ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია ფანჯიკიძე რთულ კითხვებს პასუხობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს ამერიკელ პოლიტიკოსებს, მეცნიერებს და საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა

„საქართველოს ახალი ტრანსფორმაცია - საშინაო და საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები და გამოწვევები“ - ამ თემაზე გამართულ დისკუსიში მაია ფანჯიკიძეს ოპონირებას უწევდა ჟურნალის „უიქლი სტანდარტ" მთავარი რედაქტორი, კრისტოფერ კალდუელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ამერიკაში ვიზიტის დასასრულს ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯების შესახებ დაგროვილ უამრავ რთულ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. მაია ფანჯიკიძე ახლადარჩეული მთავრობის პირველი წევრია, რომელიც შეერთებული შტატების დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

ქ. ვაშინგტონის გერმანიის მარშალის ფონდში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ფრიდომ ჰაუზის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, ფონდის ღია საზოგადოება, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს, უნივერსიტეტების, მედიის და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა გერმანიის მარშალის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ივან ვეივოდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ქართველი მინისტრის ოპონენტმა გაუსვა ხაზი, იყო ახსნა-განმარტების ნაკლებობა საქართველოში ბოლო თვის მანძილზე მიმდინარე დაპატიმრებებთან დაკავშირებით. დასავლეთი შიშობს, რომ დევნა პოლიტიკური შურისგების ნიშნით მიმდინარეობს. ამ თემას დისკუსიის მანძილზე არაერთხელ დაუბრუნდნენ. გამომსვლელების აზრით, დაჭერები რაოდენობრივად, ხარისხობრივად და პროცედურულად უამრავ კითხვას ბადებს. ჯერ ერთი, საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეში უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა, ვიდრე უკრაინამ 2 წლის მანძილზე. მეორე: მათი უმეტესობა ყოფილი მთავრობის ჩინოსანია, რაც პოლიტიკური დევნის ეჭვის საფუძველს იძლევა და მესამე: მაღალი პროფილის თანამდებობის მქონე ადამიანების დაპატიმრებას, როგორც წესი ყველა ქვეყანაში 2-3 წელი სჭირდება, საქართველოში კი ახალი მთავრობის პირობებში გამოძიებამ დაკავება სულ 20 დღეში მოახდინა. ჩნდება ლოგიკური აზრი, რომ პროკურატურა ხელისუფლების ზეწოლას განიცდის.

გარწმუნებთ, რომ დაპატიმრებები საქართველოში პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს და ამასთან დაკავშირებით პროცესები მაქსიმალური გამჭვირვალეობით მიმდინარეობს და შემდგომშიც გაგრძელდება, რათა დასავლეთი ჩვენს დემოკრატიულ მისწრაფებებში და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებაში დარწმუნდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. კერძოდ, მან აღნიშნა:

„დარღვევები, რომლებიც უკანასკნელი წლების მანძილზე ხდებოდა, არ იყო მეორეხარისხოვანი. ქართველი ხალხისთვის სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო მე დაახლოებით 190 ადამიანს ვესაუბრე და ვიცი, რომ 1000-ზე მეტმა ადამიანმა ბოლო წელს სამსახური პოლიტიკური ორიენტაციის გამო დაკარგა. შევხვდი 60 ქართველს, რომელსაც კერძო საკუთრება ამ მიზეზით ჩამოერთვა. ეს ცოტა არ იყო საქართველოსთვის და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ალბათ იცით, რომ 25 ათასი პატიმრით საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში და მეოთხეზე მსოფლიოში. 300 ათასზე მეტი პრობაციონერია ქვეყანაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ იყო და დემოკრატიული ფასადი მხოლოდ სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის შექმნილია. ჩვენ მომავალში შევეცდებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გამყარებას, მედიის მეტ თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შევუწყოთ ხელი... სწორედ ამიტომ მოგვცა ჩვენ ხმა ქართველმა ამომრჩეველმა და ამ ნიშნით მოიგო არჩევნები ქართულმა ოცნებამ“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებებმა შესაძლოა ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის შეფერხება გამოიწვიოს. რაზეც ქართველი მინისტრის პასუხი ასეთი იყო:

„ნება მომეცით, არ დავეთანხმო თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაჭერები საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუშლის ხელს. ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია წარსულის დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიება. ეს თუ არ გავაკეთეთ, მომავალში იგივე შეცდომის გამეორებას ვერ ავცდებით. უნდა გაირკვეს რა მოხდა და რატომ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით დარწმუნებული, რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული ნაწილი გახდება. ჩვენ საკმაოდ მოკლე ხანში მოვაწერთ ხელს ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას“ - აღნიშნა ქალბატონმა მაიამ.

უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების უცხოეთის მედიასთან დამოკიდებულების გამოც გამოითქვა. „ფაინენშელ თაიმსი, ნიუ იორკ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, უიქლი სტანდარტი... პრესა სულელი არ არის, როგორც მოგეხსენებათ“- ითქვა შეხვედრაზე. გთხოვთ, ჩვენი კრიტიკა მეგობრის რჩევად აღიქვათ. ამერიკას, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას სრული უფლება აქვს კითხვები დასვას. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამერიკის არსებობის მანძილზე, ერთ სულ მოსახლეზე გაცემულ დახმარებებს შორის საქართველო პირველ ადგილზე დგას - აღნიშნეს გამომსვლელებმა.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაც ნაწილობრივ მედიასთან და ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაკლოვანებას უკავშირდებოდა. ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საკითხებში აღნიშნავენ, რომ ახალი მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ დასავლეთში ერთგვარი საინფორმაციო ვაკუუმია. კომუნიკაციის სერიოზული ხარვეზი არამარტო მედიასთან და ექსპერტებთან დამოკიდებულებაში, არამედ რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკის და ბიზნესის სფეროებშიც შეინიშნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის უკვე შეხვდა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს. მათთან ღია და გულთბილ ვითარებაში ყველა კითხვას პასუხი გაეცა, მათ შორის იმას, თუ რით იყო გამოწვეული პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეაქცია გაზეთის პუბლიკაციაზე. მთავრობა მუშაობას სულ რამდენიმე კვირის წინ შეუდგა. შეცდომებისგან, ან არასწორი გამონათქვამებისგან დაზღვეული არ ვართ, აღნიშნა მინისტრმა. და მადლობელი ვარ კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული კრიტიკისთვის. მერწმუნეთ, ჩვენ ერთი დღეც არ გვქონია თაფლობისთვე. კრიტიკას მუშაობის პირველი დღეებიდან შევეჩვიეთ, და ეს კარგია. „რამდენიმე თვეში ჩვენ კიდევ შევხვდებით და ძალიან გთხოვთ, მოდით, ახალ მთავრობაზე მიღწეული შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ. ჯერ ძალიან ადრეა თითოეული ნაბიჯის კრიტიკა. ამის დრო და შესაძლებლობა ჩვენ მოგვიანებით გვექნება“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

დანტერესებულმა საზოგადოებამ დამაკმაყოფილებელი პასუხი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, მათ შორის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დეტალების, რუსეთთან, აზერბაიჯანთან მომავალი ურთიერთობის, შრომის კოდექსის, უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ მიიღო. შეხვედრის დასასრულს „ამერიკის ხმას“ შთაბეჭდილებები გაუზიარა ქართველი მინისტრის მთავარმა ოპონენტმა, ნეოკონსერვატიული მიმართულებით ცნობილი ჟურნალის „უიქლი სტანდარტის“ მთავარმა რედაქტორმა, კრისტოფერ კალდუელმა.

„ადმინისტრაციული ვიზიტის დონეზე მინისტრი არაჩვეულებრივად გულახდილი იყო და ვფიქრობ, რომ სამუშაოს თავი ძალიან კარგად გაართვა. უმეტეს კითხვებზე პასუხი გასცა, თუმცა რამდენიმე ფაქტი მაინც შეშფოთებას იწვევს. თუნდაც, ის, რომ ახალი მთავრობის რიტორიკა წინასაარჩევნო კამპანიისგან არ გამოირჩევა. ეს არ არის გამარჯვებულის პოზიცია. როგორც ჩანს, ვნებები ჯერჯერობით არ დამცხრალა. ვაშინგტონი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ძალადობის კრიტიკას ბოლომდე არ ეთანხმება და არჩევნების შემდეგ ამ რაოდენობით დაჭერის ფაქტსაც ძალიან ფრთხილად ეკიდება. ასე რომ ობიექტური რეალობის ბოლომდე გაცნობას და ჩაწვდომას, სულ ცოტა კიდევ ერთი ვიზიტი დასჭირდება“.

ინტერესი მაია ფანჯიკიძესთან გამართული დისკუსიისადმი უჩვეულოდ მაღალი იყო და ეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა შეხვედრაზე რამოდენიმეჯერ ხაზგასმით აღნიშნეს. მათ კმაყოფილება გამოთქვეს მიღებული ინფორმაციით; განაცხადეს, რომ ქართველმა მინისტრმა შესანიშნავად გაართვა თავი კრიტიკულ შეკითხვებს და იმედი გამოთქვეს, რომ ხელახალი ვიზიტი მოკლე ხანში შედგება.
XS
SM
MD
LG