ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის პრეს-სპიკერი: "შეთანხმებიდან ორ თვეში პრიგოჟინი მოკლულია"


თეთრი სახლის პრეს-სპიკერი, კარინ ჟან-პიერი ამბობს, რომ კრემლს ოპონენტების მკვლლელობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. პრეს-სპიკერმა ეს პასუხი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გასცა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, სჯერა თუ არა ადმინისტრაციას, რომ ვლადიმირ პუტინი ამ კატასტროფის უკან დგას.

"საკმაოდ აშკარად ჩანს ის, რაც იქ მოხდა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, რუსეთში ბევრი არაფერი ხდეება ისეთი, რის უკანაც პუტინი არ დგას. და თუ ეს ისაა, როგორც გამოიყურება, ეს ნამდვილად არათუ არაპროგნოზირებადი არ იყო, არამედ მოსალოდნელიც კი იყო", - თქვა კარინ ჟან-პიერმა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ კრემლს "ოპონენტების მკვლელობის ხანგრძლივი ისტორია" აქვს.

"და თუ წარსულს გადავხედავთ, ეს ყველაფერი სწორედ რუსეთის შიგნით არსებული დისფუნქციურობის ბრალია, თავად რუსი სამხედრო ლიდერის, ცივსისხლიანი მკვლელის, რომელიც თავად იყო იმედგაცრუებული იმით, თუ როგორ აწარმოებდა რუსეთის მთავრობა არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და თავად აკრიტიკებდა რუსეთის წარუმატებელ პოლიტიკას", - ამბობს ჟან-პიერი პრიგოჟინზე საუბრისას და ივნისის ბოლოს მომხდარ ამბოხს იხსენებს. ხანმოკლე ამბოხის დროს, პრიგოჟინის ძალები მოსკოვისკენაც კი გაემართნენ, თუმცა მალევე ეს მარში შეწყვიტეს. ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი პირადი შუამავლობით, პრიგოჟინსა და მის გარემოცვას ბელარუსში წასვლის უფლება მისცეს.

"ახლა კი, ამ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ, ის მოკლულია. ასე რომ, ძლიან ნათელია, თუ რა მოხდა იქ", - ამბობს თეთრი სახლის პრეს-სპიკერი.

XS
SM
MD
LG