ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და პროცესის მნიშვნელობაზე დემოკრატიული განვითარებისთვის ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს ესაუბრა:

ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, რა მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და როგორი იყო პროცესის დემოკრატიულობა?

ლარა ლინდერმანი:

ცალსახაა, რომ მთავარი მოგება ქართულ ოცნებას დარჩა. როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილობის შენარჩუნება სურთ. გაერეთიანებული ნაციონალური მოძრაობა ასევე გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, ვნახეთ, რომ ვერცერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. მათმა შედეგებმა კი გაუსვა ხაზი იმას, რომ ენმ არის ძირითადი ოპოზიციური პარტია.

რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. ქართულ ოცნებას ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის. თუმცა ვიტყოდი, რომ

მნიშვნელოვანია ამ პროცესში ენმ-თან მუშაობა და ერთად მრთვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული.

ამერიკის ხმა: მთლიანობაში, დააკმაყოფილა, თუ არა ამ არჩევნებმა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტი?

ლარა ლინდერმანი: ეს არ ყოფილა სრულყოფილი და უნაკლო პროცესი, იყო ძალადობის და ზეწოლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად, მედია იყო მრავალფეროვანი, კამპანია კი ენერგიული, წარსულთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვა. ამიტომაც, არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, ის, რომ მცირე ზომის ლიბერალური იდეოლოგიის პარტიებმა პარლამენტში გამსვლელი შედეგები ვერ აჩვენეს, ეს ზოგადად პრო-დასავლური პლატფორმის მარცხად უნდა აღვიქვათ?

ლარა ლინდერმანი: მე არ ვიტყოდი, რომ მთლიანობაში პრო-დასავლურმა პარტიებმა დამარცხება იწვნიეს. ქართულმა ოცნებამ ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია. ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს ან რესპუბლიკურ პარტიას, ამ პარატიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. რეალურად, არაერთი პარტია ადგას დასავლურ პლატფორმას, თუმცა სიტუაცია უფრო გაირკვა, როცა ენმ მთავარ პოლიტიკურ ძალად დამკვიდრდა. ქართული ოცნება ძალაუფლებაში დარჩება. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მას 6 პარლამენტარი ეყოლება, სავარაუდოდ. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან.ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პაროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან.

ამერიკის ხმა: რა საშიშროება ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას პარლამენტში?

ლარა ლინდერმანი:ქართული ოცნება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ეს პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, როგორც წარსულში ვნახეთ, იმ დროს, როცა პარტია ამას ცდილობს, საზოგადოებაში ჩნდება უარყოფითი რეაქცია და ამომრჩეველი სხვას ითხოვს. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ მმართველობის დახვეწაზე ენმ-სთან უნდა იმუშაოს, ნაკლები ყურადღება დაუთმოს კინკლაობას, წარსულის მოვლენებს და გაიხედოს წინ.

ამერიკის ხმა: რა როლი ითამაშეს პროცესებში “არაფორმალურმა ლიდერებმა” ორივე მხარეს? მათ რა ჩართულობას იწინასწარმეტყველებთ სამომავლოდ და რამდენად ჯანსაღია ეს ქვეყნისთვის?

ლარა ლინდერმანი: ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს “არაფორმალურ” ძალაუფლებას, შემაშფოთებელია. უკეთეს შემთხვევაში, ის გააგრძელებს უკან დახევას და საშუალებას მისცემს ქართული ოცნების ახალ სახეებს ასპარეზზე გამოვიდნენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ გაუთვლელი ნაბიჯები ენმ-ის კამპანიაში, როცა არჩევნები იყო გათანაბრებული რეფერენდუმთან, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაეწყვიტა. ამ რიტორიკამ ამომრჩეველში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და საერთოდ, ვფიქრობ ხალხს სურს ივანიშვილ-სააკაშვილის დინამიკას გასცდეს. იმედი მაქვს, ორივე ლიდერი ქართული პოლიტიკიდან გავა და საშუალებას მისცემს პარტიებსა და პლატფორმებს საქმე გააკეთონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG