ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა ხაზინის მდივნის კანდიდატურა დაასახელა


სტივენ მნუჩინის სახელი ფართოდ არ არის ცნობილი. ის საჯარო სამსახურში არასდროს ყოფილა, მაგრამ იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ 53 წლის მნუჩინს საინტერესო რეზიუმე აქვს. 17 წლის განმავლობაში ის გლობალურ საინვესტიციო გიგანტ „გოლდმან საქს“-ში პარტნიორი იყო. ის არის მილიონერი, რომელმაც ინვესტიციების მართვის საკუთარი კომპანია შექმნა, მოგვიანებით კი ჰოლივუდის წარმატებული პროდიუსერის კარიერაც ჰქონდა.

მნუჩინი ამბობს, რომ ამჟამად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს უთმობს ყურადღებას:

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკა იქნება, რათა დავიბრუნოთ 3-4 პროცენტიანი ზრდა. ვფიქრობთ ეს სავსებით შესაძლებელია და ყურადღებას მომუშავე ამერიკელების საჭიროებებზე ვამახვილებთ.“

ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მნუჩინი ტრამპს მხარს თავიდანვე უჭერდა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის სანდო მრჩეველი იყო, ამიტომ მისი დანიშვნა მოსალოდნელი იყო.

ანალიტიკოსი კარი ლიაჰი ამბობს: „იცით, პრეზიდენტს ისეთი ადამიანების შერჩევა ურჩევნია, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს, ვინც ბუნკერში მასთან ერთად შევიდა და ისევე, როგორც ყველა პრეზიდენტს, სურს ერთგულება დააჯილდოოს. ამჟამად მას თავისი უახლოესი გარემოცვის გარეთ გასვლა არ სურს.“

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მან შესაძლოა ამერიკის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლას უხელმძღვანელოს, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მისი დანიშვნა არასწორი გზავნილი იქნება.

საშუალო კლასის ინტერესების მხარდამჭერი უპარტიო საზოგადოებრივი მოძრაობის, „ფაბლიკ სითიზენ“-ის პოლიტიკის მკვლევარი რიკ კლეიპული კანდიდატ ტრამპსა და პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს შორის შეუსაბამობას ხედავს.

რიკ კლეიპულის აზრით, „მნუჩინი ზუსტად ის კანდიდატია, რომლის დანიშვნასაც ტრამპისგან იმ შემთხვევაში უნდა მოველოდეთ, თუ მას საფონდო ბირჟის გაძლიერება სურს და არა მისი მოთოკვა.“

კლეიპული მნუჩინის დანიშვნაში წარსულისკენ საშიშ შებრუნებად მიიჩნევს და ამბობს: „პოლიტიკის თვალსაზრისით, ზოგიერთ იმ სარისკო საქმიანობაში დაბრუნებას მოველი, რამაც ფინანსურ კრიზისამდე და დიდ რეცესიამდე მიგვიყვანა.“

ამერიკის ფინანსურ ბაზარზე მნუჩინის თავისიანად თვლიან და მის დანიშვნას უსაფრთხო ფსონად აფასებენ.

ანალიტიკოსი კარი ლიაჰი დასძენს, „ვფიქრობ, უოლ სტრიტზე შესაძლოა ცოტა შვებით ამოისუნთქეს და ამბობენ, რომ მას შეეძლო სხვა, მეტნაკლებად კონსერვატიულად განწყობილი კანდიდატი შეერჩია, ტრამპის სტანდარტების შესაბამისად კონსერვატორი. ვფიქრობ, ფინანსური ბაზარი, გაკეთებული არჩევანებით სინამდვილეში უკმაყოფილო არ არის.“

მნუჩინის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი თავის გეგმას შეასრულებს.

XS
SM
MD
LG