ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვენეტაძის „ეისი“: ლარი 20 თეთრით გამყარდა


საქართველოს ეროვნული ბანკში 44 წლის კობა გვენეტაძის, ჯერ საბჭოს წევრად, შემდეგ კი ახალ პრეზიდენტად დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ვალუტა მთელი 20 თეთრით გამყარდა. თუ ერთი თვის უკან 1 აშშ დოლარი 2,49 ლარი ღირდა, გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ, ახალი კურსი უკვე 2,29 ლარით განისაზღვრა.

ცალსახად იმაზე საუბარი - ეს იყო წარმატებული თუ წარუმატებელი მმართველობა არ მიმაჩნია სწორად. ვთლი, რომ იყო სირთულეებიც და გარკვეული წარმატებაც
ლევან კალანდაძე

ბოლო ხუთი დღის მანძილზე, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ორი ვაჭრობის შემდეგ, ჯამში 15 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. ამავე დროს, ქვეყნის მთავარი ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა, მაკროეკონომიკური პროგნოზებიდან გამომდინარე, უცვლელი დატოვა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც ისევ 8%-ს შეადგენს.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკში გიორგი ქადაგიძე შეცვალა, რომლის 7 წლიანი მოღვაწეობა პრეზიდენტის რანგში, თებერვლის ბოლოს ამოიწურა. გვენეტაძის დანიშვნას საბჭოში ჯერ პარლამენტმა დაუჭირა მხარი, შემდეგ, შვიდკაციანმა საბჭომ ერთხმად დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა გვენეტაძეს ეროვნული ბანკი 7 წლით ჩააბარა.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკში მარტივი მემკვიდრეობა არ რგებია:

„ვთვლი, რომ ეროვნულ ბანკს გიორგი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში ჰქონდა როგორც კარგი პერიოდი, ისე სუსტი, რთული პერიოდი. ქადაგიძის მმართველობის პერიოდში გაკეთდა ბევრი კარგი რამ, მაგრამ, დაშვებული იყო გარკვეული შეცდომებიც, იყო ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, ცალსახად იმაზე საუბარი - ეს იყო წარმატებული თუ წარუმატებელი მმართველობა არ მიმაჩნია სწორად. ვთლი, რომ იყო სირთულეებიც და გარკვეული წარმატებაც.“

კობა გვენეტაძისთვის ეროვნული ბანკი უცხო არ არის, მას 22 წლის უკან, 2 წლის მანძილზე(1994-96), მთავარ ბანკში მთავარი ეკონომისტის თანამდებობა ეჭირა. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც: 2000 წელს, იყო ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მოადგილე, ხოლო 2001 წელს, უკვე სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის მოადგილე.

კობა გვენეტაძის სამუშაო ბიოგრაფიის დიდ ნაწილს - საერთაშორისო სავალუტო ფონდში გატარებული პერიოდი მოიცავს. გვენეტაძემ ორი წელი იმუშავა სავალუტო ფონდის საქართველოს ოფისში(1996-98), შემდეგ ერთი წელი - ფონდის ევროპის დეპარტამენტში (1999) და ბოლოს 13 წელი (2002-2015), სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, უფროსი ეკონომისტის თანამდებობაზე. ხელმძღვანელობდა სავალუტო ფონდის მისიებს აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში.

საინტერესოა, რომ კობა გვენეტაძეს ეხებოდა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ინციდენტი მსოფლიო ბანკის ისტორიაში. 2012 წელს, ყირგიზეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს, როცა სიტყვით სწორედ გვენეტაძე გამოდიოდა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი ქვეყანაში, ბრიტანელი ალექს კრემერი მოულოდნელად წამოხტა, მაგიდაზე ცარიელი ჭიქა დაახეთქა და შეხვედრა გინებით დატოვა. (იხილეთ ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=UBPsqHAXiMM )

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ დღეს გვენეტაძე უფრო სავალუტო ფონდის კადრია, ვიდრე პრეზიდენტ მარგველაშვილის:

„ეს ადამიანი არის დანიშნული პრაქტიკულად სავალუტო ფონდის მხრიდან, მათი უშუალო შემოთავაზებით და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებში ვითარდებოდა.“

ჯერჯერობით, ეკონომიკის ექსპერტები არ ჩქარობენ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებას - კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ლარის გამყარების პროცესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო თვეებში, ლარის გაუფასურების როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ექსპერტთა ნაწილი, ლარის „ხელოვნურ გამყარებას“, ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტსა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობის „ახალ წესებზე“ შეთანხმებას უკავშირებს.

ჩაეთვლება თუ არა, ეროვნული ბანკის რიგით 11-ე პრეზიდენტს, ეს „ეისი“ აქტივში, ახლო მომავალში გამოჩნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტები (1920-2016)

იასონ ლორთქიფანიძე 1920-21

გია თოფურია 1991-92

ვაჟა ჯინჯიხაძე 1992

ნოდარ კაკულია 1992

დემურ დვალიშვილი 1992-93

ნოდარ ჯავახიშვილი 1993-98

ირაკლი მანაგაძე 1998-2005

რომან გოცირიაძე 2005-07

დავით ამაღლობელი 2007-09

გიორგი ქადაგიძე 2009-2016

კობა გვენეტაძე 2016-დან

XS
SM
MD
LG