ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინდერმანი: წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეგიონისთვის უნიკალურია


ლარა ლინდერმანი
ლარა ლინდერმანი

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შესასფასებლად ამერიკის ხმამ კომენტარი ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს სთხოვა:

ამერიკის ხმა: დავიწყოთ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთობლივი ცენტრი ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის და რეგიონისთვის?

ლარა ლინდერმანი: ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეგიონისთვის უნიკალური ცენტრია. ის შეიქმნა, რათა მოკავშირეებს, საქართველოსა და სხვა პარტნიორებს [შეიარაღებული ძალების] თავსებადობის გაზრდაში დაეხმაროს. ცენტრი დაკავშირებულია ნატოს სამხედრო წვრთნებთან, Agile Spirit, რომელიც საქართველოში ახლახან გაიმართა და ბულგარეთიდან, საქართველოდან, სლოვენიიდან, რუმინეთიდან და ლატვიიდან 250 ჯარისკაცს მოუყარა თავი. ცენტრიცა და ეს წვრთნებიც იმ გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ნატომ უელსის სამიტზე მიიღო და საქართველოს არსებითი პაკეტი შესთავაზა. არსებითი პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ნატოს გადაწყვეტილება, გახსნას [წვრთნისა და შეფასების] ბაზა და ჩაატაროს წვრთნები საქართველოსათვის უფრო მეტი მხარდაჭერის დემონსტრაციაა იმ დროს, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არ სთავაზობენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, მაპს. ესაა აგრეთვე საშუალება, რათა გაამხნევონ საქართველო, რომ მან არ დაკარგოს რწმენა. ამავე დროს, ვფიქრობ, ალიანსი ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები კავკასიაში რუსეთის საპირწონედ.

ამერიკის ხმა: ნატოში გაწევრიანების გზაზე, რა მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ ვარშავის 2016 წლის სამიტამდე?

ლარა ლინდერმანი: ტექნიკური დეტალები არ ვიცი. რაც შეეხება სტრატეგიას, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოს თავი საქართველომ ვარშავის სამიტის წინ, მას ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეუძლია. ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს კრეატიული გზები, რათა საქართველომ მიაღწიოს ნატოს წევრობას-მაპით, ან მაპის გარეშე.

ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს კრეატიული გზები, რათა მიაღწიოს ნატოს წევრობას მაპით, ან მაპის გარეშე.
ლორა ლინდერმანი

მაპი მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ის არაა ნატოში გაწევრიანების ერთადერთი გზა. დასაწყისისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ნატოსაგან, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსმა განაცხადოს შემდეგი: საქართველოს შეუძლია ნატოში გაწევრიანება მაპის გარეშე. ვარშავის სამიტი მნიშვნელოვანი სამიტია. საქართველო ერთ-ერთია იმ ასპირანტ ქვეყნებს შორის, რომლებიც გადაწყვეტილებებს ელიან. ვფიქრობ, ამიტომაა, რომ საქართველოს მთავრობა უფრო აგრესიულად მოითხოვს ალიანსისაგან საქართველოს წინსვლის აღიარებას. საუბარია მნიშვნელოვან წინსვლაზე პოლიტიკური და სამხედრო რეფორმების მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველომ ბევრი გააკეთა. მას მხოლოდ ნატოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები აბრკოლებს. ეს გადაწყვეტილებები კი, ნათელია, რომ მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის გარშემო არსებულ ვითარებას.

ამერიკის ხმა: ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რეფორმებს. თქვენი აზრით, დემოკრატიზაციის მიმართულებით რა რეფორმების გაღრმავებაა საჭირო?

ლარა ლინდერმანი: საქართველოს რეფორმების სტრატეგიაზე ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ქვეყანამ ბევრი უნდა იშრომოს, რაც შეიძლება, მეტ საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრაციისათვის. მეტი ინტეგრაცია მეტ სტაბილურობას ნიშნავს და რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ეკონომიკასაც უწყობს ხელს. კონკრეტულ რეფორმებს რაც შეეხება, ვაკვირდებით ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარებას. [დამოუკიდებელი ინსტიტუტები] წინააღმდეგობაშია ნებისმიერ იმ ტენდენციასთან, რომელიც ძალაუფლების მონოპოლოზაციის სურვილს შეიცავს. საბანკო სექტორი უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს. იგივე ითქმის მართლმსაჯულების რეფორმაზეც. მნიშვნელოვანია, ამ რეფორმებს ყურადღებით დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების როლი [ცალკეული კანონების] ხელახლა დაწერის საქმეში, რათა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია ძლიერი საჯარო მოხელეების ჩამოყალიბება, რათა ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, სამინისტროებში მუშაობენ, რომელიმე ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყვნენ კავშირში.

