ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი E-60 მაგისტრალს არ გადაკეტავს


ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი

ერთ-ერთი გზავნილი საქართველოს მთარობისადმია მიმართული და ამბობს, რომ საქართველო დასავლეთისგან საჭირო მხარდაჭერას არ იღებს და საქართველოს სხვა გზა არ აქვს, თუ არა რუსეთთან თანამშრომლობა, აცხადებს ვოლკერი.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ გამწვავებას საქართველოში გამართულ ნატოს სამხედრო წვრთნებს უკავშირებს. ის აცხადებს, რომ რუსეთისთვის ნატოს წვრთნები გამოწვევის ნიშანია და კრემლი ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორ თანაშრომლობს ნატო რეგიონის ქვეყნებთან, რუსეთი რეგიონში ფაქტობრივ დომინანტურ ძალად რჩება.

ამ მოქმედებებზე რეაგირება სამხედრო ძალით არ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით ახლოვადიანი მიზნების მისაღწევად. ამით რუსეთს მეტი საბაბი მიეცემა დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. ამის ნაცვლად, საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო აქტიურად უნდა ჩართოს კონფლიქტში​.
კურტ ვოლკერი

ყოფილი ელჩი ასევე აცხადებს, რომ ამ მიზნით, რუსეთი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალით მანიპულირებას ეცდება:

„ისევე როგორც მილსადენის, რუსეთს ამ გზატკეცილის გადაკეტვაც ადვილად შეუძლია თუ ეს მოინდომა. ანუ თუ მოუნდათ, ამას გააკეთებენ. თუმცა, არ მგონია მათ მილსადენი ან ე-60-ზე მოძრაობა გადაკეტონ დღეს ან ხვალ. მაგრამ ისინი ამით ყველას ანახებენ, რომ აქ არიან და ადვილად შეუძლიათ ამის გაკეთება. ამ ნაბიჯით ასევე ამბობენ, რომ სურთ საქართველოს მთავრობა დაემორჩილოს რუსეთის სურვილებს და ამავდროულად დასავლეთს აჩვენებენ, რომ ეს მათი გავლენის სფერო, მათი ტერიტორიაა.“

ვაშინგტონში ექსპერტები, მათ შორის, ვოლკერიც, თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესიისთვის თავის გასართმევად საქართველოს დასავლეთის აქტიური დახმარება სჭირდება. ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგია სწორად აქვს შერჩეული:

„ჩემი აზრით, საქართველოს სწორი სტრატეგიული მიზნები აქვს, თუმცა მათი განხორციელება ზიგზაგის ფორმით ხდება. ევროპასთან ასოცირება, ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება, გერმანიასთან და ამერიკასთან კარგი ურთიერთოებები, ასევე წარმატებული ეკონომიკა და გამჭვირვალობა საქართველოს გამძლეობას მატებს. ასევე დავამატებ, რომ ამ მოქმედებებზე რეაგირება სამხედრო ძალით არ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით ახლოვადიანი მიზნების მისაღწევად. ამით რუსეთს მეტი საბაბი მიეცემა დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. ამის ნაცვლად, საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო აქტიურად უნდა ჩართოს კონფლიქტში.“​

ვოლკერი ასევე ამბობს, რომ დასავლეთში ხშირად ცდილობენ გაიაზრონ რუსეთის განზრახვები და საკუთარი მოქმედებები შესაბამისად დაგეგმონ. მაგრამ მისი აზრით, ეს მცდარი მიდგომაა, რადგან რუსეთს ერთი სტრატეგიული მიზანი არ აქვს:

"არ მგონია რუსებს შეზღუდული მიზნები ჰქონდეთ და იმას ფიქრობდნენ, რომ ამ ტერიტორიას დაიპყრობენ და არა იმას, ამ მილსადენს ან ამ გზატკეცილს გაკდაკეტავენ და არა იმას. მათი სტრატეგია პოზიციის გამყარებაა. მათ სურთ სამეზობლოში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა რაღაცა სახით რუსეთს დაუკავშირონ, ამიტომაც აძლევენ მათ რუსეთის პასპორტებს და შემდეგ აცხადებენ, რომ მათ დაცვაზე პასუხისმგებელი არიან. მათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დომინანტური ძალის სტატუსის მოპოვება და გლობალური მასშტაბით ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენა სურთ. მას სურთ კავკასიის იზოლირება და მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება, რომ ამ ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის გადაკეტვა ნებისმიერ დროს შეუძლია.“

ვოლკერი ამბობს, რომ ყველაზე დიდი გზავნილი, რომელის გავრცელებაც რუსეთს სურს არის, ის, რომ საქართველოს დაანახოს რომ დასავლეთი თბილისს სათანადო მხარდაჭერას არ უწევს:

„ჩემი აზრით, რუსეთი ამ ნაბიჯით რამდენიმე მიზნის მიღწევას ერთდროულად აპირებს. ერთი უკრაინისგან ყურდღების სხვაგან გადატანაა, რადგან ისინი უკრაინაშიც ცვლიან საზღვრებს. ისინი დასავლეთს ეუბნებიან - ჩვენ აქ ვართ და თქვენ არა, ჩვენ იმას გავაკეთებთ რაც გვინდა. კედევ ერთი გზავნილი საქართველოს მთარობისადმია მიმართული და ამბობს, რომ საქართველო დასავლეთისგან საჭირო მხარდაჭერას არ იღებს და საქართველოს სხვა გზა არ აქვს, თუ არა რუსეთთან თანამშრომლობა.“

XS
SM
MD
LG