ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იძულებითი შინაპატიმრობა კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლისთვის


დათა ვანიშვილი, ხურვალეთი

დათა ვანიშვილი, ხურვალეთი

დათა ვანიშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც არც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამის მიუხედავად, ალბათ ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა და არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი, პრემიერი, ადამიანის უფლებათა დამცველები და ასე შემდეგ, თითქმის ყველა მაღალი რანგის მოხელე სტუმრობდა და იცნობს, ვინც კი საქართველოში ყოფილა. ვანიშვილის ამბავი ყველამ იცის, ყველა დიპლომატისა და საელჩოს ყურამდეა მისული, მაგრამ ასეთი ფართო და მრავალფეროვანი სანაცნობო წრეც კი უძლურია მისი პრობლემის მოგვარების საქმეში. დათა ვანიშვილი 80 წლის მოხუცია და სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართს მიღმა ცხოვრობს. ეკლიანი ღობე აქ რუსმა მესაზღვრეებმა 2012 წელს გაავლეს.

დათა ვანიშვილმა უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და მავთულხლართებს მიღმა დარჩა მეუღლესთან ერთად. ჩვენთან ამბობს, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც ციხეში: „პატიმარივით ვარ, ერთი ეგაა, რომ მოსჯილი არ მაქვს“,– ამბობს ვანიშვილი. მისი გადაადგილების უფლების დარღვევის შესახებ რუსი ოკუპანტები არ ღელავენ. დათა ვანიშვილს საქართველოს კონტროლირებადი ნაწილისგან ეკლიანი მავთული აშორებს. ცხინვალის მხარესაც ვერ მიდის პროდუქტის თუ სხვა საჭირო ნივთების საყიდლად, რადგან ქართული პასპორტი აქვს, რომლის დათმობაზ უარს ამბობს. 80 წელი საქართველოში ვცხოვრობდი და ახლა როგორ ვარ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მაშინ, როცა ჩემი სახლი არ გადამიადგილებიაო – ამ კითხვას ვანიშვილი ყველა მისულ სტუმარს უსვამს, მაგრამ პასუხს მასზე მაინც ვერ მიაგნო. პურის და საკვების საყიდლად მეზობლები ეხმარებიან. ღობის მიღმა ფულს გადასცემს, ისინიც უყიდიან და მიუტანენ. „მეზობლები მოვლენ, გადავაწვდი ფულს და მომიტანენ მაღაზიიდან პურს და სხვა რამეებს“. – ამბობს იგი. ასე გრძელდება ცხოვრება მისთვის უკვე მეოთხე წელია. წუხს, რომ მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე აქვს ვერ ამუშავებს, ჰექტარი და 200 მეასედი დაუმუშავებელი რჩება. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. პენსიის ასაღებად საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა მაინც უწევს. ამისთვის მავთულხლართის ქვემოთ უნდა გაძვრეს ისე, რომ რუსებმა არ დაინახონ და ასევე ჩუმად დაბრუნდეს უკან. პენსიის ასაღებად წასული ერთხელ უკვე დააკავეს, 2014 წელს და ცხინვალის ციხეში წაიყვანეს, ჯარიმა გადაახდევინეს. სახლის დატოვებას მაინც არ აპირებს. 80 წელი ვაშენებდი და ახლა რომ აქედან წავიდე, რუსები ჩემს სახლს სახურავს ახდიანო. ასე რჩება დათა ვანიშვილი ფაქტობრივ შინაპატიმრობაში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის წელს საომარი მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ სარჩელის თაობაზე ჯერ არაფერს ამბობს. თამარ აბაზაძე, საიას იურისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საქართველო–რუსეთის საქმეზე მხოლოდ 2006 წლის დეპორტირებულების შესახებაა დაძრული: „ევროპულმა სასამართლომ სახელმწფოთაშორის სარჩელიდან საქართველო–რუსეთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ დეპორტირებულების საქმეზე. ამ ეტაპზე დარჩენილია ერთადერთი: კომპენსაციის თაობაზე მოგვარება და ეს პროცესი გრძელდება. საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, სხდომები ევროპულ სასამართლოში ვიცი, რომ მიმდინარეობს. ამჯერად ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოსკომპენსაციის ნაწილი, ანუ რა ოდენობის კომპენსაცია იქნება და დაეკისრება თუ არა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ ფულადი თანხა.მე მივმართე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით იუსტიციის სამინისტროს და მოვიკითხე, მიმდინარეობს თუ არა სხდომები და რა არის ქართული მხარის პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ მიმიღია“.

კონფლიქტის ზონაში ადამიანთა უკანონო დაკავების შემთხვევები გრძელდება. გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ნაკვეთის მორწყვისთვის წასული ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსი მესაზღვრეები ადამიანებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ. ერთი კვირის წინ ანალოგიური შემთხვევის დროს საქართველოს მოქალაქეს, მურად თაყაძეს რომელმაც დაკავებისას წინააღმდეგობა სცადა, რუსმა მესაზღვრეებმა სცემეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG