ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებით გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობა ამერიკაში


ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა
ნოემბერი, 2016

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ნოემბერი, 2016

ამერიკის არჩევნების მოულოდნელი და შოკისმომგვრელი შედეგებით დასრულების შემდეგ, საფინანსო ბაზრების ცვალებადობა მოსალოდნელია, სანამ არ გაირკვევა თუ როგორი გავლენა ექნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკას მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკაზე. თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით პანიკის მიზეზი ჯერ არ გვაქვს.

მსოფლიო საფონდო ბირჟების ვარდნა აზიიდან ნიუ-იორკამდე არჩევნების ღამეს დაიწყო და დღემდე მერყეობს. ინვესტორები ევროპაში ამერიკის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს Brexit-ს, ევროკავშირიდან ბრიტანეთის მოულოდნელი გასვლის გადაწყვეტილებას ადარებენ.

CMC MARKET-ის მიმომხილველის, მაიკლ ნიუსონის თქმით, მსგავსი რეაქცია მოსალოდნელი იყო.

„პირველადი რეაქცია არჩევნების ღამეს მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან ჰგავდა Brexit-ის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს -- სადაც ბაზრების მკვეთრ ვარდნას ქონდა ადგილი“, - აღნიშნა ნიუსონმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დარეგულირდა, ეკონომისტების ნაწილის აზრით ამერიკის ეკონომიკაზე ტრამპის პრეზიდენტობას გრძელვადიანი ეფექტი ექნება. „ამერიკის ხმა“, ეკონომისტ გას ფაუჩერს ესაუბრა სკაიპით. მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკური გეგმის ნაწილს გავლენა ექნება ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

„ჩვენ ვსაუბრობთ მთლიან ეკონომიკაზე. ეს გულისხმობს მუშახელს, რომელიც უკავშირდება იმიგრაციას. ასევე, ექსპორტს და იმპორტს განვიხილავთ იმის მიხედვით თუ, როგორი იქნება ვაჭრობა და რა გავლენა ექნება მომხმარებლებზე. ამას გარდა, საუბარია ჯანდაცვაზე და „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტზე“, - განაცხადა ფოშერმა.

გარდა საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით მოსალოდნელი ცვლილებებისა, „ამერიკის ხმის“ საფონდო ბაზრების მიმომხილველის, კილ მალანდრინოს თქმით, უნდა ველოდოთ პროტექციონიზმის ზრდას.

„გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი პირდებოდა ამომრჩეველს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, ეს განაპირობებს სპილენძის და სხვა მოპოვებულ მადნეულზე მოთხოვნის ზრდას. პროტექციონიზმის ზრდა მოსალოდნელია. ამერიკას უკვე აქვს რკინის მოპოვების კუთხით დანაკლისი, ამ მხრივ იმპორტის შემცირება შიდა ბაზარზე ფასების გაუმჯობესებას მოგვცემს“, - ამბობს მალანდრინო.

მანამ, ვიდრე არჩეული პრეზიდენტი მისი გეგმის დეტალებს გაგვაცნობს, უფრო გრძელვადიან შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ მოხდება ძალაუფლების დაბალანსება და რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს კონგრესს და სენატსაც. მოკლე პერსპექტივაში, ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა გეგმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ, შეაჩეროს.

„ვნახეთ საფონდო აქციების კლება და არჩევნების შემდეგ ბირჟების ცვალებადობა. თუმცა ჩემი აზრით, ცენტრალური ბანკი, შემდეგ შეხვედრისას დეკემბრის შუა პერიოდში, ცოტა ხნით გადადებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მანამ ვიდრე სიტუაცია დალაგდება“, - ამბობს გას ფაუჩერი.

გლობალური ფინანსური ბაზარი შესაძლოა რყევებს განიცდიდეს, თუმცა მალანდრინოს თქმით, რაც უფრო ნათელი გახდება ტრამპის პოლიტიკური მიზნები, ინვესტორები შესაბამისად უპასუხებენ ცვლილებებს.

„ტრამპი არის წნეხის ქვეშ, რათა უფრო ნათლად წარმოადგინოს მისი პოლიტიკური გეგმები. რის შემდეგაც სიტუაცია გაუმჯობესდება. როგორც ეს Brexit-ის შემთხვევაში ვნახე. საბოლოო ჯამში, კორპორატიული ამერიკა ძალზედ მოქნილია“, - განაცხადა მალნდრინომ.

XS
SM
MD
LG