ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პასუხი ამ ყველაფერზე არის სიყვარულის გაცემა" -"ქოლდპლეის" ამერიკული ტური


ბრიტანული როკ-ჯგუფის "ქოლდპლეის" გრანდიოზული შოუ ამ შაბათ-კვირას "მეთლაიფის" სტადიონზე ნიუ-ჯერსის შტატში გაიმართა. "A Head Full of Dreams", ასე ქვია მეშვიდე საკონცერტო ტურს და მეშვიდე ალბომს, რომლითაც ამ სეზონზე ჯგუფი სამ კონტინენტზე ჩადის და კონცერტებს სტადიონებზე და დიდ არენებზე მართავს. რა ხდებოდა "მეთლაიფის" ასიათასკაციან სტადიონზე, სადაც ნიუ-იორკიდან და ნიუ-ჯერსიდან ქართველი ემიგრანტები, "ქოლდპლეის" ფანები საყვარელი ბენდის ცოცხლად მოსასმენად ჩავიდნენ.

ნიუ-ჯერსი, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტადიონი, სიდიდით მეორე ქვეყანაში, " მეთლაიფ", რომელსაც ამერიკული საფეხბურთო კლუბი "ჯაიანტი" ფლობს და 100,000 მაყურებელს იტევს.

ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა "ქოლდპლეიმ" კონცერტის ორივე დღეს სტადიონი სრულად შეავსო. ბილეთების ფასი 24 დოლარიდან 250 დოლარამდე მერყეობდა. ქართველმა ფანებმა, რომლებიც სტადიონზე საკმაოდ იყვნენ, ამ კონცერტზე მოსახვედრად თებერვლიდან იზრუნეს:

გვანცა ჩხიკვაძე: რომ ჩამოვედი პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში ვცხოვრობდი და სკოლის ავტობუსს რომ დავყავდი სკოლიდან სულ "ქოლდპლეის" ვუსმენდი, სულ. ძალიან პოზიტიური და ბედნიერი მუსიკა ჰქონდა. მახსოვს, გამუდმებით ვუსმენდი, დღემდე მომწონს და სიმბოლურია, რომ ახლა სწორედ ნიუ-ჯერსიში ვესწრები პირველად მათ კონცერტს. სიმღერების ტექსტები თითქმის ზეპირად ვიცი. "ქლოქს' მიყავრს ძალიან, ახალიც მომწონს. მიხარია, ხატია ბუნიათიშვილმაც რომ ჩაწერა მათთან და ეს ალბომიც ალბათ მალე გამოვა, საინტერესო იქნება.

გიგა ამირანაშვილი: ორიგინალურია, არის განსხვავებული და უფრო მაღალი გემოვნების მუსიკას სთავაზობს ხალხს ვიდრე, რაღაც ბანალურ, გავრცელებულ პოპ-მუსიკას, რაც ასე გავრცელებულია მსოფლიოში.

კონცერტზე დასასწრებად ფანები ნიუ-ჯერსიდან, ნიუ-იორკის და პენსილავნიის შტატებიდან "მეთლაიფის" სტადიონზე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ, რომ მანქანების დასაპარკინგებელად პრობლემა არ შექმნოდათ. სტადიონზე შესვლის დროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები უსაფრთხოების მიზნით ჩანთებს ამოწმებდნენ. აკრძალული იყო სითხის და სხვა თხევადი საშუალებების შეტანა. ზაფხულის ერთ-ერთ უცხელეს დღეს, გასაგრილებლად ალკოჰოლური სასმელებიდან სტადიონზე მხოლოდ ლუდის ყიდვა შეგეძლოთ.

"ქოლდპლეის" კონცერტზე მისულ ყველა გულშემატკივარს უსაფრთხოების ზოლის გავლის შემდეგ გულსაბნევი, წარწერით "LOVE" და ლაზერულ შოუში საკონტაქტო სამაჯური დაურიგდათ, რომელიც სცენის განათებასთან ერთად, უნისონში იცვლიდა ფერებს, რაც ქმნიდა ატმოსფეროს, რომ თითქოს მთელი სტადიონის პულსაცია ამ ნათებით გამოიხატებოდა.

"ახლა ძალიან დამაბნეველი დროა და რთულია, რომ გადარჩე, იყო ცოცხალი, რადგან მსოფლიოში ხშირად არანორმალური მოვლენები ხდება, მაგრამ ჩვენ, როგორც ბენდი, ვგრძნობთ რომ ერთადერთი პასუხი ამ ყველაფერზე არის სიყვარულის გაცემა", თქვა კრის მარტინმა, შოუს დროს.

ნიცაში და ფლორიდაში ბოლო დროს მომხდარი ტერორისტული აქტების დროს გარდაცვლილი ადამიანების პატივსაცემად კრის მარტინმა კონცერტზე როიალთან საფრანგეთის დროშა დააფინა, ამერიკის დროშა კი მთელი კონცერტის განმავლობაში მისი საკონცერტო ჩაცმულობის მთავარი ატრიბუტი იყო.

"ქოლდპლეის" არ დაავიწყდა არც დევიდ ბოუი, რომლის ხსოვნას "გმირების" ქავერი მიუძღვნა, ასევე მუჰამედ ალი - სცენის ეკრანზე, კლიპში მსოფლიო ლეგენდა ქველმოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობდა, ასევე იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას სიმღერა "Amazing Grace", ჩარლი ჩაპლინი, ნაწყვეტი ფილმიდან "დიდი დიქტატორი".

ორ-საათიანი კონცერტის განმავლობაში ბენდს და მაყურებელს ერთი წამითაც არ დაუკარგავს კავშირი და დინამიურობა.

პოპ და როკ ვარსკვლავების კონცერტების გამო, ზაფხული შეერთებულ შტატებში ძალიან აქტიური პერიოდია.

ირმა ბულეიშვილი: სტივ უანდერზე მეგობარმა დამპატიჟა, წინა თვეს ვიყავი ბიონსეზე, ახლა ქოლდპლეიზე. ამერიკა იმის გამო არის კარგი, რომ ძალიან ბევრი ასეთი კონცერტი იმართება.

"ქოლდპლეი" 2016 წლის ტურის განმავლობასი 14 ქვეყანაში 56 შოუს გამართავს. მათგან ყველაზე ბევრი კონცერტი შეერთებულ შტატებში იმართება. იქნება თუ არა " A Head Full of Dreams" ჯგუფის ბოლო ალბომი და ასევე უკანასკნელი ტური, როგორც ეს კრის მარტინმა რამდენიმე ხნის წინ მიანიშნა? ყოველ შემთხვევაში გუშინდელ შოუზე, რომელიც სიმღერით " UP&UP" დასრულდა, და რომლის მთავარი იდეაა არ დანებდე, ეს არ იგრძნობოდა.

XS
SM
MD
LG