაა საკმარისი, ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ. ჩვენმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს, მაგალითად, გერმანიაში ვიზიტები მედიის, მესამე სექტორის წარმომადგენლების, რადგან გერმანიის მთავრობას ეს არ აინტერესებს. უნდა ითქვას, რომ საქართველო, საერთოდ, რაღაცას წარმოადგენს. გერმანიაში, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის დონეზე, ადამიანებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, არამედ მედიაშიც კი არ აქვთ წარმოდგენა წესიერად, ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ, რატომ ვიმსახურებთ მხარდაჭერას. საქართველოს წარდგენა იქ არ ხდება. დრო დაიკარგა, უკვე დიდი ხანია. სამოქალაქო სექტორი და მედია უნდა გააქტიურდეს, რადგან მთავრობის მუშაობა აშკარად არაა საკმარისი. ჯერ ისედაც მთავრობაც არ მუშაობს ბოლომდე და რომც იმუშაოს, ფაქტია, იქ რუსულ ლობის ვერ აჯობებს, უნდა ვაღიაროთ, ამიტომაც სხვებიც უნდა ჩავრთოთ. ბერლინი ახლა მთავარი ფრონტის ხაზია“.

საქართველოში ნატოს ვარშავის სამიტიდან არ ელიან არც მაპს, არც მაპზე უკეთესს და არც ალიანსის წევრობას. მოლოდინი კონკრეტული ჩართულობის პროგრამების გაზრდის თაობაზეა კონცენტრირებული, რომელთა რეალიზების შემდეგ საქართველო იმდენად მჭიდრო კავშირში იქნება ნატოსთან, რომ გაწევრიანება ამ ურთიერთობას უბრალოდ, ლოგიკურად გააგრძელებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG