ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„განადგურების ნებართვა“ ასე ჰქვია ონლაინ პროექტს, რომელიც ყირგიზეთში ჰომოსექსუალ მამაკაცზე ძალადობას ინოვაციური, ციფრული და ანიმაციური მეთოდებით ყვება. ექვს წუთიანი ჟურნალისტური ნამუშევარი გვიყვება ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას, რომელიც ყირგიზეთში ფიზიკური და მორალური წნეხის საგანი ხდება.

„განადგურების ნებართვა“ Coda story-ის მიერაა მომზადებული და ის LGBT კრიზისის ნაწილია, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცეში ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, მათ გარემოს და უფრო ფართო კონტექსტს აშუქებს; კონტექსტს, რომელშიც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ხან კანონის, ხანაც საზოგადოებრივი ნორმების მსხვერპლი ხდებიან.

Coda story-ს დაფუძნებიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში „განადგურების ნებართვა“ წელს ონლაინ ჟურნალისტიკის პრესტიჟულ ჯილდოზე იქნა წარდგენილი.

ონლაინ ნიუსების ასოციაციის ყველაზე დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელმაც კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში მთელი მსოფლიოდან 2500-ზე მეტ ჟურნალისტს მოუყარა თავი, „ამერიკის ხმა“ Coda story-ს დამფუძნებელს და ვეტერან ჟურნალისტ ნატალია ანთელავას ესაუბრა.

ისეთ და დიდ ტრადიციულ მედია ორგანიზაციაში რამდენიმეწლიანი აქტიური ჟურნალისტიკის შემდეგ, როგორიცაა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC, თქვენ წამოიწყეთ ახალი, ინოვაციური, თუმცა შეიძლება ითქვას სარისკო პროექტი. რატომ გადაინაცვლეთ ძლიერი ისტორიის მქონე მედიიდან, უცნობ, ჯერ კიდევ დასამკვიდრებელ პროექტში?

რამდენიმე რამის გამო, მაგრამ პირველ რიგში იმ გამოცდილების გამო, რომელიც მქონდა როცა ვიყავი ბიბისის კორესპონდენტი კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში.

ნებისმიერ ტრადიციულ დიდ მედიაში არის ტენდენცია - დიდი ამბები შუქდება ძალიან ინტენსიურად. მაგალითად, საქართველოს 2008 წლის ომი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როცა აგვისტოში 1 კვირა მთელი მსოფლიოს მთელი მედია იყო თბილისში, მერე ყველა წავიდა და ეს ამბავი აღარ შუქდებოდა და მსოფლიოს ფაქტიურად დაავიწყდა თუ რა მოხდა საქართველოში.

იგივე ვნახეთ უკრაინაში, როცა აქტიურად შუქდებოდა ყირიმი და ანექსია, მაგრამ ნაკლებად აქტიურად შუქდებოდა დონბასის მოვლენების დასაწყისი.

მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჟურნალისტების წასვლით კრიზისი არ მთავრდება. პირიქით, ძალიან ხშირად, კრიზისი უფრო მწვავდება იმის გამო, რომ ჟურნალისტები წავიდნენ. სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობა გვინდოდა, როცა შევქმენით Coda Story.

კონცეფცია არის ასეთი - ჩვენ ვიღებთ ერთ თემას, ამ თემაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობს ჟურნალისტების ჯგუფი და ჩვენ ამ თემას ვაშუქებთ სხვადასხვა კუთხეიდან, სხვადასხვა ფორმებით. ეს არის მარტო ონლაინ პროექტი, მაგრამ მალე ყველა მარტო ვებზე იქნება. ასე დაიბადა Coda-ს იდეა.

თემები, რომლებმაც ქოდას ყურადღება მიიპყრო, ხშირად ვერ ხვდება ეგრეთწოდებული მეინსტრიმული, ტრადიციული მედიის ყურადღების ცენტრში. რისი მიხედვით ირჩევა ეს თემები?

ჩვენ ვიყავით ორგანიზაციებში სადაც ინოვაცია მათი დიდი მასშტაბების გამო ძალიან ნელა ხდებოდა

ჩვენ ახალდაბადებულები ვართ, თებერვალში გამოვჩნდით ონლაინ რეჟიმში. ჩვენი პილოტური პროექტი იყო LGBT კრიზისი ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენ გვინდოდა პილოტად ისეთი თემის შერჩევა, რომელიც იქნებოდა უფრო უსაფრთხო სამუშაო პირობების გათვალისწინებით. ამავე დროს თემა ძალიან უხდებოდა ჩვენს კონცეფციას.

ეს არის ძალიან ვიწრო ფოკუსი, რომელიც აშუქებს ბევრად უფრო დიდ მოვლენას ჩვენს სოციალურ, გეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგისთვის LGBT გახდა სიმბოლო დასავლეთისკენ მისწრაფების, ზოგისთვის ეს არის ლანძღვა, ზოგისთვის კი პროგრესის ნიშანია და ასე შემდეგ. აქ არ იყო საუბარი მარტო LGBT უფლებების დარღვევაზე, ეს იყო ჟურნალისტიკა მთლიან კონტექსტზე, რომელშიც ეს დარღვევები ხდება და კონტექსტი ძალიან მნიშნელოვანია ჩვენთვის.

Coda არ არის ერთგან ბაზირებული ტრადიციული მედია საშუალება. თქვენს სტრუქტურაზე რომ მოგვიყვეთ, როგორ მუშაობთ ოკეანის სხვადასხვა მხარეს?

ჩემი ძირითადი პარტნიორი არის შტატებში, ნიუ-იორკში. მე მყავს პატარა გუნდი თბილისში. გვყავს კორესპონდენტები ყოფილ საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთი პარტნიორია ლონდონში.

ჩვენ ვრჩებით ყოფილ საბჭოთა კავშირში და ვაპირებთ გავაშუქოთ დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ვიწყებთ ახალ პროექტს ევროპაში მიგრანტებზე. იმედია ამას დაემატება სხვა პროექტებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

Coda-ს ყველა დამფუძნებელს აქვს ჟურნალისტიკის მრავალწლიანი გამოცდილება მაღალი რეპუტაციის, სოლიდურ მედია საშუალებებში. შეიძლება ითქვას, რომ მეინსტრიმული მედია თქვენთვის იმედგაცრუებაა? რომ ის ახალს არაფერს გთავაზობდათ და ამიტომ თვითონ დაიწყეთ ახალი პროექტი?

რაღაც მხრივ შეიძლება იყოს იმედგაცრუების მომენტი. მაგრამ ამ ეგრეთწოდებულ „ლეგასი“ მედიას, ტრადიციულ მედიას ყოველთვის ექნება თავისი ადგილი, ბიბისი, ნიუ იორკ თაიმსი, ფაინენშალ თაიმსი ყოველთვის იარსებებს, მათ ყოველთვის ეყოლებათ აუდიტორია.

ჩვენი, დამფუძნებლების, გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ ვიყავით ორგანიზაციებში სადაც ინოვაცია მათი დიდი მასშტაბების გამო ძალიან ნელა ხდებოდა. შიგნით ინდუსტრიაში მათ ხშირად ეძახიან დინოზავრებს. იმიტომ რომ ისინი ნელა მოძრაობენ, როცა ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ინტერნეტმა შეცვალა ყველაფერი, ისინი კი ძალიან ნელა მოძრაობენ ამ ცვლილებისკენ.

გვქონდა სურვილი გამოგვეყენებინა ის ახალი საშუალებები, რომელსაც ინტერნეტი სთავაზობს ჟურნალისტებს. ასეთი საშუალება უამრავია.

თქვენ, რა თქმა უნდა, გააზრებული გქონდათ ახალი, პატარა მედია საშუალებების თვითდამკვიდრების გამოწვევა. რა არის მთავარი გამოწვევები, რომელსაც წააწყდით?

ტრადიციულ მედიას, შიგნით ინდუსტრიაში, ხშირად ეძახიან დინოზავრებს. იმიტომ რომ ისინი ნელა მოძრაობენ, როცა ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება

მთავარი გამოწვევა არის ფინანსები. ჩვენ არაკომერციული ორგანიზაცია ვართ. ამის მიუხედავად ჩვენ გვინდა გავიზარდოთ, განვვითარდეთ. ამისთვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, სერიოზული თანხების მოზიდვა, ამას ნელ-ნელა ვაკეთებთ. ეს არის მთავარი გამოწვევა.

მეორე გამოწვევა არის აუდიტორია - ვინ არის ჩვენი მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი. მათი გაცნობა და ამ აუდიტორიის გაზრდა.

ამ ეტაპზე როგორ იკვეთება, ვინ რეაგირებს თქვენს მასალებზე?

რატომღაც სვანეთში გვყავს ბევრი მკითხველი და არ ვიცი რატომ. ეს არის ნიშური პროდუქტი, რომელიც აინტერესებს ადამიანებს, ვინც ინტერესდება ამ თემით. ამავე დროს ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც დააინტერესებს ზოგად მკითხველს, მაყურებელს.

უფრო ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა ტრადიციულ მედიასთან, მაგალითად ტელევიზიებთან?

მიჭირს წარმოდგენა, რომ ეს იქნება ტრადიციული ტელევიზია. მთელს მსოფლიოში ტელევიზია 20 წელიწადში იქნება ინტერნეტში.

თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კი. მაგალითად ვთანამშრომლობთ გარდიანთან, ამერიკის რადიოსთან - NPR, მათთვის გავაკეთეთ ერთსაათიანი გადაცემა.

ონლაინ ჟურნალისტიკის ასოციაციის კონკურსში ფინალისტებში მოხვდა თქვენი პროექტი - „განადგურების ნებართვა“, რომელიც ყირგიზეთში ერთი მამაკაცის ისტორიით ამ LGBT თემის რთულ და კომპლექსურ პრობლემაზე ყვება. როგორ გაჩნდა ეს პროექტი?

ეს არის ჩვენი ექსპერიმენტალური მუშაობის ძალიან კარგი მაგალითი. გვინდოდა ერთ-ერთი ისტორია ყირგიზეთში გაგვეკეთებინა. იქ იყო საუბარი ანტი ლგბტ კანონის მიღებაზე, რაც ეფუძნებოდა რუსეთში მიღებულ კანონს და ამან გამოიწვია დიდი ძალადობა ლგბტ-ს წარმომადგენლების მიმართ. გვინდოდა ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ ჯერ ერთი ყველას ეშინია და მეორე ეს ვიზუალურად რთულად მოსაყოლი ისტორიაა. ამიტომ მივმართეთ ასეთ ხერხს, დავხატეთ და შემდეგ იმ საშინელი ისტორიის ანიმაცია გავაკეთეთ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი თვითონ ყვება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG