ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში "ვაგნერის" წევრობისა და უკრაინაში ბრძოლის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს


ყირგიზეთში დააკავეს მეორე მოქალაქე, რომელიც კერძო დაქირავებული კომპანია "ვაგნერის" წევრი იყო. მას ბრალი ედება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაში. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლებას" დაკავებულის ნათესავები და სხვა წყაროები უდასტურებენ.

27 წლის მამაკაცი ნარინის რეგიონიდანაა, ყირგიზეთის ჩრდილოეთიდან. ის რუსეთში 2020 წელს გაემგზავრა. 2021 წელს კი რუსეთის პოლიციამ ის იარაღის გადატანის ბრალდებით დააკავა და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულის ცოლის ცნობით, ის ყირგიზეთში პირველ აგვისტოს, რუსეთიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ჩემი მეუღლე ყალბი ბალდებებით დააკავეს. ის ყოველთვის ჩიოდა იმაზე, რომ რუსეთის ციხეში ცუდი პირობები იყო და ის აიძულეს "ვაგნერის" რიგებში გაწევრიანებულიყო. ის უკრაინაში საბრძოლველად წავიდა, ივლისში კი კონტრაქტი ამოეწურა", - ამბობს დაკავებულის ცოლი.

"ვაგნერის" ჯგუფი, რომელიც რუსეთის მთავრობას უკავშირდება და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კრემლის ფინანსურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო ინტერესებს ატარებდა, ბოლო წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებში. რუსეთის თავდაცვის ძალების ლიდერებთან დაპირისპირების შემდეგ, "ვაგნერმა" ამბოხი სცადა და მოსკოვისკენ მიემართებოდა. თუმცა მოგვიანებით, მისმა ლიდერმა ევგენი პრიგიჟინმა და მებრძოლებმა პოზიციები დატოვეს. პრეზიდენტმა პუტინმა პრიგოჟინს ბელარუსში წასვლის უფლება მისცა. ამჟამად არსებული ცნობებით, "ვაგნერის" ათასობით მებრძოლი ბელარუსის ჯარს პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს წვრთნის. პოლონეთმა საზღვრის დაცვა გააძლიერა და მიმდებარე ტერიტორიაზე 2000-მდე სამხედროს მობილიზება დაიწყო.

მიგრანტები, რომლებიც რუსეთში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სამუშაოდ არიან ჩასული, უკვე არაერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში. მათ ომში ჩართვას ცდილობდნენ როგორც "ვაგნერის" მეშვეობით, ისე ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში. დაკავებული ყირგიზი მოქალაქის ნათესავები აპირებენ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და მისთვის შინაპატიმრობა მოითხოვონ. სასამართლო 28 აგვისტოსაა დანიშნული.

ყირგიზეთის მთავრობა მოუწოდებდა თავის მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა საზღვარგარეთ სამხედრო ქმედებებში, რადგან ეს ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება. დამნაშავედ ცნობილ მოქალაქეებს კი შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.

მაისში კიდევ ერთ ყირგიზეთის მოქალაქეს, უკრაინაში, ლუჰანსკის ოლქში პრო-რუსი სეპარატისტების რიგებში გაერთიანებისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდების თანახმად, 31 წლის მოქალაქე დაქირავებული მებრძოლი იყო.

XS
SM
MD
LG