ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია უჩვეულო ბევრი მიზეზის გამოა. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი რესპუბლიკელი კანდიდატის მიერ რუსეთისადმი და მისი ლიდერისადმი გამოხატული უჩვეულო სიმპატიებია, რომელსაც გასულ კვირას პრეზიდენტი ობამაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ვარდების ბაღში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, ობამამ განაცხადა, რომ ის რესპუბლიკელები, რომლებიც რუსეთთან მის დიპლომატიურ ძალისხმევებს აკრიტიკებდნენ, ახლა დონალდ ტრამპს უჭერენ მხარს.

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა იზიარებენ თუ არა, რესპუბლიკელები პრეზიდენტის ამ კრიტიკას.

ფრიდომ ჰაუსის ყოფილი დირექტორის და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის დევიდ კრამერის თქმით. პრეზიდენტი ობამა ცდება, როცა ამბობს, რომ რესპუბლიკელები ახლა პუტინისკენ იხრებიან. „მე რესპუბლიკელი ვარ, მაგრამ პუტინისკენ არ ვიხრები,“ ამბობს ის:

„ტრამპი რესპუბლიკელი კანდიდატია, მაგრამ მე კითხვის ქვეშ ვაყენებ მის რესპუბლიკელობას. მისი პოზიციების უმეტესობა არ ემთხვევა იმას რაც წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის პოზიცია საგარეო პოლიტიკაზე. მისი განწყობები პუტინის მიმართ ცალსახად ეწინააღმდეგება ბევრი რესპუბლიკელის ხედვას. არიან რესპუბლიკელები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღება და ზოგიერთ საკითხზე რუსეთთან ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ეს უიმედო მიდგომაა."

კრამერის აზრიღ, უკუპროდუქტულია დროის და დიპლომატიური მცდელობის რუსეთთან მუშაობაზე ხარჯვა: "ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ ტრამპი რესპუბლიკელების ხედვებს წარმოადგენს. ცხადია რომ მას მოსახლეობის მნიშვნელოვანი უჭერს მხარს, თუმცა გამოკითხვებში ჰილარი კლინტონი ლიდერობს.“

კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, იმ რესპუბლიკელების უმეტესობა, ვინც რუსეთთან მის დიპლომატიურ მცდელობებს აპროტესტებდნენ, ახლა ტრამპს უჭერენ მხარს. ამ შეფასებას არ იზიარებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი, რომელიც ალიანსში ამერიკას რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ უმცროსის მმართველობის დროს წარმოადგენდა.

“იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, ასევე ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპს. ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო. შეიძლება ის ეხებოდეს რამდენიმე რესპუბლიკელს, მაგრამ რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით."

რაც შეეხება არჩევნების გავლენას რუსეთის სამეზობლოზე, ვოლკერი მიიჩნევს, რომ ამერიკა, "საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს."

მისი თქმით, შეერთებული შტატების სიძლიერე მის ინსტიტუტებში და ღირებულებებშია, შესაბამისად, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვეთრცვლილებას პრეზიდენტის შეცვლით არ უნდა ველოდეთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG