ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია დამოუკიდებლობისა და მედია პლურალიზმის შეზღუდვის თაობაზე განგაშის სიგნალები ქართულ რეალობაში ყოველდღე ისმის. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან. კულმინაცია ამ დრომდე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელიც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავის ასაცილებლად გამოიცა და შემდეგ გაგრძელდა. თუმცა მედიის წინაშე არსებული გამოწვევების საილუსტრაციოდ ეს განგაშის ერთადერთი მარკერი არ გახლავთ.

ექსპერტებსა და მკვლევარებს მედია გარემოს გაუარესებაზე საუბრისას სამი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი მოჰყავთ. ერთი ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რებრენდინგის პროექტი, მეორე რუსთავი 2–ის საქმე და მესამე – რამდენიმე, მანამდე დამოუკიდებელი ტელევიზიის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევისა და სარედაქციო პოლიტიკის გაერთიანების ფაქტი.

"ჰუმან რაითს ვოჩის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედია თავისუფლება რისკის ქვეშაა და ამის შესაძლო მიზეზი ხელისუფლებაა. ამერიკის ხმა გიორგი გოგიას, ჰუმან რაითს ვოჩის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს ესაუბრა: „გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება გახლავთ ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი. მედიისა და მედია კონტენტის მრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებისა. ხელისუფლებას გააჩნია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, მედია თავისუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია რადიო და ტელემედიაზე. ეს ჩემი ინტერპრეტაცია არ გეგონოთ, ესაა სტანდარტები, რასაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აწესებს. რუსთავი 2–ის საქმეზე თუ ვისაუბრებთ, მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებული საქალაქო სასამართლოდან და დასრულებული უზენაესით, რჩებოდა უამრავი კითხვის ნიშანი, რომელზეც სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ სცემდა ადექვატურ პასუხს. აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ზეწოლას სასამართლოს სისტემაზე, რაც კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე მედიის თავისუფლების შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მან ასევე მოაყოლა გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად ერეოდა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ეს, ალბათ შემთხვევითი არაა და მიუთითებს იმ მოტივებზე, რაც თავიდანვე არსებობდა.“

გიორგი გოგია ჩვენთან არა მხოლოდ ცალკეული მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, არამედ პრობლემას ერთიან კონტექსტში წარმოაჩენს: „რუსთავი 2–ის საქმე არის ერთი ელემენტი უფრო დიდი მედია სურათისა საქართველოში, რომელიც ასევე შემაშფოთებელია „ჰუმან რაითს ვოჩისთვის“. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში. არსებობს ფაქტი, რომ რამდენიმე სერიოზული ტელეგადაცემა დაიხურა იმ კონტექსტით, როდესაც მისი წამყვანი აცხადებდა, რომ ეს მოხდა ხელისუფლების ზეგავლენით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამი ადრე კრიტიკული ტელევიზიის გაერთიანება მოხდა ერთ კონცერნში, რომელიც გავლენას ახდენს ამ არხების სარედაქციო პოლიტიკაზე. მთლიანობაში, ეს გახლავთ სურათი, სადაც ჰუმან რაითს ვოჩს მიაჩნია, რომ მედია პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დგას.“

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, დღეს ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სამეურვეო საბჭოს 6–მა წევრმა დაუჭირა მხარი. შეთანხმება შედგა იმაზე, რის განხორციელების სურვილსაც ახალი მენეჯმენტი მოსვლისთანავე გამოთქვამდა: 102 გადაცემიდან მხოლოდ 1 დარჩება ეთერში. მიმდინარე წლის 17 ივლისამდე არსებული ფორმატი იმუშავებს. მორიგი სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე კი „მოამბე“ არხის ერთადერთი ხმა იქნება.

ამერიკის ხმა სამეურვეო საბჭოს მეშვიდე წევრს, სულხან სალაძეს ესაუბრა: „მე არ ვიზიარებდი დებულებაში შეტანილ იმ ცვლილებებს, რაც წარმოდგენილი იყო სამეურვეო საბჭოზე მენეჯმენტის მხრიდან, ვინაიდან ეს ცვლილებები დიდწილად არ განსხვავდებოდა იმ ცვლილებებისგან, რაც მანამდე, 6 თებერვალს იყო წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოში. დებულებაში ცვლილებები პრინციპში იგივეა, რასაც ადრე ითხოვდა მენეჯმენტი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუკი ადრე მენეჯმენტი ამბობდა, რომ 102–დან 101 გადაცემა უნდა დაეხურა, დღეს ამბობს, რომ ამას 17 ივლისამდე არ გააკეთებს. სამეურვეო საბჭომ დღეს დაუჭირა დებულებაში ცვლილებებს მხარი ისე, რომ ის ძალაში შევა 2017 წლის 17 ივლისს. მე ვერ მივიღე პასუხი, რა საჭირო იყო ცვლილება 4 თვით ადრე. რასაც აპირებს მენეჯმენტი, დებულებასთან კავშირში არაა, ამის გარეშეც შეეძლოთ კონკურსების ჩატარება. გამიჩნდა ეჭვი, რომ მათ წინასწარ მიიღეს გარანტია დებულებაში ცვლილების სახით, 17 ივნისიდან ისინი დაიწყებენ პროცესს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შრომითი უფლებების საკითხთან: განთავისუფლებები, ჩამოქვეითებები, დაწინაურება, გადაყვანა თანამშრომლების და სხვა.“

სულხან სალაძე ჩვენთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს ცალკე არ განიხილავს, იგი მას ერთიან კონტექსტში ხედავს, რაც მედია დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაზე მიუთითებს. „რეალურად დროში ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. დაწყებული იმით, რომ „იმედმა“ გასულ წელს შეიძინა „მაესტრო“ (ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე გასულ წელს გახდა ცნობილი) და ის, რომ GDS ოფიციალურად გაიფორმა (რეესტრის ჩანაწერებიც მოწმობს). გასული წლის ნოემბერში საზოგადოებრივ მაუწყებელში მოულოდნელად გადადგა დირექტორი და უკვე 6 იანვარს სამეურვეო საბჭომ ახალი დირექტორი აირჩია, მე არ ვთვლი, რომ საქართველოში მედიაში შემთხვევით ხდება რამე და მით უმეტეს, სატელევიზიო მედიაში. მე მგონია, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ეგზითპოლის თემა, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის თანხმობით, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო იმ ეგზითპოლში, რომელიც ტარდებოდა „იმედის“,GDS–ის და „მაესტროს“ სახელით. ეს იყო ისეთი მონაწილეობა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა და პრინციპში, დაადასტურა კიდეც შედეგებმა. ეს ეფზითპოლი ემსახურებოდა „რუსთავი 2“–ის მიერ შეკვეთილი ეგზითპოლის საპირწონე შედეგების მიღებას. არც ერთი ეგზითპოლი, რომელიც კერძო ტელევიზიებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად, ან რუსთავი 2–მაშეუკვეთეს, ახლოსაც არ იყო ცესკოს შედეგებთან. ასე რომ ეს პროცესი მედიაში უფრო ადრე დაიწყო და მე მგონია, რომ გაგრძელდება მომავალშიც“.

რუსთავი 2–ის საქმის თაობაზე ევროსასამართლომ ახალი გადაწყვეტილებადღეს გვიან საღამოს მიიღო, რითაც შენარჩუნებულია არსებული მდგომარეობა: არ იცვლება არც მენეჯმენტი და არც სარედაქციო გემოვნება. სტრასბურგი ტელეკომპანიის საქმეს წარმოებაში იტოვებს. „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ“ საქმისწარმოების შედეგები ცნობილი უცნობ მომავალში იქნება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG