ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროტური


ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ევროპულ ტურნეს აორგანიზებს. რეპეტიციები გორში თითქმის მთელი წელია მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდულობით ქეთი საქართველოს ამ პატარა ქალაქს სტუმრობს, გუნდთან ერთად მღერის და იქმნება ერთობლივი ჩანაწერები.

ოქტომერ–ნოემბერ–დეკებმერში კი გუნდი 30–მდე კონცერტს ქეთი მელუასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში გამართავს. „ეს სრული ექსპერიმენტია. მე სხვა ჟანრში ვმღერი, გუნდის რეპერტუარი აბსოლუტურად განსხვავებულია, არადა ერთგვარ მიქსს ვაკეთებთ“– ამბობს ჩვენთან საუბრისას ქეთი მელუა, რომელიც გორში, რეპეტიციის დასრულების შემდგომ ჩავწერეთ.

მელუას მუსიკალურ ექსპერიმენტს ვრცელი წერილი გარდიანმაც დაუთმო, რომელიც ამბობს, რომ ის მეორე ყველაზე ცნობილი ქართველია მსოფლიოში. პირველობას ცნობადობის თვალსაზრისით, ბრიტანული გამოცემა სტალინს ანიჭებს. პუბლიკაციაში მელუა ამბობს, რომ მისი ბაბუა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო და ის ციმბირში გადაასახლეს.

"დავესწარი რეპეტიციებს და დავრწმუნდი, რომ მართლა ძალიან უნიკალური და ძალიან ძლიერი გუნდია"
ქეთი მელუა

მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სანდო მედია საშუალება ცნობილი მომღერლის შესახებ სტატიის სათაურში სტალინს მოიხსენიებს. მისმა ავტორმა მელუა გორში ჩაწერა და ემოციურად აღწერს სავალაო მდგომარეობაში მყოფ ეგრეთ წოდებულ კულტურის სასახლეს, სადაც იმ დროისთვის რეპეტიციები მიმდინარეობდა, ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთთან ომია ამის მიზეზი და დასძენს: „თბილისი გორიდან ერთი საათის სავალზეა, მაგრამ ის მაინც მილიონი მილითაა დაშორებული პოსტსოვიეტური სტალინის სამშობლოსგან“.

ქეთი მელუა წლის ბოლოსთვის ახალ ალბომს გამოუშვებს, სადაც გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შექმნილი ნამუშევრებიც შევა. მანამდე კი მას ევროტურისთვის გუნდის კოსტუმების საკითხი აქვს მოსაგვარებელი. ის ყველა დეტალს ზედმიწევნით ყურადღებით ეკიდება. „გუნდისგან და თეონასგან უამრავი რამ ვისწავლე“, ამბობს ჩვენთან საუბრისას მომღერალი.

“თავიდან, უბრალოდ მათი გუნდის 2007 წლის ჩანაწერი მოვისმინე spotify–ზე. მაშინ ერთ პროექტზე ვმუშაობდი, რომელიც არ გამოვიდა. იმ პერიოდში ვეძებდი მუსიკოსებს და გუნდებს საქართველოდან. აი, ასე, უბრალოდ, ლონდონში ვიყავი და მოვისმინე გორის ქალთა გუნდის ჩანაწერი, რომელიც ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუსიკა დისკზე აბსოლუტურად განსხვავებული იყო ჩემი მუსიკისგან, ძალიან დამაინტერესდა და 2014 წელს, სექტემბერში შევხვდი თეონა ცირამუას, დავესწარი რეპეტიციებს და დავრწმუნდი, რომ მართლა ძალიან უნიკალური და ძალიან ძლიერი გუნდია."

შემდგომ დაიწყო საუბრები ერთობლივ პროექტზე. "ახლანდელი ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე უკვე სხვანაირია, რადგან მთელს ამ პროცესში სამი–ოთხი ძალიან ტექნიკური და ძლიერი რეპეტიცია გავიარეთ, ვნახე როგორ მუშაობს გუნდი და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. იმდენი რამ ვისწავლე, ისე წინ წამიყვანა ამ გუნდმა, როგორც მუსიკოსი, რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ესაა მხოლოდ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ეს გუნდი და კიდევ სხვა მიზეზების შესახებ, რამდენიმე საათი უნდა მალაპარაკო, რომ ყველაფერი კარგად ავხსნა."

ქეთი გვეუუბნება, რომ მთავარი არის მუსიკა, რომელსაც ისინი ერთად ქმნიან: "ესაა ყველაზე მთავარი, ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ მივდივართ წინ და არ ვჩერდებით ერთ ადგილას. არ ვფიქრობ, რომ მე უნდა ვიყო ყურადღების ცენტრში, ან თეონა, ან გუნდის რომელიმე წევრი. ჩვენ ვმუშაობთ ერთი მიზეზით და ეს მიზეზია მუსიკა. მე როგორც მესმის და როგორც წარმომიდგენია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ერთობლივად, ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა, ქართული უნიკალური კულტურა ამ პროექტში მძლავრად ისმის“,– გვითხრა ქეთი მელუამ.

"კონცერტს, რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ რეპეტიცია უფრო დამატყვევებელი"
თეონა ცირამუა

გორის ქალთა კამერულ გუნდს, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა ამჟამად თეონა ცირამუა ხელმძღვანელობს. ის საოცრად არტისტულია სცენაზე და მაყურებლისთვის მუდამ მზად აქვს ჟანრობრივად იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად ზედმიწევნითი პროფესიონალიზმით აწყობილი რეპერტუარი, რომ დარბაზი სრული შოკის ეფექტს იღებს და მეოთხე განზომილებაში ინაცვლებს, სადაც თეონა მსმენელის სრულუფლებიანი მასპინძელია.

„მუსიკა მაძლევს ძალას. თუ ძალიან არ მომეწონა ნაწარმოები, ისე ხელს ვერ მოვკიდებ. ამიტომ ბუნებრივად მიწევს შევეხო მხოლოდ ისეთ მუსიკას, რაც ძალიან მომწონს, თანაც მუსიკა ჩემთვის ყველაფერია ამქვეყნად, ჩემს სიცოცხლეში პირველია. როდესაც ბგერას დავსვამ, რომელიც ის არის, რაც უნდა იყოს, საერთოდ ვკარგავ გარე სამყაროს შეგრძნებას და სადღაც სხვაგან ვხვდები," ამბობს თეონა.

ის ასევე გვიყვება, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო რეპეტიციებია: "კონცერტს, რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ რეპეტიცია უფრო დამატყვევებელია. ეძებ, ეძებ და როდესაც მიაგნებ, რაღაც მომენტში მაინც გრძნობ, როგორ მოდის საოცარი ენერგია. შეიძლება, მთელი დღე, ექვსი საათი მიმდინარეობდეს რეპეტიცია და სადღაც ათი წუთით დაიჭირო ასეთი მომენტი, მაგრამ ეს ისეთ ბედნიერებას და სიხარულს განიჭებს, მთელი დღე რომ სავსე იყო, გეყოფა.“

გორის ქალთა გუნდში ყველას დიდი სურვილი აქვს, მათი ქვეყნისა და ქალაქის სახელის გაგონებისას ევროპელი მსმენელი სტალინსა და საბჭოთა წარსულზე ასოციაციებს თუ მშვენიერი სიმღერის ასოციაციით ჩაანაცვლებს. ის, ვინც მათ ჯადოსნურ მუსიკას ცოცხლად მოისმენს, ამას ნამდვილად შეძლებს.

XS
SM
MD
LG