ამერიკის ხმა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ კონსტრუქტიულ პოლიტიკას აგრძელებს და რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი არაა მიმართული რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ. როგორ აფასებთ საქართველო-რუსეთის დღევანდელ ურთიერთობებს და რა გამოწვევებს ხედავთ?

ლარა ლინდერმანი: საქართველო რუსეთთან მიმართებით უკიდურესად რთულ ვითარებაშია. ვხედავთ, რომ რუსეთმა აგრესია განაახლა და სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარი გადმოსწია. ნათელია, რომ რუსეთს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია. რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც 2008 წლამდე მიჰყვებოდა. საქართველოს რუსეთის შეჩერება არ შეუძლია. დასავლეთი კი, რუსეთის ქმედების მკაცრად დაგმობის გარდა, საქართველოს ვერაფერს სთავაზობს. ამ ვითარებაში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები იგივეა და საერთო ჯამში, უარესდება კიდეც, რადგან არაფერი შეცვლილა. საქართველო რთულ ბრძოლაშია. ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, შეძლებისდაგვარად ფართოდ წარმოეჩინა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის სტრატეგიული მნიშვნელობა. საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს დერეფანი კი ენერგო და სხვა რესურსების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ნავთობისა და გაზის სადენებს, პორტებს, რკინიგზასა და საავტომობილო გზებს მოიცავს. დერეფანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ხაზს უსვამს გლობალური ვაჭრობისა და ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და იოლი [სავაჭრო] გზის მნიშვნელობას.

ამერიკის ხმა: საქართველოში საზღვრების გავლების პრობლემაზეც გკითხავთ. ფიქრობთ, თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კარგად იცნობს აღნიშნულ პრობლემას და თუ ფიქრობთ, რომ დიახ, სადაა გამოსავალი?

ლარა ლინდერმანი: ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის პრობლემა ნაცნობია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ გონივრული სამუშაო გასწია. მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან საერთაშორისო ფორუმებს და პრობლემას ხაზს უსვამენ. ამასვე აკეთებენ დასავლელ კოლეგებთან საუბრების დროსაც. ამგვარად, ვფიქრობ, დასავლეთმა ყველაფერი იცის. [მაგრამ] დღეს უკიდურესად რთული ვითარებაა. დასავლეთში ბევრი გაურკვევლობაა და ამ პროცესში ჩართვა არავის აინტერესებს. მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირის შენარჩუნება, მაგალითად, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ტრადიციულ პარტნიორებთან, რათა მათ გააგრძელონ ამ უდიდეს პრობლემაზე ფიქრი. ძალიან რთული საკითხია და არ მგონია, [თქვენ] კითხვაზე იოლი და სწრაფი პასუხები არსებობდეს.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რათა საქართველოს, ასე ვთქვათ, ნატოსთან დაკავშირებული ოცნების ახდენაში დაეხმაროს?

ლარა ლინდერმანი: როგორც ვთქვი, რთული საკითხია. გაისად საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება. შეერთებული შტატების მთავრობის ყურადღება სხვა გამოწვევებისკენაა მიმართული. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დამაჯერებლად ჩამოაყალიბოს, თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა იფიქროს შეერთებულმა შტატებმა მასზე. ამავე დროს, ვფიქრობ, საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, ვთქვათ, გერმანიასა და თურქეთთან საუბარს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოში. ვფიქრობ, საქართველო უნდა შეეცადოს, უფრო მჭდრო ორმხრივი სამხედრო კავშირის დამყარებას შეერთებულ შთატებთან, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს წევრობაში დაეხმარება.

ამერიკის ხმა: და ბოლო შეკითხვა. როგორ აფასებთ მინისტრ ხიდაშელის ვაშინგტონში ვიზიტს და რა ეტაპზეა დიალოგი საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ?

ლარა ლინდერმანი: ვფიქრობ, მისი ვიზიტი ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი იყო და მან ორი ქვეყნის ურთიერთობა წინ წაიყვანა. ვიზიტს დადებითად შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ შეერთებულ შთატებში საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მეტი ვიზიტი [ურთიერთობებს] უფრო მეტად წაადგება. ვთქვათ, შესანიშნავი იქნებოდა პრეზიდენტის ჩამოსვლა. ვიზიტები შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG