ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხა გეგეშიძე და „პოლიტიკური დისკოთეკა“


ხუთშაბათს საღამოს, მწერალთა სახლში გაიმართა მიხა გეგეშიძის წიგნის „პოლიტიკური დისკოთკის“ პრეზენტაცია. წიგნში, ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი „ამერიკის ხმის“ ეთერით გასულ პუბლიკაციებსა და რადიოსიუჟეტებს უკავია, რომელიც წლების განმავლობაში გადაიცემოდა. ახლა, კი ავტორმა მათი შეკრება და ერთ წიგნად ქცევა გადაწყვიტა, პირველ რიგში იმ მოტივით, რომ ტექსტების შინაარსი თანამედროვე რეალობაში კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობას.

„მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ „ამერიკის ხმის“, ჩემი მეგობრების, ყველა მიყვარს და მენატრება“, – ამბობს მიხა გეგეშიძე, ვინც წლების განმავლობაში „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში მუშაობდა. მისი პირველი რადიოეთერი, კი მსოფლიოში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს განხორციელდა, დღეს, რომელმაც პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა, ახლიდან გადააწყო და პრიორიტეტები განსხვავებულად გადააჯგუფა-2001 წლის 11 სექტემბერს.

წიგნის პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოსვლისას, მიხა გეგეშიძემ მსოფლიოში დემოკრატიული სისტემების მიმართ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში, აშშ–ში, ბალტიისპირეთში, რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში არსებული ვითარებიდან. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას მიხა გეგეშიძე ამბობს:

„ტექსტების ნაწილი, რაც წიგნშია შესული, ჩემი აზრით, დღესაც აქტუალურია მსმენელისთვის და მკითხველისთვის, რადგან მსოფლიოს ისეთ პროცესებს ასახავს, რაც დღესაც მიმდინარეობს: იგივე ტერორიზმის პრობლემა, კონფლიქტები მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, სამწუხაროდ აღმოსავლეთ ევროპაშიც, უკრაინაშიც. ეს საფრთხე, ქაოსი, რაც დღეს ხდება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. მსოფლიოს გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს“.

რამდენად უზრუნველყოფს ჩამოყალიბებული, დემოკრატიული სისტემა პროგრესულ განვითარებას? შეიძლება თუ არა მოიტანოს არასასიკეთო ცვლილებები ადამიანებზე, ყოველ ინდივიდზე ერთობლიობაში მინდობილმა გადაწყვეტილებებმა – ეს ის დილემებია, რომლებზეც მიხა გეგეშიძე საუბრობს.

„როდესაც მსოფლიო იცვლება, დიდი გარდაქმნები ხდება, როდესაც საბჭოთა კავშირს წარმოვიდგენთ და თუ რა მოიტანა გარდაქმნებმა, როგორ შეიცვალა სამყარო და როგორ შეცვალა საქართველოს ბედიც, ცხადი ხდება ამ გარდაქმნის პროცესის დასრულების მნიშვნელობა. საქართველოს მომავალი ცვლილებების პროცესის განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღარ გავიმეოროთ 25 წლის განმავლობაში ჩადენილი შეცდომები“.

"ამერიკის ხმასთან" ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ჩხეიძემაც ისაუბრა, რომელმაც წიგნის პრეზენტაციის შემდგომ განხილვაში მიიღო მონაწილეობა: „საუბარი იყო პრეზიდენტ ტრამპის შესახებაც, ჩვენთან გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ტრამპი პუტინის მეგობარია და აუცილებლად საქართველოს დაუთმობს პუტინს (ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან რომ ვისაუბროთ). ჩემი კითხვა სწორედ ამას ეხებოდა: განა ამდენად შეიძლება დაიქცეს ქვეყნიერება, რომ ამერიკის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ვინმეს რამე დაუთმოს? ეს არასდროს არ ყოფილა, დღემდე და თუ ეს მოხდა, მართლაც, მსოფლიოს დასასრული იქნება, ჩემი აზრით და მიხა ამაში მეთანხმება.

შეიძლება ითქვას, რომ როცა ტრამპი საუბრობს პუტინთან მეგობრობაზე, ან მას აქებს, ამ ყველაფერში გამოსჭვივის, რომ პუტინისთვის დასრულდა შედარებით სუსტი მოწინააღმდეგის, პრეზიდენტის ხანა ამერიკაში და მოვიდა ძლიერი, მისი თანატოლი და მკლავის გადამწევი (და მომგლეჯიც კი,) პრეზიდენტი აშშ–ში. ზოგადად, ვითარება, რომ საკმაოდ რთულია და არაერთსახოვანი, ამის შესახებ მიხა ძალიან ღრმად და საინტერესოდ საუბრობდა.“

მიხა გეგეშიძისთვის „პოლიტიკური დისკოთეკა“ მეორე კრებულია. მისი პირველი წიგნი ( მეორე რედაქციით) 2009 წელს გამოვიდა „დაკარგული ქვეყნის მეომრების“ სახელწოდებით.

XS
SM
MD
LG